საყვარელი ფერი ხასიათზე მიანიშნებს
ადამიანის ხასიათის შტრიხების განსაზღვრა იმითაც არის შესაძლებელი, თუ რომელ ფერს ანიჭებს იგი უპირატესობას.
თეთრი – ეს ყველა ფერის სინთეზია, ამიტომაც არის თეთრი იდეალური ფერი, „ოცნების ფერი“. თეთრში ჩადებულია მრავალმნიშვნელოვანი აზრი, ვინაიდან ის ერთდროულად სინათლის ელვარებასაც გამოსცემს და ყინულის სიცივესაც. თეთრი ფერი შეიძლება ნებისმიერი ხასიათის ადამიანს უყვარდეს, ის ყველას იზიდავს.
შავი თეთრ ფერს უპირისპირდება. ეს დაურწმუნებლობის ფერია და სიცოცხლის პირქუში აღქმის სიმბოლოს წარმოადგენს. შავი მაქსიმალიზმის, კრიტიკის, სამსჯავროს ფერია. ის, ვისაც შავი ტანსაცმელი უყვარს (სამგლოვიარო ძაძების გამოკლებით – ეს განსაკუთრებული შემთხვევაა), ხშირად ცხოვრებას მუქ ფერებში აღიქვამს, არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, მიდრეკილება აქვს დეპრესიისკენ, ვინაიდან ეჭვი არ ეპარება, რომ ცხოვრებაში იდეალები მიუღწეველია. შავი ფერის ტანსაცმლის ხშირი შეცვლა უფრო კაშკაშა ფერებით იმის მაჩვენებელია, რომ პესიმისტური განწყობილება გადის.
ნაცრისფერი გონიერი და უნდო ბუნების ადამიანების საყვარელი ფერია. ასეთები, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, დიდხანს ფიქრობენ. ეს ნეიტრალური ფერი იმათაც უყვართ, ვისაც თავის მეტისმეტად გამოჩენის ეშინია. თუ ადამიანს ნაცრისფერი არ უყვარს, ეს მის იმპულსურ, მჩატე ხასიათზე მიანიშნებს.
წითელი ვნებათა ფერია. ამ ფერის მოყვარული ადამიანი გაბედული, ნებისყოფიანი, ფიცხი და, ამასთან, ალტრუისტიც არის. იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულყოფილების კომპლექსი, აურზაურის, ჩხუბის შიში აწუხებთ. ისინი განმარტოებისკენ, ურთიერთობაში სტაბილურობისკენ ილტვიან.
ნარინჯისფერი – რთული ფერია, წითლისა და ყვითლის ნარევი. ინტუიციის მქონე ადამიანების, მეოცნებეების ფერია. ფსიქოლოგიაში მიღებულია, როგორც შემოქმედებითი საწყისის და ენთუზიაზმის ფერი. აგრეთვე, ითვლება, რომ ნარინჯისფერი გამოხატავს პიროვნების სიმწიფეს, მის შინაგან ძალას და სიმტკიცეს, განვითარებისკენ სწრაფვას.
ყავისფერი და ყველა მისი ნიუანსი (მათ შორის, მიწისფერი) იმათი საყვარელი ფერია, ვინც მტკიცედ დგას ფეხზე. ასეთი ადამიანები აფასებენ ტრადიციებს, ოჯახს. თუ ადამიანს ეს ფერი არ სიამოვნებს, დარწმუნებული იყავით, რომ იგი ეგოისტი, ნარცისი და გულჩათხრობილია.
ყვითელი ფერი სიმშვიდის, ურთიერთობაში თავისუფლების, ელეგანტურობის სიმბოლოა. ამ ფერის სიყვარული გულგახსნილობაზე, ცნობისმოყვარეობაზე, გაბედულებაზე, შემგუებლობაზე მეტყველებს.
სალათისფერი მიზანთროპების და ცინიკოსების ფერია. ის მხოლოდ მბრძანებლობის მოყვარულ ადამიანებს მოსწონთ, რომლებიც ცდილობენ სხვებს მოახვიონ საკუთარი ნება, თვითონ კი მოქმედებისა ეშინიათ, არ უნდათ, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ვარდისფერი სიცოცხლის, ყოველივე ცოცხალის ფერია და სიყვარულისა და სიკეთის აუცილებლობაზე მეტყველებს. იმათ, ვისაც ეს ფერი უყვარს, შეუძლიათ სულ უმნიშვნელო საბაბით აღელდნენ. პრაგმატულ ადამიანებს ეს ფერი აღიზიანებთ.
იისფერი ძალზე დიდ ემოციურობაზე, მგრძნობელობაზე, მაღალ სულიერებასა და დელიკატურობაზე მეტყველებს. არ უყვართ ეს ფერი განვითარებული მოვალეობის გრძნობის გამო, მხოლოდ აწმყოთი მცხოვრებ ადამიანებს. იისფერი ჰარმონიულად განვითარებული ადამიანების საყვარელი ფერია.
ლურჯი – მას ადამიანის სულიერ ამაღლებულობსა და სიწმინდეს უკავშირებენ. ლურჯი ფერის სიყვარული ადამიანის მოკრძალებულობისა და მელანქოლიის მიმანიშნებელია: ასეთმა ადამიანმა ხშირად უნდა დაისვენოს. იგი ჩქარა და ადვილად იღლება. მას ძალიან სჭირდება თვითდაჯერებულობა, ირგვლივ მყოფთა კეთილმოსურნეობა. ხოლო ის, ვისაც ეს ფერი არ უყვარს, იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ქვეყნად ყველაფერი შეუძლიათ. სინამდვილეში კი ასეთები დაურწმუნებლობისა და გულჩათხრობილობის ნიმუშს წარმოადგენენ. ლურჯი ფერისადმი გულგრილობა გრძნობათა სფეროში გარკვეული თავქარიანობის მანიშნებელია.
მწვანე ბუნების, თვით სიცოცხლის, გაზაფხულის ფერია. მას, ვისაც ეს ფერი ურჩევნია, სხვისი ზეგავლენის ეშინია. ასეთი ადამიანი თვითდამკვიდრების საშუალების ძიებაშია. ხოლო ვისაც ეს ფერი არ უყვარს, მას ცხოვრებისეული პრობლემების, ბედის უკუღმართობისა და, საერთოდ, სიძნელეების შიში აქვს.
თამთა გურული
კომენტარები