იტალიასაზოგადოება

იტალიის ხელისუფლება თვითდასაქმებულთა დახმარების თანხის მეორე ჩარიცხვას იწყებს

კორონავირუსის ახალი სტატისტიკა და ნიღაბი, როგორც ზაფხულის სეზონის „მოდური აქსესუარი“

ოთხშაბათ საღამოს, 20 მაისის მონაცემებით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გასულ 24 საათში 665-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა მთლიანი  რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, ამ დროისთვის 227 364-ს შეადგენს. აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 2377-ით შემცირდა, 62 752-მდე. ეს მაჩვენებელი უკვე თითქმის 3 კვირაა, იკლებს.

გასულ ერთ დღეში, სამწუხაროდ, 161 ადამიანი კიდევ გარდაიცვალა და კორონავირუსის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 32 330-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულია 132 282 პაციენტი, 2881-ით მეტი, ვიდრე გუშინ.

ამ დროისთვის იტალიაში 676 მძიმე პაციენტია, რაც 40-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით. ასეთი მონაცემები გამოაცხადა დღეს საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა.

იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ატარონ  ნიღბები, როგორც სეზონის მოდური აქსესუარი.

იტალიის რეგიონის, ლაციოს (რომი) მცხოვრებლებს შეუძლიათ წავიდნენ სასეირნოდ, თუმცა აუცილებლად ნიღბებით, განაცხადა რეგიონის პრეზიდენტმა, დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლა ძინგარეტიმ.

2020 წლის ზაფხულში სამედიცინო ნიღაბი „სეზონის მოდური აქსესუარი“ უნდა გახდეს, მისი ტარება ისეთივე ჩვეულებრივი უნდა იყოს, როგორც საათის ან სამაჯურის, – დასძინა ძინგარეტიმ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა (მარტში), სწორედ ძინგარეტი იყო. ამის შესახებ მან სოციალური ქსელით ამცნო მოქალაქეებს. ნიკოლა ძინგარეტიმ კორონავირუსული ინფექცია სერიოზული გართულებების გარეშე გადაიტანა.

თუ იტალიის რეგიონების – ვენეტოსა (ვენეცია) და ლომბარდიის (მილანი) მცხოვრებლები არ დაიშლიან ჯგუფურ ურთიერთობებს და გააგრძელებენ დიდ კომპანიებად შეკრებას ქუჩებსა და ბარებში, გაუქმებული შეზღუდვები ისევ აღდგება, – ასეთი გაფრთხილება გააკეთეს დღეს, 20 მაისს ამ რეგიონების გუბერნატორებმა – ლუკა ძაიამ და ატილიო ფონტანამ.

მანამდე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა არაერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრა და სეირნობა რეგიონების სხვადასხვა ქალაქში 18 მაისიდან ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ. მკაცრი იზოლაციის რეჟიმი ვენეტოსა და ლომბარდიაში თითქმის 2 თვის განმავლობაში მოქმედებდა.

ვია რომას თაღოვანი გასასვლელი, ტურინი (პიემონტი), 19 მაისი, 2020; ANSA

დღეს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა რობერტო გუალტიერიმ განაცხადა, რომ უახლოეს 2-3 დღეში თვითდასაქმებული მოქალაქეები მეორე ჯერზე მიიღებენ დახმარებას 600 ევროს ოდენობით. ამ დახმარების ბენეფიციარი 4 მილიონი ადამიანია.

აგრეთვე, ხელისუფლება იწყებს მშობლებისთვის თანხის გადახდას ძიძებისა და საზაფხულო ბანაკებში ბავშვების ყოფნის ხარჯების კომპენსირების მიზნით. დახმარების მაქსიმალური თანხა 1200 ევროა.

ევროკომისიამ ნება დართო წევრ ქვეყნებს, 2020 წელს არ დაიცვან დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს არ უნდა გადააჭარბოს – ასეთი რეკომენდაციით ევროკომისია 20 მაისს გამოვიდა. ამგვარად აპირებს ევროკავშირის ხელისუფლება დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს პანდემიისა და კრიზისის შედეგებთან გასამკლავებლად.

იტალიის მაისის დეკრეტი, ე. წ. „დეკრეტო რილანჩიო“ (Decreto Rilancio; ტექსტი 19 მაისს გამოქვეყნდა ოფიციალურ გაზეთში), რომლის მთლიანი მოცულობა 55 მლრდ ევროა, როგორც ცნობილია, არ გულისხმობს ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდას, არამედ იტალიის მთავრობა სხვადასხვა პუნქტის ხარჯების შემცირებისა და გადანაწილების შედეგად აპირებს საჭირო სახსრების გამონახვას კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად და ბიზნესის და მოქალაქეების დასახმარებლად.

იტალიის ყველა აეროპორტი 3 ივნისს მუშაობას განაახლებს, განაცხადა ოთხშაბათს, 20 მაისს ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა პაოლა დე მიკელიმ. ამავე დღიდან განახლდება მიმოსვლა ქვეყნის რეგიონებს შორის (იმ რეგიონების გამოკლებით, სადაც ამ დროისთვის ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მაღალი იქნება), აგრეთვე, ისევ გაიხსნება ქვეყნის საზღვრები – ჯერჯერობით მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

როგორც ცნობილია, 19 მაისს ესპანეთმა იტალიასთან პირდაპირი რეისების განხორციელებაზე აკრძალვა მოხსნა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები 11 მარტს მას შემდეგ შეწყდა, რაც კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიაში კარანტინი გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოგზაურები ვალდებულები იქნებიან, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ესპანეთში ჩასვლის შემდეგ ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close