მედიცინაფსიქოლოგია

თუ საშიშ სიზმრებს ხშირად ხედავ – შესაძლოა ტვინი შენს დახმარებას ცდილობს

ძილი მხოლოდ დასვენება არ არის – ამ დროს ჩვენი ტვინი აქტიურად მუშაობს და დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას ახლებურად ამუშავებს. სწორედ ამიტომ სიზმრები ხშირად სავსეა ძლიერი ემოციებით, სიხარულიდან და აღფრთოვანებიდან დაწყებული- შფოთვით დამთავრებული. თუმცა ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ეს პროცესები შემთხვევითი სულაც არ არის და მათ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.

გამოცემა Earth-ის ინფორმაციით, მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ ქმნის ტვინი სიზმრებს ასეთი ინტენსიური ემოციური სცენარებით. ამაზე პასუხი ნაწილობრივ გასცა ექსპერიმენტმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარეტ ბაბერი კანზასის უნივერსიტეტიდან.

კვლევამ აჩვენა, რომ სიზმარში განცდილი ემოციები პირდაპირ აისახება დილის განწყობაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სიზმრებში შიშის გაძლიერება ხშირად უკავშირდება გაღვიძების შემდეგ მდგომარეობის გაუარესებას.

თუმცა სურათი ერთმნიშვნელოვანი არ არის. ადამიანები, რომლებიც ემოციებთან გამკლავების ჯანსაღ მეთოდებს იყენებენ – მაგალითად, მათ გაცნობიერებასა და მიღებას და არა დათრგუნვას – უფრო ხშირად ხედავენ შფოთვით სიზმრებს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ერთგვარი „უსაფრთხო რეპეტიციაა“: ტვინი სტრესულ სცენარებს ამუშავებს რეალური საფრთხის გარეშე და ყოველდღიური გამოწვევებისთვის გვამზადებს. მათივე თქმით, ცუდი სიზმრები შესაძლოა ემოციური მდგრადობის გაძლიერებას უწყობდეს ხელს და სტრესთან გამკლავებაში გვეხმარებოდეს.

მნიშვნელოვანი დეტალი: კვლევის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ თუ ერთ სიზმარში ერთდროულად განიცდიდნენ შიშსაც და დადებითი ემოციებსაც, დილით ნაკლებად ჰქონდათ დაქვეითებული განწყობა. ეს მიუთითებს, რომ ემოციური მრავალფეროვნება სიზმარში გარკვეულწილად „ამსუბუქებს“ ნეგატიურ ეფექტს.

ექსპერტები ხაზს უსვამენ განსხვავებას ჩვეულებრივ არასასიამოვნო სიზმრებსა და კოშმარებს შორის. კოშმარების დროს, როგორც წესი, ადამიანი მოულოდნელად იღვიძებს და ხშირად ეს დაკავშირებულია ფსიქიკურ დარღვევებთან, მაშინ როცა ჩვეულებრივი „ცუდი სიზმრები“ შეიძლება ტვინის ბუნებრივი მექანიზმის ნაწილი იყოს – გამოცდილების დამუშავებისა და ემოციური რეგულირებისთვის.

მკვლევრები ასევე მიუთითებენ, რომ ცუდი სიზმრები შესაძლოა ემოციური მდგრადობის გაძლიერებას უწყობდეს ხელს და სტრესთან გამკლავებაში გვეხმარებოდეს.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ღამის სიზმრები მხოლოდ წარმოსახვითი ამბები არ არის – ისინი შესაძლოა განსაზღვრავდეს, რამდენად ეფექტურად ვუმკლავდებით ემოციურ დატვირთვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: როდის ხდება სიზმრები და უნდა დავუჯეროთ თუ არა მათ?

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close