ვიდეოსაქართველოსპორტი

პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ქალი პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონიც გახდა (ვიდეო)

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებს 5 მედალი აქვს: 3 ოქრო და 2 ვერცხლი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ტურნირის მეორე დღეს, 17 აპრილს ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.

შეხვედრის დასაწყისში ქართველ ძიუდოისტს მეტოქემ ერთქულიანი გდება მოუგო და ლიპარტელიანი ბოლო წამებში 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ქართველმა სპორტსმენმა შეძლო მეტოქის დამარცხება ეფექტური იპონით და კიდევ ერთხელ მოიპოვა ისტორიული გამარჯვება – ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.

იმავე დღეს წარმატება მოიპოვა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

ფინალური შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. 10-წუთიანი დაპირისპირების მიუხედავად ქულის აღება ვერცერთმა მოახერხა, თუმცა ლაშას მეტოქე მსაჯმა სამჯერ გააფრთხილა და ოქროს მედალი შავდათუაშვილს ხვდა წილად.

ამრიგად, ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია.

წარმატებით გააგრძელეს ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის მესამე დღესაც, 18 აპრილს – ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს დელეგაციას მეოთხე მედალი შესძინა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.

ეს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ტატო გრიგალაშვილისთვის მეექვსეა: იგი 2020, 2022 და 2024 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედლებს დაეუფლა, ხოლო 2023 და 2025 წლებში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ლუკა მაისურაძემ (90 კგ) დღეს, 18 აპრილს ასევე ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალურ შეხვედრაში მან მსოფლიო ჩემპიონი, სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა.

წლევანდელი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატებზე ლუკა მაისურაძისთვის მეოთხეა. პირველად იგი ჩემპიონი 2022 წელს გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

პირველი მედალი (ვერცხლი) საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს, 16 აპრილს გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მოუტანა, ასე რომ, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია – სამი ოქრო და ორი ვერცხლი.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი გახდა ჩემპიონი – საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე (60 კგ). სწორედ მასთან დამარცხდა პირველ დღეს ფინალში გიორგი სარდალაშვილი მტკივნეული ილეთით.

ხვალ, 19 აპრილს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 3 ქართველი ძიუდოისტი შეეცდება კვარცხლბეკზე ასვლას: ილია სულამანიძე (-100 კგ ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78)

საქართველო ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს წელს მეორედ მასპინძლობს. პირველად პრესტიჟულ ევროტურნირს თბილისის სპორტის სასახლემ 2009 წელს უმასპინძლა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა – ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

წლევანდელ შეჯიბრებაში 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ვაჟთა შორის: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), მიხეილ ბახბახიშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალთა შორის: თამარ გიგოლაევი (-48 კგ), ჯულიეტა როდონაია (-48 კგ), ნინო თათრიშვილი (-52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ნინო ლოლაძე (-57 კგ), ნინო წიკლაური (-63 კგ), ნინო გულბანი (-70 კგ), მარიამ ჭანტურია (-70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ნუცა ყაველაშვილი

პირველად ისტორიაში: ქართველი ძიუდოისტი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა! – ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფი (ვიდეო)

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close