ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

სკანდალი აია სოფიაში – ორი ბერძენი დააკავეს ბიზანტიური დროშის გამო (ვიდეო)

აია სოფია კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – ამჯერად ინციდენტის გამო, რომელმაც რელიგიური და პოლიტიკური დაძაბულობის თემები კიდევ ერთხელ წამოსწია.

სტამბოლში, ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ ისტორიულ ძეგლში, ორი უცხოელი ტურისტი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ ტაძრის შიგნით ბიზანტიური სიმბოლიკის მქონე დროშა გაშალეს და ლოზუნგებს ყვიროდნენ.

ინციდენტი დიდ ხუთშაბათს, 9 აპრილს მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ტურისტები ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად შევიდნენ აია სოფიაში, გაიარეს სტანდარტული უსაფრთხოების კონტროლი და ვიზიტორებისთვის განკუთვნილ ღია გალერეაზე ავიდნენ.

ზედა იარუსზე ერთ-ერთმა მათგანმა წინასწარ დამალული დროშა ამოიღო ბიზანტიური სიმბოლიკით – ორთავიანი არწივის გამოსახულებით და წარწერით: „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.

მოწმეების თქმით, ისინი დროშით ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ; ერთმანეთს გადასცემდნენ დროშას; ხმამაღლა იძახდნენ ლოზუნგებს ტაძრის შიგნით.

უსაფრთხოების სამსახურმა ინციდენტი სათვალთვალო კამერებით სწრაფად დააფიქსირა და ტურისტები ადგილზე დააკავა.

დაკავებულები აღმოჩნდნენ: საბერძნეთის მოქალაქე ქალი და მამაკაცი, რომელსაც საბერძნეთისა და ავსტრალიის მოქალაქეობა აქვს.

ისინი სტამბოლის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ბრალი წაუყენეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პროვოკაციული ქმედებებისთვის.

რატომ არის აია სოფია განსაკუთრებით სენსიტიური ძეგლი

აია სოფია საუკუნეების განმავლობაში იყო არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრი, არამედ რელიგიური და პოლიტიკური სიმბოლო.

ცნობისათვის:

აია სოფიას (Hagia Sophia, წმინდა სოფია) მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებენ. ბიზანტიური ხუროთმოძღვრების „ოქროს ხანის“ სიმბოლო 1985 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ათას წელზე მეტხანს, რომის წმ. პეტრეს ტაძრის აგებამდე, აია სოფია ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი იყო (სიმაღლე – 55,6, გუმბათის დიამეტრი – 31 მ).

პირველი ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ამ ადგილას 324-337 წლებში ააგო.

532 წელს, სხვადასხვა დროს მომხდარი სამი ხანძრის შემდეგ, იმპერატორმა იუსტინიანე პირველმა ახალი ტაძრის აშენება ბრძანა, რომელიც ქრისტიანული იმპერიის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო.

ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს საზეიმოდ აკურთხეს. აია სოფია დაახლოებით 900 წლის მანძილზე მართლმადიდებლური ეკლესია იყო (იმ მცირე დროის გამოკლებით, როდესაც ჯვაროსნებმა ის კათოლიკურ კათედრალად გადააქციეს), სანამ 1453 წელს ოტომანი თურქები სტამბოლს დაიპყრობდნენ.

1453 წლის 28 მაისის ღამეს წმინდა სოფიას ტაძარში ბოლო ქრისტიანული მსახურება გაიმართა. მეორე დღეს კონსტანტინოპოლი დაეცა. აია სოფია გაძარცვეს. 30 მაისს იქ მეჰმედ II ფათიჰმა (დამპყრობელი) შეაბიჯა. მისი ბრძანებით ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს. მალე მას ოთხი მინარეთი მიაშენეს, XVI საუკუნეში კი უხეში კონტრფორსები მიადგეს.

1847 წელს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით, 1935 წელს აია სოფია მუზეუმად იქცა.

2020 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ძეგლის სტატუსი კვლავ შეცვალა და ის მოქმედ მეჩეთად აქცია. ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო კრიტიკა და მწვავე დებატები გამოიწვია.

რელიგიური სიმბოლიკა და დაძაბულობა

ბიზანტიური ორთავიანი არწივი ისტორიულად დაკავშირებულია მართლმადიდებლურ სამყაროსთან და ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობასთან. მსგავსი სიმბოლიკის დემონსტრირება აია სოფიაში, რომელიც დღეს მოქმედი მეჩეთია, თურქეთის ხელისუფლებისთვის მკვეთრად პროვოკაციულ აქტად აღიქმება.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მსგავსი ინციდენტები აჩვენებს, რომ აია სოფია კვლავ რჩება არა მხოლოდ კულტურულ, არამედ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებათა სიმბოლოდ – სივრცედ, სადაც ისტორია, რელიგია და თანამედროვე პოლიტიკა ერთმანეთთან იკვეთება.

ნანა ძნელაძე

ამავე თემაზე: კრეტელებმა სტამბოლში, აია სოფიას სიახლოვეს ბერძნული ცეკვა შეასრულეს (ვიდეო)

ელიფ შაფაქი: ისტორიის წაშლა – რატომ უნდა დარჩეს აია სოფია მუზეუმად

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close