ტურინის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ვებმაღაზია, რომელიც კორონავირუსის „ანტიდოტებს“ ასტრონომიულ ფასად ყიდდა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
გარემოს იონიზატორები, სამედიცინო პირბადეები, კომბინეზონები, დამცავი ხელთათმანები, დეზინფექციის საშუალებები, სათვალეები, სხვადასხვა კომპლექტი, მფილტრავი ნიღბები, ჰიგიენური გადასაფარებლები, საკვები დანამატები და, თქვენ წრმოიდგინეთ, „ვაქცინაც კი“! – ეს ამ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტებია, რომლებსაც რეკლამას უწევდნენ, როგორც გარანტირებულ საშუალებებს COVID-19-ის წინააღმდეგ მყარი იმუნიტეტის შესაძენად. პროდუქცია ასობით და ათასობით ევროდ იყიდებოდა.
ამჯერად ტურინის ფინანსურმა პოლიციამ კიდევ 14 „მეწარმე“ გამოავლინა, რომლებიც კომერციულ თაღლითობას ეწეოდნენ, მათ ოფისები ჰქონდათ ტურინში, კოზენცაში, ნეაპოლში, ფოჯაში, რიმინიში, სალერნოში, კაზერტაში, მოდენაში, კალიარიში, კამპობასოში, მანტუასა და მაცერატაში. თაღლითებს 2 წლამდე ციხე ემუქრებათ.
ამრიგად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოვლენილი თაღლითების რიცხვმა 33-ს მიაღწია.
პოლიცია აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ თაღლითების რაოდენობა, რომელთაც სურთ მთელ იტალიაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციით ისარგებლონ და ხელი მოითბონ, სწრაფად იზრდება. ისინი მოქალაქეებს სთავაზობენ კორონავირუსისგან გარანტირებული დაცვის საშუალებებს – პირადი დაცვის ნივთებიდან (რომელთა პოვნა ბაზარზე ადვილია), „ვაქცინის“ ჩათვლით (რომელიც ჯერჯერობით ბუნებაში არ არსებობს).
კიდევ 16 კომპანიის ხელმღვანელებს კი, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ იტალიაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და მომხმარებლებს ატყუებდნენ, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრებათ, ჩადენილი დანაშაულების შესაბამისად – ფულადი ჯარიმებიდან და მიღებული მოგების კონფისკაციიდან დაწყებული, ლიცენზიების ჩამორთმევით დამთავრებული.
ნინო ხოშტარია
კომენტარები