პიტნის ჟელე ლიმონით – სასიამოვნო ნუგბარი ზამთრისთვის შესანახად
გთავაზობთ ჭეშმარიტი გურმანების საკადრის ნუგბარს – პიტნის ჟელეს ლიმონით. მას დიდი რაოდენობით ვერ მიირთმევთ, მაგრამ ზამთარში პიტნის არომატით დატკბებით და პირსაც ჩაიტკბარუნებთ. პიტნის ჟელე გამოდგება ნამცხვრების გასაფორმებლადაც, აგრეთვე, შეგიძლიათ დაუმატოთ დესერტებს ან სასმელებს.
საჭიროა: 300 გ ახალი პიტნა, 0.7 ლ წყალი, 0.5 კგ შაქარი, 2 ლიმონი, 24 გ ჟელატინი.
მომზადება: პიტნა კარგად გარეცხეთ და დაფერთხეთ. ხელით დაანაკუწეთ.
კანიანად დაჭერით ლიმონი ნაჭრებად.
ემალის ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაუშვით შიგ პიტნა და ლიმონი. დაუწიეთ ალს და 7-10 წთ ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით ქვაბი და 6-8 სთ გააჩერეთ.
წვენი ცალკე გადაწურეთ. მასასაც ბოლომდე გამოადინეთ წვენი.
200 გ წვენი ცალკე ჭურჭელში გადაიღეთ და მასში ჟელატინი აურიეთ, დანარჩენი კი ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით, დააყარეთ შაქარი და დაადუღეთ. დროდადრო მოხადეთ ქაფი. თავდაპირველად ქაფი მუქი ნაცრისფერი იქნება, შემდეგ კი მოვარდისფრო-მოყვითალო ფერს მიიღებს. გადმოდგით ქვაბი და ჟელატინიანი წვენი დაუმატეთ.
ცხელი პიტნის ჟელე პატარა ქილებში გაანაწილეთ და მოხუფეთ. თუ მოხუფვა არ გსურთ, მაშინ თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები