ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

არჩილ ჯავახაძის ნიდერლანდური საგა

სამშობლოდან შორეულ ქვეყნებში გადასახლებულ ღირსეულ ჩვენიანებზე საუბრისას  გულისტკივილით ნათქვამი ფრაზა: „ეეჰ, რა ადამიანები დაკარგა საქართველომ“ – არაერთხელ მოგვისმენია, მაგრამ როცა გავეცნობით მათ საქმიანობასა თუ ყოველდღიური ცხოვრების სტილს, მივხვდებით, რომ ბევრი მათგანი არათუ დაკარგა, არამედ სამშობლომ ისინი კიდევ ერთხელ „შეიძინა“ – ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყნის მასშტაბები გაზარდეს და საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს; „ცხრა მთას იქით გადახვეწილებმა“ საკუთარი ქვეყნისთვის გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე, ვფიქრობ, შინ დარჩენით შეძლებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ქართველი გახლავთ ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ გაუდაში  მცხოვრები ჩვენი საამაყო თანამემამულე არჩილ ჯავახაძე, რომელსაც ჰოლანდიაში ქართული ლიტერატურისა თუ კულტურის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მან გამოსცა პირველი ქართულ-ნიდერლანდური და ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი, რომელსაც საკუთარ სიამაყეს უწოდებს – ამ ლექსიკონზე მუშაობას 17 წელი შეალია… და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი, თუმცა მოდით, თავად ბატონ არჩილს მოვუსმინოთ, რომელიც თავაზიანად დაგვთანხმდა ინტერვიუზე:

ბატონო არჩილ, გთხოვთ მოგვიყევით საკუთარ თავზე, თქვენ მიერ გავლილ გზებზე საქართველოში…

დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით, შემდეგ რუსეთში მივიღე იურიდიული განათლება და 11 წელი ვმუშაობდი საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში. ასევე, ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ფერწერით და ჭედური ხელოვნებით, სტუდენტობის დროს კი დავინტერესდი აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებებით, როგორიცაა კარატე და ჯიუ-ჯიცუ. დღემდე მივყვები ჩემს ახალგაზრდულ გატაცებებს…

მშვენიერი ოჯახი გყავთ, მოდით, გავაცნოთ ჩვენს მკითხველს…

ჩემი მეუღლე, ინგა პაპუაშვილი, პროფესიით ექიმი ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგია. საქართველოში 5 წელი მოასწრო მუშაობა თავისი სპეციალობით, ქალთა მე-11 კონსულტაციაში. აგრეთვე, დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს სპეციალობით და არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზეც.

საქართველოში შეგვეძინა ქალიშვილი ნინო, ხოლო ვაჟიშვილი ანრი უკვე ნიდერლანდებში დაიბადა; ამჟამად იგი ადამიანის ურთიერთობის ფსიქოლოგიას სწავლობს. ნინომ როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტი დაამთავრა, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით.

ჯავახაძეების ოჯახი

90-იან წლებში ჩვენს სამშობლოში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა რომ გახდა ქვეყნიდან ქართველების მასობრივი გადინების მიზეზი, ყველამ იცის; თქვენს შემთხვევაში რა მოხდა, სამშობლოს დატოვება რამ გადაგაწყვეტინათ?

დიახ, მაგ პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოიშალა და, სამწუხაროდ, ყველაფერი აირ-დაირია. შვილების საბავშვო ბაღში მიყვანაც კი სახიფათო გახდა. ბაღის პერსონალმა გამოგვიცხადა, რომ ისინი პასუხს არ აგებდნენ ბავშვის უსაფრთხოებაზე, გატაცების შემთხვევაში გამოსასყიდის მოთხოვნის თვალსაზრისით და, რაღა თქმა უნდა, შვილი იქ აღარ მიგვიყვანია.

ინგასთან სამსახურში, უშუქობის და მედიკამენტების არარსებობის გამო, პერსონალს თავად უწევდა საჭირო სამედიცინო პრეპარატებისა თუ გენერატორის შეძენა;  რამდენჯერმე მოხდა კონსულტაციის თანამშრომლების დაყაჩაღება. ასევე, მეც საკმაოდ დიდი პრობლემები შემექმნა. საქართველოსთვის თავი არასდროს დამიზოგავს, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ მოგვიწია საქართველოს დატოვება.

და ჰოლანდია რატომ აირჩიეთ?

ჰოლანდიაში შემთხვევით მოვხვდით, უბრალოდ, ასე გამოვიდა. მერე  გავიცანით შესანიშნავი ადამიანები – ნიდერლანდელები ძალიან თბილი ხალხია, ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა იციან და თუ ვინმეს დახმარება ესაჭიროება, მაქსიმალურად მხარში უდგანან. ეს, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა ამ ქვეყნის გათავისებაში. ასევე, გვყავს ბევრი ქართველი მეგობარიც.

გთხოვთ მოგვიყვეთ უცხო ქვეყანაში პირველ ნაბიჯებზე: რა გზები გამოიარეთ, რა დაბრკოლებებს შეხვდით, რამ გაგაძლიერათ…

რა თქმა უნდა, ახალი ცხოვრების დაწყება ადვილი არ არის, მაგრამ მთავარია მონდომება. ოჯახზე პასუხისმგებლობა დიდი სტიმულია ადამიანისთვის. თავიდან ენა შევისწავლეთ. ამას მოჰყვა დიპლომების ცნობის მოთხოვნა და სამსახურის ძებნა. საბედნიეროდ, ტექნიკურმა დიპლომმა გაჭრა. თავდაპირველად გავიარე სტაჟირება და შემდეგ წელიწად-ნახევარი მოხალისედ ვიმუშავე ქალაქ გაუდის მუნიციპალიტეტში ტექნიკურ მხაზველ-კონსტრუქტორად. შემდეგ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ უმსხვილეს საინჟინრო ბიუროში ინჟინერ-დამპროექტებლად.

აგრეთვე, მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს საშუამავლო, ენების შესწავლის, სამუსიკო და მთარგმნელობითი ბიურო. გაუდის სახალხო უნივერსიტეტში რამდენიმე წლის განმავლობაში ვასწავლიდი რუსულ ენას. ლეიდენის უნივერსიტეტში მე და ჩემს მეუღლეს რამდენიმე დიპლომატისთვის და ბიზნესმენისთვის ჩატარებული გვაქვს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მოკლე კურსები. საქართველოში ყველას ჩვენს სამშობლოზე უკვე შეყვარებულს ვუშვებთ.

თქვენ პირველმა შეადგინეთ ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონი, რომელიც ჰოლანდიაში მცხოვრებ და, ზოგადად, ამ ენით დაინტერესებულ ქართველებს დახმარებას უწევს. ასევე, გამოცემული გაქვთ ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონიც. ამის იდეა საიდან გაჩნდა?

აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ ნიდერლანდური ენის შესწავლა. სწავლისას ვიყენებდით ნიდერლანდურ-რუსულ ლექსიკონს, რადგანაც ქართული არ არსებობდა. მაშინ გამიჩნდა სურვილი, ქართული ლექსიკონი შემედგინა. ამ დროს გავიცანით ენათმეცნიერი, რომელიც რუსულს ფლობდა და სურვილი ჰქონდა შეესწავლა ქართული ენა. მასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე და დაახლოებით ორი წლის მანძილზე პირველი ოთხი ასოს სიტყვების შედგენა მოვახერხეთ, რის შემდეგაც მან ეს საქმიანობა მიატოვა, მაგრამ ამ დროისთვის მე უკვე საკმარისი გამოცდილება შევიძინე, რათა თავად გამეგრძელებინა ეს საქმე.

2005 წელს გამოიცა ისტორიაში პირველი ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი. ამ საქმეში დიდი დახმარება გამიწიეს ჩემმა მეუღლემ და ქალიშვილმაც, რადგან ის საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს ნიდერლანდურ ენას. ამ ლექსიკონის გამოსვლის შემდეგ დამიკავშირდნენ ჰოლანდიელები თხოვნით, რომ რადგან ეს ლექსიკონი გათვლილია ქართველ მომხმარებელზე, აქ არ არის ტრანსკრიფციები და გაუგებარია, როდის რომელი სინონიმის გამოყენებაა  მიზანშეწონილი,  გამომეცა  ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონიც.

გამომცემლობა „პეგასუსმა“, რომელიც დამთანხმდა ახალი ორმხრივი ლექსიკონის გამოცემაზე, დამაკავშირა ამსტერდამის უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიის პროფესორთან, ბატონ ვიმ ჰონსელაართან, რომელიც დიდი რუსულ-ნიდერლანდური ლექსიკონის ავტორია. მისი და ნიდერლანდური ენის საერთაშორისო გაერთიანება „ტაალუნის“ რჩევების და ენის შემსწავლელთა სურვილების გათვალისწინებით, შევადგინეთ ახალი ნიდერლანდურ-ქართული და ქართულ-ნიდერლანდური ლექსიკონი, რომელიც სიტყვების რაოდენობის მხრივ ბევრად გაფართოვდა  –  დაემატა რამდენიმე ათასი სიტყვა, იურიდიული, სამედიცინო და ტექნიკური ტერმინოლოგია, ცხოველთა და მცენარეთა დასახელებები, სიტყვებისა და სინონიმების ხმარების მაგალითები წინადადებებში, აგრეთვე, გრამატიკული ინფორმაცია.

მრავალწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, 2013 წელს ამსტერდამის გამომცემლობა „პეგასუსმა“ გამოსცა ეს ახალი, სრულად გადამუშავებული ლექსიკონი.

უდავოდ, სერიოზული ნაშრომია…

ეს ლექსიკონი ჩემი სიამაყეა (ჩვეული, მოკრძალებული ღიმილით მეთანხმება); დაახლოებით 17 წელი დასჭირდა მის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და მთელმა ოჯახმა მიიღო ამაში მონაწილეობა. გამოცემა 1400-მდე გვერდს შეიცავს. რამდენადაც ვიცი, ამ ლექსიკონს იყენებენ ლეიდენის უნივერსიტეტში ქართული ენის შესწავლის მსურველნი და, ასევე, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ნიდერლანდური ენის შესწავლისას. იგი ინახება ნიდერლანდების თითქმის ყველა საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში და, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, აგრეთვე – ამერიკაში, სტენფორდის ცნობილი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც.

ბატონო არჩილ, საინტერესო, ყველგან მოთხოვნადი – ინჟინერ-დამპროექტებლისა და იურისტის პროფესიები გაქვთ, მაგრამ მთარგმნელობითი საქმიანობა აირჩიეთ. ასე განსხვავებული სფეროთი რატომ დაინტერესდით?

ამ საკითხს შეიძლება სხვადასხვა მხრიდან მივუდგეთ. როგორც აღვნიშნე, 17 წელი ვიმუშავე ლექსიკონის შედგენაზე და ამ პერიოდში ინტენსიურად ვსწავლობდი ენას. ლექსიკონზე მუშაობის შემდეგ ვეღარ გავჩერდი და დავიწყე ისტორიული და მხატვრული ნაწარმოებების თარგმნა. უკვე რვა წიგნი მაქვს გამოცემული.

ორი ლექსიკონის შემდეგ იყო ნიკოლას ვიტსენის ისტორიული ნაწარმოების „ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ტარტარეთის“ საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილის ქართული თარგმანი, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიის, ქართველთა ყოფის და კულტურის შესახებ ანტიკური პერიოდიდან მე-17 საუკუნის ჩათვლით. ეს წიგნი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ვარ ამ სამეცნიერო ცენტრის საპატიო წევრი. ნიდერლანდების ბიბლიოთეკებსა და არქივებში აღმოჩენილი მაქვს საინტერესო მასალები საქართველოს ისტორიის შესახებ, რომლებიც გადაიგზავნა სამეცნიერო ცენტრში შემდგომი კვლევისთვის.

ვცდილობ, ნიდერლანდელ ხალხს გავაცნო საქართველოს ისტორია და ლიტერატურა. ამისთვის ნიდერლანდურ ენაზე გადათარგმნილი მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქართული მხატვრული ნაწარმოები. აგრეთვე, ვარ ნაფიცი მთარგმნელი – ლეიდენის უნივერსიტეტში ჩაბარებული მაქვს ნიდერლანდურ-ქართული ენების თარგმნაში საკონტროლო გამოცდა (ყოველწლიურად მიწევს კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა კურსებზე), რის შემდეგაც ფიცი დავდე ჰააგის სასამართლოში და ამჟამად ვარ ნაფიცი მთარგმნელი. ნიდერლანდების სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა: იუსტიციის სამინისტრო, სასამართლოები, პოლიცია, ადვოკატურა, ნოტარიატები და სხვა – თავიანთ საქმიანობაში, ძირითადად, ნაფიც მთარგმნელებს იყენებენ და მეც საშუალება მეძლევა, ვითანამშრომლო იუსტიციის ორგანოებთან და ახლოს ვიყო ჩემს იურისტის პროფესიასთან.

ახლახან ჰოლანდიურ ენაზე გამოეცით  უძველესი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“. შეხება ჟანრთან, რომელიც წმინდანის ცხოვრებას ასახავს, ალბათ განსაკუთრებულად პასუხსაგები და, ამდენად, რთული იყო…

„შუშანიკის წამება“ არის ჩვენს დრომდე მოღწეული ქართული მხატვრული ლიტერატურის უძველესი ძეგლი. დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდოს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო, რომლის მაგალითებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო დღემდე არ შემონახულა. ნაწარმოებში ნახსენებია „ევანგელე“ ანუ სახარება და საუბრებში ხდება მისი ციტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის უკვე არსებობდა „ახალი აღთქმის“ ქართული თარგმანი და იგი ფართოდ იყო ცნობილი საქართველოს მოსახლეობაში.

ამ ნაწარმოების თარგმნით ნიდერლანდელი მკითხველისთვის მინდოდა მეჩვენებინა ჩვენი ისტორია და უძველესი კულტურა. როდესაც წიგნის პრეზენტაციამდე ერთ-ერთ ცნობილ ნიდერლანდელ ენათმეცნიერს შევეკითხე, თუ რას ფიქრობს ამ ნაწარმოების შექმნის თარიღზე, მან მიპასუხა, რომ პირველი ნიდერლანდური ლიტერატურული ნაწარმოებები შეიქმნა მე-13 საუკუნეში და ფიქრობს, რომ პირველი ქართული ნაწარმოები ალბათ მე-18 საუკუნეში იქნებოდა შექმნილი. როდესაც მან გაიგო, რომ ეს ნაწარმოები მე-5 საუკუნის იყო, ძალიან გაოცდა. ამ ნაწარმოების პრეზენტაციაზე ვისაუბრე ქართული დამწერლობის ისტორიაზეც, რომელიც, სავარაუდოდ, 30 საუკუნეს ითვლის.

გთხოვთ მოგვიყვეთ თქვენ მიერ ნათარგმნი ლიტერატურის შესახებ; და, ზოგადად, რა განსხვავებული ხაზი გასდევს ქართულ შემოქმედებას, რითაც უცხოელ მკითხველს მიიზიდავს?

დავიწყოთ იმით, რომ პირადად მე ყველაზე ძალიან ისტორიული ჟანრი მაინტერესებს და ამიტომაც ჩემი პირველი ნიდერლანდური თარგმანი იყო კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ეს არის მსოფლიო ლიტერატურის უმაღლესი დონის ეპოქალური ნაწარმოები. იგი უმეტესწილად იზიდავს შუახნის ასაკს გადაცილებულ უმაღლესი განათლების მქონე მკითხველს, რომელიც დაინტერესებულია მსოფლიო კლასიკით.

მეორე ნაწარმოები, რომელიც ვთარგმნე, არის დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე, ლეგენდები დავით აღმაშენებელზე“. ეს თანამედროვე თვალით დანახული საქართველოს შუასაუკუნეების ისტორიაა. აქ აღწერილია, თუ როგორ მოახერხა დავით აღმაშენებელმა საქართველოს გათავისუფლება და გაერთიანება. მეფე დავითმა გააერთიანა თითქმის მთელი კავკასია და შექმნა ერთიანი სახელმწიფო – ნიკოფსიიდან დარუბანდამდის. დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი კავკასიური სახელმწიფო არ იყო იმპერია, სადაც ერთი ხალხი  დანარჩენებზე ბატონობს. ის  დაყრდნობილი იყო არა შიშველ ძალაზე, არამედ ხალხთა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ერთიანობაზე, რაც ქართული პოლიტიკური აზროვნებისა და კულტურის უმაღლესი სტანდარტების მაჩვენებელია იმდროინდელ სამყაროში, როდესაც ჯვაროსნულმა ომებმა მსოფლიო ორ შეურიგებელ ბანაკად აქცია. ეს ნაწარმოები თავისი სტილის მიხედვით უმეტესწილად ინტერესს წარმოადგენს შედარებით ახალგაზრდა მკითხველისთვის.

შემდეგი თარგმანია გურამ ოდიშარიას „პრეზიდენტის კატა“. ამ რომანის მთავარი გმირი, მიხეილ ბღაჟბა რეალურად არსებული პიროვნება იყო. ის გახლდათ მე-20  საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთის (საქართველო) ზღვისპირა, მრავალეროვნული სოხუმის ქალაქური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება. მამით აფხაზი და დედით ქართველი, ბღაჟბა ერთნაირი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის ავტორიტარული, საბჭოთა პერიოდის მაღალჩინოსანი იყო, თავისი კოლეგებისაგან განსხვავებით, უბრალოებით, ადამიანებისადმი ფაქიზი, გულთბილი დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა, იყო დაპირისპირებული მხარეების შემრიგებელი, თანამოქალაქეთა უფლებების მცველი. რომანის მთავარი გმირი 1992-1993 წლებში, აფხაზეთში წარმართული მწვავე ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტის დროს გარდაიცვალა – ვერ აიტანა ომის სისასტიკე, ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება, რომელსაც მისი მეგობრები, ნათესავები და მეზობლები ეწირებოდნენ. გურამ ოდიშარია მისთვის დამახასიათებელი თავისებური, პოეტური ენით, იუმორით აღწერს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთის პიკანტურ ამბებს, ზღვისპირეთის ეგზოტიკურ ბუნებას, იქაურ მცხოვრებთა ყოფას. რომანი თარგმნილია აფხაზურ ენაზეც. მწერლებმა და კრიტიკოსებმა „პრეზიდენტის კატას“ ქართველებსა და აფხაზებს შორის გადებული ლიტერატურული ხიდი უწოდეს, რადგანაც რომანს ერთნაირი ინტერესით კითხულობენ კონფლიქტის მიზეზით დაშორებული ადამიანები. ეს რომანი საინტერესოა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს თანამედროვე ისტორიით.

ჩემი ბოლო ნაშრომია ქართულენოვანი დოკუმენტური ნაწარმოები „ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი“. პრინცი ბერნარდი იყო პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილ პიროვნებასთან; ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების განვითარებასა და ბუნების დაცვაში. აქ აღწერილია პრინცი ბერნარდის ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდები, მისი ახლო ურთიერთობა კავალერიის პოლკოვნიკ ალექსი ფანჩულიძესთან, რომელიც იყო მისი აღმზრდელი, მრჩეველი და მთელი ცხოვრების თანამგზავრი. ნაწარმოებში ინტერესს აძლიერებს ის ფაქტი, რომ თხრობა დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალებზე. მასში გადმოცემულია საინტერესო და დღემდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ისტორია. ეს ნაწარმოები წარმოადგენს ინტერესს ქართველი მკითხველისთვის.

ნიდერლანდების სამეფოში წლების წინ დააფუძნეთ ქართველთა გაერთიანება „ქართული სახლი“. გაგვაცანით, თუ შეიძლება, ამ საზოგადოების საქმიანობა.

„ქართული სახლის“ მიზანია ნიდერლანდებში მყოფი ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთის მხარში ამოდგომა, თბილი შეხვედრების ორგანიზება, კონტაქტების გაფართოება ქართველ და ნიდერლანდელ ხალხს შორის, ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის გაცნობა ნიდერლანდების მოსახლეობისთვის.

2004 წელს ჩამოვაყალიბეთ პირველი საზოგადოება „ქართული დიასპორა ნიდერლანდებში“, რომლის გამგეობის წევრიც ვიყავი წლების მანძილზე. ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს არარსებობის პერიოდში „ქართული დიასპორა“ აქტიურად აწყობდა შეხვედრებს, რეგულარულად იგზავნებოდა სხვადასხვა დახმარება საქართველოში…

ჩემი ჰოლანდიელი მეგობრების მხარდაჭერით გავუწიეთ ფინანსური დახმარება გაჭირვებულ ოჯახებს და უსახლკარო ბავშვებს, აგრეთვე, 2008 წლის ომში დაზარალებულებს.

ხოლო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ ძირითადი კულტურული და საქმიანი შეხვედრები იმართება საელჩოში, რომელთანაც მაკავშირებს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები: მთარგმნელობითი საქმიანობა (ოფიციალური საბუთების თარგმნებთან დაკავშირებით), ჩემი ნაწარმოებების პრეზენტაციები და სხვა კულტურული თუ საქმიანი შეხვედრები…

საქართველოს ყოფილ ელჩთან ნიდერლანდების სამეფოში, კოტე სურგულაძესთან ერთად

თქვენი საქმიანობა თუ საზოგადოებრივი აქტივობები, სხვადასხვა ღონისძიებაზე ქართული ჩოხით გამოჩენა, თავისთავად, საკუთარ ფესვებთან კავშირსა და ტრადიციების პატივისცემაზე მეტყველებს. უცხო ქვეყანაში ინტეგრირება და, ამავე დროს, საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება რამდენად მნიშვნელოვანი და შესაძლებელია?

რა თქმა უნდა, აუცილებელია ინტეგრირება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, რათა გახდე მისი სრულუფლებიანი წევრი. ქართული კულტურა და ტრადიციები, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს, ღრმად არის ქართველი კაცის ფესვებში გამჯდარი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმომავლობით და დიდი სურვილი გვაქვს, გადავცეთ ეს ტრადიციები ჩვენს შთამომავლობას. ერთ-ერთი მაგალითის მოყვანა მსურს: ჩემი ქალიშვილის გიმნაზიის დამთავრებისას, მისი გამოსაშვები ნაშრომი ისტორიაში ეხებოდა საქართველოს ისტორიას, თუ როგორ მოახერხა ქართველმა ხალხმა თავისი იდენტობის შენარჩუნება გამუდმებული თავდასხმებისა და რთული ისტორიული პერიოდების ფონზე. ამ ნაშრომმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც ყოველი ქართველი, სამშობლოსთან კავშირს თქვენც ინარჩუნებთ. თქვენი ოჯახით რამდენად ხშირად ახერხებთ ჩასვლას და რა ემოციები მოგყვებათ ხოლმე იქიდან?

ჩამოსვლიდან პირველი ათი წლის განმავლობაში რთული იყო კონტაქტის დამყარება საქართველოსთან, რაც ძალიან გვიძლიერებდა ნოსტალგიას. სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად გაადვილდა ურთიერთობა ახლობლებთან საქართველოში. ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ექვსი თვით წავიდა საქართველოში, რათა მშობლებისაგან დამოუკიდებლად უკეთ გაეცნო ქართული კულტურა და ყოფიერება. ამ პერიოდის განმავლობაში ნებაყოფლობით, უანგაროდ მუშაობდა ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ყოველწლიურად თუ არა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ვახერხებთ საქართველოში ჩასვლას და უკან, ჰოლანდიაში ყოველთვის ემოციურად დატვირთულები ვბრუნდებით…

ესაუბრა ლუიზა ლაწუნაშვილი

პოსტ სკრიპტუმის მაგიერ გთავაზობთ ბატონი არჩილის ნახატს „როგორც არწივი“ და ავტორისეულ განმარტებას.

არჩილ ჯავახაძე

„როგორც არწივი“

ტილო ეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარ ამბავს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემას წარმოადგეს, რომლის დროსაც  ხალხი ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენების ფანჯრებიდან ხტებოდა. ამ ამბავმა ძლიერ შემაძრწუნა, რადგან ხალხმა ფრენა არ იცის და მათ მხოლოდ ღმერთი თუ იხსნიდა.

ტილოზე ალეგორიულად გამოსახულია ბიბლიური ამბავი, როდესაც ღმერთი თავის შვილებს ცხოვრებას ასწავლის ისე, როგორც ამას არწივი აკეთებს, ანუ როდესაც მართვეები წამოიზრდებიან, გაუშვებს მათ ბუდიდან და თან აკვირდება, თუ რომელიმეს გაუჭირდა, შეუფრინდება მას ქვემოდან, დაისვამს ფრთებზე და აიყვანს ისევ უსაფრთხო ადგილას მაღლა მთებში.

ამან გამახსენა მეორე რჯული, თავი 32:11:

„როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე,

ზედ ეფოფრება თავის მართვეებს,

ფრთებს შლის, აიტაცებს და მიჰყავს თავისი მხრებით“.

ნახატზე წმინდა ადგილი გამოსახულია თეთრი სუფთა და ხელშეუხებელი კავკასიონის მწვერვალებით. არწივის მარჯვენა ფრთას ზემოდან გადმოჰყურებს ზეციურ სასახლეში მჯდომი იესო ქრისტე, მარცხენას კი – ღვთის სახლი, რომელიც ცნობილი ქართული ეკლესიის, სამთავისის სახით არის გამოხატული.

ზეცასა და დედამიწას შორის სქელი ღრუბელია, რომელიც ზეციურ სინათლეს არ ატარებს, მაგრამ მოვა დრო, როცა ყველა ღრუბელი გაიფანტება და საუკუნოვანი სინათლე მოეფინება დედამიწას.

——————————————————————————

მსგავს თემაზე: ქართულ-ბერძნული ოჯახი ჰოლანდიაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close