მიგრაციაქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართულ-ბერძნული ოჯახი ნიდერლანდებში

„ჩემთვის ყოველი დილა ჩემი ქვეყნის ამბების გაცნობით იწყება...“

ჟურნალისტ ლუიზა ლაწუნაშვილის ცხოვრებაში ხუთი წლის წინ ახალი ეტაპი დაიწყო: მან თავისი ბედი ჯორჯ კუკუვინისს დაუკავშირა და ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. ლუიზას ბერძენი მეუღლე მის გაცნობამდეც ხშირად სტუმრობდა საქართველოს, ახლა კი უფრო მეტად მოუხარია, როგორც თავად ამბობს, „დიდი კულტურის მქონე უძველესი ქვეყნისკენ“… 

ლუიზა, იფიქრებდით ოდესმე, რომ უცხოეთში იცხოვრებდით? მეტიც, მეუღლეც რომ უცხოელი გეყოლებოდათ?

გამოგიტყდებით და – ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, მეცხოვრა ევროპაში. ხშირად ვეძებდი გზებს, წავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ გარკვეულწილად მბორკავდა ნაცნობ-მეგობართა რეაქცია: „ეეჰ, ლუი, იქ განა შენნაირები  მიდიან!“  ანდა: „ყველა შენნაირი რომ წავიდეს, აქ ვიღა დარჩება, გიფიქრია?!“ – და მეც უცებ ჩამომეშვებოდა მხრები, მეკარგებოდა საკუთარი თავის რწმენა, რომ ვერ ვიყავი მათსავით ძლიერი და სხვა ემიგრანტებივით ათასი განსაცდელის გადალახვას ვერ შევძლებდი. მყარი, შეუვალი გადაწყვეტილება როცა მივიღე და სალაპარაკო იტალიურიც შევისწავლე, არ გამოვიდა…

ალბათ კანონზომიერი იყო ყველაფერი, განგებამ და გარშემომყოფებმა ხშირად  შენზე უკეთ იციან, რისი ამტანი ხარ და რას ვერ გაუძლებ მორალურად… ღმერთის ნებით, „ჩემნაირისთვის“ ყველაზე „ხელსაყრელი სტატუსით“ აღმოვჩნდი ევროპაში. გულწრფელად გეტყვით: დიახ, მინდოდა პირადი ცხოვრება ევროპელი მამაკაცისთვის  დამეკავშირებინა.

ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბედმა წაგიყვანათ საქართველოს ფარგლებს გარეთ?

ბედისწერამ ჯორჯი თავისით „მომგვარა“… ჰო, ბედისწერამ – აბა, რატომ აღმოჩნდა ის თბილისის ერთ-ერთ კაფეში, ან  მე რა მინდოდა იმ დროს იქ,  როცა ხელში ორი აგური უკვე მეჭირა და მესამესაც დიდი გულმოდგინებით ვეძებდი?! მიზეზი? – „სარკმელის“ (ლუიზა ჟურნალის დამფუძნებელი, გამომცემელი და რედაქტორი იყო – რედ.) გამოცემა შეჩერებული მქონდა და სხვა გზაც არ ჩანდა. ის-ის იყო დავბრუნდი თურქეთიდან, სადაც ცოტა ხანს ჩემი მეგობრის თარჯიმანთა ბიუროში ვმუშაობდი და ქართულად ნათარგმნი მასალის რედაქტირებაში ვეხმარებოდი, თუმცა მალევე დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერი დროის ფუჭად ხარჯვა იყო, რაღაც სხვა მჭირდებოდა… და უკან დავბრუნდი.

ჰოდა, სწორედ მაშინ გავიცანი ბერძნული წარმოშობის ჰოლანდიელი ტურისტი და დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. მთელი შეგნებით ვიტყვი, რომ ეს ბედისწერა იყო.

ცხადია, სირთულეებიც შეგხვდებოდათ, რაც უცხო გარემოს უკავშირდება… როგორ შეეგუეთ ჰოლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრებას?

თბილისური ცხოვრების შემდეგ ალკმაარის კამკამა ჰაერი და სუფთა, მოვლილი გარემო თავიდან ძალიან მეუცხოვა. თან ირგვლივ საოცარი სიმშვიდე იყო. ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი… – ყველა ველოსიპედით მოძრაობს. ეს ტრანსპორტი აქ ისეთივე აუცილებლობაა გადასაადგილებლად, როგორც ჩვენთან, მაგალითად,  ფეხსაცმელი.

ალკმაარი, ნიდერლანდები

წინასწარ ვიცოდი, წაკითხული მქონდა სადღაც, უცხო ქვეყანაში ადაპტაციას ორი წელი მაინც სჭირდებაო. რა თქმა უნდა,  დისკომფორტია, როცა ირგვლივ სრულიად განსხვავებულ ენაზე საუბრობენ და შენ არ გესმის; თავიდან თითქოს მიწაც ისე მყარი არაა ფეხქვეშ, როგორც საკუთარ სამშობლოში, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ყველაფერი ლაგდება, „შენი“ ხდება.

კლიმატია აქ ჩვენთვის უჩვეულო: ზაფხულში იშვიათად ცხელა; წლის ნებისმიერ სეზონზე ხშირად წვიმს, აი ისე, ცრისო, რომ იტყვიან. დღის განმავლობაში ათასჯერ იცვლება ამინდი – დილით რომ მზეა, მერე უცებ შეიძლება წვრილი სეტყვა წამოვიდეს, მერე ისევ მზეა, ან იღრუბლება… პირადად ჩემთვის ასეთი გიჟი ამინდები შთაგონების წყაროა.

თბილისთან  რაიმე საერთოს თუ პოულობთ ჰოლანდიურ ქალაქში?

ალკმაარი პატარა, წყნარი, მწვანეში ჩაფლული ქალაქია, არც ისე ახალგაზრდა – 850 წლის ყოფილა, ახლახან გავიგე. სუფთაა, როგორც ნებისმიერი ადგილი ნიდერლანდებში. ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ქალაქია და ცნობილია ყველის მარკეტით, სადაც პარასკევობით საინტერესო სანახაობა იმართება.

თბილისსა და ალკმაარს შორის რაიმე საერთოს პოვნა მიჭირს; თბილისი თავისი მტვრითა და ხმაურით ცოტა სხვანაირად მიყვარს…

მეუღლესთან ურთიერთობაში თუ იყო სირთულეები? სხვადასხვა კულტურის წიაღში გაზრდილი ორი ადამიანის ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება მარტივი არ უნდა იყოს…

ჰოო, ეგ ცალკე თემაა… პირველ წელს ყოველდღე კი არა, დღეში რამდენიმეჯერ ვკამათობდით, თან ამისთვის თემაც მრავალფეროვანი გვქონდა – სახლში რემონტს ვაკეთებდით და აქაც იყო აზრთა შეხლა-შემოხლა, ნაპერწკლები, მოკლე ჩართვა არაპირდაპირი მნიშვნელობით. 🙂 გეთანხმებით, არაა ადვილი, ორი სხვადახვა ქვეყნის, განსხვავებული კულტურისა და ზნე-ჩვეულების ადამიანი თანაცხოვრებას რომ იწყებს. გარდა ამისა, ჩვენს შემთხვევაში სხვა ფაქტორიც იყო: ორი ასაკოვანი ადამიანი მყარად ჩამოყალიბებული თვისებებით – ვერ შეიცვლები, უნდა შეეწყო მხოლოდ, ხომ?! თან ორივე დამოუკიდებელ ცხოვრებას შეჩვეული და უცებ გვერდში მყოფის აზრის გათვალისწინება ხდება გარდაუვალი; „ეს აქ რატომ დევს?!“ – იყო ჩვენს შემთხვევაში ყველაზე აქტუალური… სახლს, რომელსაც  „ქალის ხელი“ არ ეტყობოდა, უცებ, ერთ-ორ თვეში, სულ თავდაყირა რომ დააყენებ!..

რემონტის დასრულებისთანავე კინკლაობას ბოლო მოეღო-მეთქი, ვერ ვიტყვი, თუმცა ინტენსივობა აშკარად შეიცვალა (იცინის)…

თავიდან პატარ-პატარა ყოფითი გაუგებრობები ყველგან არის, სხვა მხრივ, ჯორჯი გაცნობიდან მალევე  ჩასწვდა ჩემს სულიერ სამყაროს. კარგია, როცა არცერთი მხარე არ თვალთმაქცობს, არ იტყუება…

მე ურთიერთობებში სიყალბეს ვერ ვეგუები, ამიტომ მეგობრად ძალიან  ცოტა ადამიანი მიმაჩნია. მეუღლეში, მგონი, გამიმართლა, გულწრფელი და პირდაპირი კაცია. ამას წინათ მეუბნება, რა კარგია, სწორედ შენ რომ აღმოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, იღბლიანი ადამიანი ვარო! მესიამოვნა. სიტყვებით მაინცდამაინც არა, მაგრამ საქციელით  მანებივრებს: ვარდების ყიდვა იცის ხშირად, საწოლში ყავის მორთმევა ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მაგრამ როცა გაღვიძებას და ადგომას მე დავასწრებ, აი მაშინ, როგორც იტყვიან, „კოვზი ნაცარში ჩამივარდება“ ხოლმე და თავად ვამზადებ (იცინის). ისეთი ადამიანია, ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს აღებული: მომარაგება, სამეურნეო საქმის გაძღოლა ოჯახში, სადილების მომზადება…

არ მითხრათ, ჩემზე გემრიელ კერძებს ამზადებსო…

კი, აშკარად! სამზარეულო მისი სფეროა და უგემრიელესი სადილები გამოსდის. მეც არ ვარ მთლად ხელმოცარული ამ საკითხში, მაგრამ რადგან კულინარია მისი ჰობია, რატომ წავართვა სიამოვნება?! მე თვეში ერთხელ თუ მივუახლოვდები გაზქურას და ძალიან ვიბნევი, რადგან ვხვდები, რომ ყველაფერი დამვიწყებია… აი, ამ დღეებში  ჩემი მცდელობა, გამომეცხო ხაჭაპური, დასრულდა ჯერარნახულ-არგაგონილი კრახით!

ასეთი რა მოხდა? 

მოგიყვებით: გავამზადე ყველაფერი, დავიწყე გამოცხობა და ეს ნალოლიავები ხაჭაპური ტაფაში უცებ არ ამიშიშხინდა?! სულ გამოჟონა ყველმა… გადაბრუნებისას ხომ სულ მიიფხრიწ-მოიფხრიწა (კი მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა, მაგრამ თითზე კბენას აზრი აღარ ჰქონდა).

მოკლედ, ორი ცალი ხაჭაპური რაღაცნაირად გამოვაცხვე და გადმოვიტანე თეფშზე, კიდევ უფრო რაღაცნაირად ავაწყვე და დავუძახე ჯორჯს. ჩამოვიდა, მიუჯდა მაგიდას. მე სიცილს ძლივს ვიკავებ – სავარაუდო კითხვაზე პასუხი წინასწარ მზად მაქვს. ჰოდა, კითხვამაც არ დააყოვნა, შეხედა და მეკითხება: შემახსენე, რა ჰქვიაო. ხაჭაპური-მეთქი. მახსოვს თბილისიდან, იქ სხვანაირი იყოო. მე იხტიბარს არ ვიტეხ: ნუ… წესით ასეთი უნდა იყოს… მაგრამ ყველას ხომ არ გამოსდის-მეთქი, ვეუბნები.

გურმანები ასე ადვილად არ ტყუვდებიან, ხომ იცით: Next time I will make Khachapuri and show you, Ok? –  აი, შემდეგში მე გავაკეთებ და გაჩვენებ, ხაჭაპური როგორი უნდაო!..

თქვენი საკონტაქტო ენა ინგლისურია?

კი, ინგლისურია. ნახეთ, როგორი ჩახლართული ამბავია: ჩემი მშობლიური ენა ქართულია, მისი – ბერძნული;  ერთმანეთში ინგლისურად ვსაუბრობთ (მე – გარეთაც, რადგან ნიდერლანდურს ახლა ვსწავლობ), ამ დროს ქვეყნის სახელმწიფო ენა ნიდერლანდურია!

მეუღლე ბერძენია, ცხოვრობთ ნიდერლანდებში, ანუ მასაც გამოცდილი აქვს ემიგრანტობა… თქვენი აზრით, ზოგადად, სხვა ერების წარმომადგენლებს ისეთივე ნოსტალგია აქვთ, როგორიც ქართველებს, თუ ქართველები ამ მხრივ გამორჩეული ხალხია?

მე მაინც მგონია, რომ ეს განცდა ქართველებს გამძაფრებული გვაქვს. ჩვენ ხომ ძალიან ემოციური ერი ვართ, თან ყველაფერში მაქსიმალისტები. სამშობლოს სიყვარულსა და მონატრებაშიც, ვფიქრობ, ვერავინ შეგვეჯიბრება. ჯორჯს ათენისკენ (სადაც ერთადერთი და ჰყავს) ისე არ მიუწევს გული, როგორც ჩვენკენ. რაც გამიცნო, მას შემდეგ ბევრჯერაა ნამყოფი საქართველოში და მხოლოდ ერთხელ – საბერძნეთში. არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი გავლენაა, უნდა ნახოთ, როგორ მიუხარია საქართველოში – ორი კვირით ადრე იწყებს ხოლმე ჩაბარგებას. ჩემი მშობლიური გარემო, ჩემი ოჯახი ძალიან უყვარს.

რა იცოდა  ჯორჯმა საქართველოს შესახებ თქვენი გაცნობის დროს?

საქართველოს ჩემამდეც კარგად იცნობდა. თავიდანვე მითხრა, ჩვენ ორივე უძველესი და დიდი კულტურის შვილები ვართო და ახლაც ხშირად ავლებს ხოლმე პარალელებს ამ ორ ერს შორის. ათენის უნივერსიტეტში სწავლისას სტუდენტთა ჯგუფი ბრეჟნევის მიწვევით ჩასულა ყოფილ საბჭოთა კავშირში და იქიდან, იმ ჩაკეტილი ქვეყნიდან წამოყოლილი შთაბეჭდილებები დღესაც ახსოვს… ხშირად წამოიწყებს ხოლმე საუბარს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ყოველ დილით მეკითხება საქართველოს ამბებს – იცის, რომ ჩემთვის დილა ჩემი ქვეყნის ამბების გაცნობით იწყება; სამწუხაროდ, კარგს და დასამშვიდებელს იშვიათად თუ წაიკითხავ ან მოისმენ…

ადგილობრივებმა რა იციან თქვენ შესახებ და, ზოგადად, რა დამოკიდებულება აქვთ ემიგრანტების მიმართ?

ალბათ ბევრი იქნება, ვისაც საქართველოზე წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ პირადად მე ჯერ არ შემხვედრია ასეთი ვინმე. ჩანს, რომ  ჩვენს ქვეყანას ბოლო დროს საკმაოდ კარგად იცნობენ, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს ერთი წლის წინ საქართველოში გადაღებული ჰოლანდიური რეალითი შოუს  Wie is de mol („ვინ არის თხუნელა“  – პირდაპირ თარგმანში ასე გამოდის), რიგითი  ტურის ათი ეპიზოდი. ეს შოუ ჰოლანდიის ტელევიზიის ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ არხზე გადიოდა და, შესაბამისად, მაყურებელიც ბევრი ჰყავდა. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო ჰოლანდიელი ჰიასპერ ბლექის, ჩვენი მეექვსმილიონე ტურისტის ირგვლივ არსებული ემოციები, ვიდეო. და კიდევ, ჩვენი ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ფაქტორიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ბუნებრივია, თითქმის ყოველდღიურად მიწევს ურთიერთობა აქაურებთან და როცა ვამბობ, მე ნიდერლანდურად ჯერ კიდევ ვერ ვლაპარაკობ-მეთქი, ამას აუცილებლად მოჰყვება შეკითხვა, თუ საიდან ვარ. და მეც შანსი მეძლევა, ვისაუბრო საქართველოზე და გამოვაჩინო ჩვენი დამპყრობლის სახე. ჰო, კიდევ, ხშირად მიდევს ჩანთაში რომელიმე ქართული წიგნი – ჩვენი დამწერლობის საილუსტრაციოდ: მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთი რომ ქართულია, ეს ყველამ მინდა იცოდეს!

სხვათა შორის, ჩემი სკოლის (როგორც გითხარით, ნიდერლანდურ ენას ვსწავლობ) მაგალითიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნიდან და კონტინენტიდან ვართ: არიან აფრიკელები, ესპანელები, პოლონელები, თურქები, ამერიკელიც გვყავს (შტატებიდან), ბრაზილიელიც, ერაყელიც… მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქ ფერადკანიანებიც არიან და მუსლიმებიც;  ყველა მათგანის სურვილია ნიდერლანდური ენის შესწავლა და აქ თავის დამკვიდრება. აი, ამ სკოლის მაგალითზე (ისედაც, ზოგადად), არავინ არავის აგრძნობინებს, რომ რაიმეთი უპირატესია მეორეზე; თბილი, ხალისიანი ურთიერთობებია, არც შენი კანის ფერს ამჩნევს ვინმე, არც ჩაცმულობას და არც რაიმე დანარჩენს: ადამიანი ხარ და დამთავრდა!

მომსახურების მაღალ კულტურაზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა: ნებისმიერ სფეროში ღიმილით და სიამოვნებით რომ გემსახურებიან, შენც იქიდან ბედნიერი გამოდიხარ. განსხვავებულია აქაური ექიმი-პაციენტის ურთიერთობა, მოსწავლე-მასწავლებლის, თუნდაც სახელმწიფო მოხელეების დამოკიდებულება  „უბრალო“ ადამიანებისადმი…

შეიძლება ზოგიერთს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, მე ჩემსას გეტყვით: გარეთ გასულს, ირგვლივ თითქმის ყველა რომ გაგიღიმებს, აბა, ამაზე უკეთესი რა უნდა მიიღოს ერთმა უცნობმა მეორისგან?!

ადამიანებში ძალიან ვაფასებ უშუალობას, კეთილშობილებას, თავაზიანობას, რაც პიროვნების შინაგან კულტურას უსვამს ხაზს. და ერთი ბედნიერებისთვის ისიც საკმარისია, როცა გარშემო შენეული ფასეულობები ლამის ნორმაა: არავინ  იბღინძება და კომპლექსებიანი მედიდურობით არ დაჰყურებს სხვას ზემოდან; კიდევ, აქ მაინც არავინ გეუბნება: „ყველას რატომ უყადრებ თავს?!“

პროფესიით ჟურნალისტი, მუშაობთ სადმე? თავისუფალი დრო რამდენად გაქვთ და როგორ ატარებთ?

ჟურნალისტიკაში დაბრუნება გადაწყვეტილი მაქვს და ეს ჩემი მეუღლის ინსპირაციის შედეგია – როგორც კი მუშაობის სურვილს გამოვთქვამ, მეტყვის ხოლმე: ის საქმე უნდა გააკეთო, რომელიც გიყვარს, რომელიც შენია; თუნდაც მაღალი ხელფასის გამო შენთვის არასასიამოვნო საქმეს ხელი არასოდეს მოჰკიდოო! ჰოდა, პროფესიულ  ტაიმ-აუტს ბოლო მოეღო! სულ სხვა მუხტი დევს ჩვენს პროფესიაში, რომელიც თურმე ძალიან მომნატრებია.

თავისუფალი დრო ბევრი მაქვს და ვხატავ ხოლმე ანუ ვერთობი. კიდევ, ნებისმიერ ამინდში ძალიან მიყვარს ველოსიპედით სეირნობა და ახალი ქუჩებისა თუ ადგილების „ათვისება“. გასვლისას სახლში ამბავს ვტოვებ, თუ დავიკარგე, დაგირეკავ და მომაკითხე-მეთქი. ჯერ არ დავკარგულვარ (იცინის)… მინდა გითხრათ, რომ ველოსიპედი მგონია აქაურების ახალგაზრდობისა და სილამაზის ერთ-ერთი „ელექსირი“ – ძირითადად, ლამაზად ჩამოსხმული წვივები და ფეხები აქვთ, თან ასაკსაც არ ნებდებიან.

ქართველებთან  თუ ურთიერთობთ? ბევრი ქართველია თქვენ ირგვლივ? 

ქართველების გარკვეულ ჯგუფს, ვინც ვახერხებთ შეხვედრებს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამსტერდამში ფუნქციონირებს ქართული კულტურის ცენტრი, რომელსაც სათავეში უდგანან ჩვენი უსაყვარლესი გოგოები – ამ ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო და მისი „მარჯვენა ხელი“, ლალი ბუთბაია.  ცენტრის ორგანიზებით, ასევე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოსის ძალისხმევით, თვეში ერთხელ ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიაში ტარდება წირვა-ლოცვა და ერთად ყოფნის ზეიმი გვაქვს ქართველებს.

ასევე, ვმეგობრობთ ჩვენს პატარა ქალაქში მცხოვრები ქართველები, ერთი დიდი სიამოვნებაა ჩვენი შეკრება.

რაზე გწყდებათ გული და რის იმედი გაქვთ?

გულის ტკენის მიზეზი თავზესაყრელად გვაქვს ქართველებს. ხომ იცით, გაეცნობი საქართველოს ახალ ამბებს და გული გებზარება. ამდენი ნეგატიური ინფორმაცია როგორ უნდა მოახვიო ხალხს, ჩვენს ქვეყანაში ყველას საკუთარი პრობლემებიც ხომ ყელში აქვს ამოსული!  ის, რაც თბილისში და, ზოგადად, საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ხდება, აქედან ხომ ბევრი ჩვენივე გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული. მგონი, ადამიანებს მოქალაქეობრივ შეგნებასთან ერთად საკუთარ სიცოცხლეზე, ასევე, ერთმანეთზე პასუხისმგებლობის დეფიციტიც გვაქვს, აბა, ამდენი გაზის აფეთქება, გაგუდვა, ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა, ამდენი მსხვერპლი – ერთ პატარა ქვეყანაში?!

გული მწყდება თუნდაც იმაზე, რომ  რამდენადაც ქართველებს ერთმანეთი გვეგულება და გვეიმედება, იმდენად გვეშინია კიდეც ერთმანეთის. პარადოქსია, არა?! არც სახელმწიფო გვეგულება, როგორც საიმედო დასაყრდენი. და როცა უსუსური და ხშირად გამოუსადეგარი ხარ საკუთარ სამშობლოში, შენი, როგორც მოქალაქის,  უფლებები და მოვალეობები დაბალანსებული თუ არ არის, დაცულად თუ არ გრძნობ თავს და თავადაც არ იცავ, რაც შენი დასაცავია, იქ  სრულფასოვანი ვერ იქნები და ცოდო ხარ, ადამიანო… ამაზე მტკივა გული.

იმედი? ასე რომ გვჭირდება, შევეფაროთ და სული მოვითქვათ… არც კი ვიცი, რა ვთქვა, დავიბენი… მგონი, საქართველოს რეალობაში საკუთარი თავის და სიძლიერის იმედი უნდა გვქონდეს ყველაზე მეტად და თუ გეგულება ადამიანს თუნდაც ერთი ნამდვილი მეგობარი, ესეც დიდი ბედნიერებაა! არ ვიცი, ვინ რა აზრისაა, მაგრამ მე ყოველთვის მეხმარებოდა უფლის რწმენა, ამაზე დიდი იმედი და გადარჩენა იქნებ არსადაა სხვაგან…

რა არის უმთავრესი თქვენს ცხოვრებაში?

უმთავრესი? მიზნის ქონა და მუდმივად მოძრაობა ამ მიზნისკენ. მე არ მიყვარს მოდუნებული ცხოვრება, მაშინაც კი, როცა გარეგნულად ფარხმალდაყრილი ვჩანვარ, შიგნით, სულში ყოველთვის მაქვს „ქარიშხალი“: გეგმები, იდეები… ჯორჯი ზედმეტად წინდახედული და თავისებურად ჯიუტი ადამიანია, ყველაფერში არ გამოგყვება,  გათვლები თუ არ გააკეთა,  როგორც ეკონომისტმა. თუ არ დარწმუნდა რაიმე წამოწყების სასიკეთო მომავალში, ნაბიჯსაც არ გადადგამს. მე უფრო იმპულსური ვარ, ხშირად მგონი  პროცესზე უფრო ვარ ორიენტირებული, ვიდრე შედეგზე.

ამ ეტაპზე რა არის თქვენი მიზანი?

ნიდერლანდური ენის შესწავლა…

სასწაულების თუ გჯერათ და რა უნდა მოხდეს ისეთი თქვენს ცხოვრებაში, რომ თქვათ, სასწაულიაო…

სასწაული მოხდება, დიდი ხნის ფანტაზიის მაგვარი ოცნება თუ ამისრულდება: უცებ დიდი ფული რომ ვიშოვო, ან მოვიგო, საქართველოში დიიდ სახლს ავაშენებდი, სადაც ნებისმიერი გაჭირვებული ადამიანი შეძლებდა შესვლას, ღამის გათევას, სადილობას, ერთი ლამაზი დღის გატარებას… მიუსაფარი ადამიანი მოვიდოდა და თუ წასასვლელი არსად ექნებოდა, დარჩებოდა. ვერც წარმოიდგენთ, როგორ მინდა ამის გაკეთება და თუ ოდესმე მივაღწევ, აი, მაშინ ვიტყვი, სასწაული მოხდა-მეთქი.

ჩემს ადგილას რომ იყოთ, რა შეკითხვას დაუსვამდით ლუიზა ლაწუნაშვილს და რას უპასუხებდით?

ლუიზას რა ვკითხო… რა ვკითხო… აა, ლუიზა, მისმინე: სულის რეინკარნაციის მართლა გჯერა?! ცოტას ხომ არ უბერავ?!

ახლა უნდა ვუპასუხო?

ცხადია…

მჯერა, რომ ისევ მოვალ და რაც ამ ცხოვრებაში ვერ შევძელი, შემდეგში დავადგამ გვირგვინს, აბა, სად წამივა?! 🙂 …  ხანდახან სერიოზულად მჯერა რეინკარნაციის. მომავალშიც მერწყულის ჰოროსკოპით დავიბადები, მაგრამ მთვარე კირჩხიბში აღარ მექნება; უფრო მეტად გაბედული ვიქნები, ცოტა მებრძოლიც, რაღაცების უფრო გამტარი და  „უფრო… მოცეკვავე“ …

ისე, ერთი სიცოცხლე ყველაფრის მოსასწრებად ძალიან ცოტაა!..

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close