მსოფლიოპოლიტიკა

რას ჰყვება ჰამასის მიერ გათავისუფლებული კიდევ ერთი მძევალი – „ჯოჯოხეთი გამოვიარე“

„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 85 წლის იოხევედ ლიფშიცმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის 17 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, გვირაბებში ჰყავდათ დატყვევებული.

„ჯოჯოხეთი გამოვიარე“, – განაცხადა იოხევედ ლიფშიცმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, იოხევედ ლიფშიცი და მისი მეუღლე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია, ცნობილი აქტივისტები არიან, რომლებიც ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს წლებია ეხმარებიან, მათ შორის, ისრაელის კლინიკებში სამკურნალოდ გადაჰყავთ.

ლიფშიცი ყვება, რომ გატაცების დროს მას ჯოხით სცემეს, თუმცა შემდეგ ნორმალურად ექცეოდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, გათავისუფლებისას ერთ-ერთი გამტაცებლისთვის ხელი ჩამოერთმია.

ლიფშიცმა ასევე განაცხადა, რომ მძევლებს ჰქონდათ საკვები, მას აკითხავდა ექიმი და წამლებს აძლევდა. მისივე თქმით, მძევლებსა და მათ მცველებს ერთი და იგივე საკვები, კერძოდ, პური, ყველი და კიტრი ჰქონდათ. იოხევედ ლიფშიცი ამბობს, რომ მცველებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც მძევლებს ჰიგიენის დაცვაში ეხმარებოდნენ.

მებრძოლებს, რომლებსაც ის დატყვევებული ჰყავდათ, ქალი ახასიათებს „გულითად და ზრდილობიან ადამიანებად, რომლებიც მძევლებს კარგად ექცეოდნენ“.

„ისინი გვივლიდნენ, რომ ავად არ გავმხდარიყავით“, – განაცხადა ყოფილმა მძევალმა.

იოხევედ ლიფშიცის თქმით, მას გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ტყვეების ასაყვანად, რადგან ჰქონდათ მძევლებისთვის აუცილებელი ყველა ნივთი, მათ შორის ლეიბი, შამპუნი და ა.შ.

პრესკონფერენციის დასასრულს ყოფილმა მძევალმა გააკრიტიკა ისრაელის მთავრობა, რომელიც, ლიფშიცის თქმით, არასერიოზულად მიუდგა „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმის საფრთხეს. ლიფშიცის განმარტებით, „ჰამასის“ წევრები 7 ოქტომბრის თავდასხმამდე სამი კვირით ადრე გადმოვიდნენ მათ მიწაზე და გადაწვეს, რასაც ისრაელის არმია სერიოზულად არ მოეკიდა.

1tv.ge

p. s. მძევლობიდან გათავისუფლებულმა 85 წლის ქალმა მიწისქვეშა გვირაბების „უზარმაზარი ქსელი“, რომელსაც ჰამასი მართავს, ობობას ქსელს შეადარა.

იოხევედ ლიფშიცი ერთ-ერთია იმ ორი ებრაელი ქალიდან, რომლებიც ჰამასმა 23 ოქტომბერს გაათავისუფლა. მასთან ერთად გათავისუფლებულია 79 წლის ნურით კუპერიც.

მანამდე კი ამერიკის მოქალაქე ორი მძევალი – დედა-შვილი, ჯუდით და ნატალი რაანანები დააბრუნეს სახლში.

ისრაელის ცნობით, ორშაბათ დილის მონაცემებით, ჰამასს ღაზის ტერიტორიაზე 222 ადამიანი ჰყავს მძევლად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close