მიგრაციაქართველები უცხოეთშისაქართველო

ათენში „საქართველოს დღეები“ გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ნოდარ დუმბაძის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი წარმოადგინეს (ფოტო, ვიდეო)

 21 და 22 ოქტომბერს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „საქართველოს დღეები“ გაიმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით.

ღონისძიების ფარგლებში, 21 ოქტომბერს მოსხატოს კულტურის ცენტრში (Χρυσοστόμου Σμύρνης 18, Μοσχάτο), ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „მზიანი გული“. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალი იყო.

წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან (1928 წლის 14 ივლისი) 95 წლისთავს მიეძღვნა.

პროექტი ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის ინიციატივით განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან – მუხრან გულაღაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

მუხრან გულაღაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის შეიმუშავა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ზოგადად, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეების გადაჭრის გზებს.

მუხრან გულაღაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ათენის ქართული დიასპორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

მუხრან გულაღაშვილთან შეხვედრა
სამახსოვრო ფოტო სპექტაკლის და შეხვედრის შემდეგ, 21 ოქტომბერი, 2023, ათენი. ფოტო საქართველოს საელჩოს ფეისბუქიდან

მეორე დღეს, 22 ოქტომბერს გალაცის მუნიციპალიტეტის პარკში თბილისობის დღე გაიმართა.

ნინო ბაჯელიძე, თეა გაგუა

ათენი, 21-22 ოქტომბერი, 2023 წელი

ფოტოების და ვიდეოების ავტორი – თეა გაგუა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close