სამზარეულო
უგემრიელესი ორაგული პიკანტურ სოუსში – სწრაფად და მარტივად

დახვეწილი, რესტორნის სტილის კერძის მომზადება სახლში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. ნაზი ორაგული არომატულ, მომჟავო-მოტკბო სოუსში შესანიშნავი არჩევანია რომანტიკული ვახშმისთვის და ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც გსურთ სტუმრებს განსაკუთრებული კერძით გაუმასპინძლდეთ.
კერძი სწრაფად მზადდება, არ საჭიროებს ბევრ ინგრედიენტს და ვიზუალურადაც შთამბეჭდავად გამოიყურება.
ორაგულთან ერთად შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ ბოსტნეული (მაგ., მარილწყალში მოწალული ან ჰაერღუმელში გამომცხვარი ბროკოლი, სატაცური), ბრინჯი ან ხრაშუნა კარტოფილი (ფრი).
საჭირო პროდუქტი
- ორაგულის სტეიკი – 4 ცალი
- ფორთოხლის წვენი – 4 ცალი ფორთოხლისგან
- ზეითუნის ზეთი – 1 სუფრის კოვზი
- შებოლილი პაპრიკა – 1 ჩაის კოვზი
- შტოში (ან წითელი მოცხარი) – 150 გ
- შაქარი – 100 გ
- მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი
- თავდაპირველად მოამზადეთ მარინადი – გამოწურეთ წვენი ერთი ფორთოხლიდან, ჩაასხით მასში ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ მარილი, პაპრიკა, შავი პილპილი და აურიეთ.
- მარინადი კარგად წაუსვით ფუნჯით ორაგულის სტეიკებს და დატოვეთ 15-20 წუთით.
- ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ სოუსი – სამი ფორთოხლიდან გამოწურეთ წვენი, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და კენკრა, მიიყვანეთ ადუღებამდე და რამდენიმე წუთი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
- უფრო ინტენსიური ტექსტურისთვის კენკრის ნაწილი დააბლენდერეთ, ნაწილი კი მთლიანი დატოვეთ.
- ტაფა გააცხელეთ და ორაგული შეწვით ზეთში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე (სურვილისამებრ შეგიძლიათ უცხიმოდ გამოაცხოთ გრილში ან ჰაერღუმელში).
- მზა თევზი გადაიტანეთ ლანგარზე და უხვად გადაასხით სოუსი. გააფორმეთ რუკოლით ან ახალი მწვანილით (მაგალითად, კამით).
გემრიელად მიირთვით!



