მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

28 თებერვალს ცაზე უნიკალური სანახაობა იქნება – როგორ დავინახოთ პლანეტების პარადი და ვისზე იმოქმედებს

2026 წლის თებერვლის ბოლოს ცაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული სანახაობა გველოდება – „პლანეტების პარადი“. ერთდროულად ექვსი პლანეტა მოექცევა ცის ერთ მონაკვეთში, რაც იშვიათი და თვალწარმტაცი მოვლენა იქნება როგორც მოყვარულებისთვის, ისე პროფესიონალი ასტრონომებისთვის.

მთავარი თარიღი 28 თებერვალია, როდესაც საღამოს, მზის ჩასვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ცაზე ერთდროულად გამოჩნდება:

  • მერკური
  • ვენერა
  • სატურნი
  • იუპიტერი
  • ურანი
  • ნეპტუნი

ამას თითქმის დაემატება სავსე მთვარეც, რომელიც იუპიტერთან ახლოს აღმოჩნდება და ცის პანორამას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

რა არის „პლანეტების პარადი“

„პლანეტების პარადი“ არაოფიციალური ტერმინია. მეცნიერებაში ამ მოვლენას პლანეტების ერთ ხაზზე გასწორებას, გნებავთ, ჩამწკივებას (alignment) უწოდებენ.

ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე პლანეტა ერთდროულად აღმოჩნდება მზის ერთ მხარეს და ცაზე ერთმანეთთან შედარებით ახლოს გამოჩნდება. სინამდვილეში ისინი, რა თქმა უნდა, კოსმოსში სწორ ხაზში არ არიან „ჩამწკრივებულნი“ – უბრალოდ, დედამიწიდან ჩანს ასე.

ამგვარი მოვლენა იშვიათია. მაგალითად, ყველა პლანეტის ერთ სექტორში მოქცევა ამ ათასწლეულში მხოლოდ რამდენჯერმე მოხდება.

რატომ ხდება პლანეტების პარადი

ყველა პლანეტა მზის გარშემო დაახლოებით ერთ სიბრტყეში მოძრაობს (უფრო ზუსტად, პლანეტების ორბიტები ერთმანეთთან თითქმის ერთსა და იმავე გეომეტრიულ დონეზეა), თუმცა განსხვავებული სიჩქარით.

მაგალითად:

  • ვენერა მზის გარშემო ერთ ბრუნს 225 დღეში აკეთებს;
  • დედამიწა – 365 დღეში;
  • იუპიტერს კი თითქმის 12 წელი სჭირდება, რომ მზეს „წრე დაარტყას“.

სიჩქარეების ამ განსხვავების გამო პლანეტების პოზიცია მუდმივად იცვლება. ზოგჯერ მათი ორბიტები ისე ემთხვევა, რომ რამდენიმე მათგანი ერთ სექტორში იყრის თავს – სწორედ მაშინ ხდება „პარადი“.

როდის და სად იქნება შესაძლებელი დაკვირვება ყველაზე უკეთ

მოვლენის პიკის თარიღი სხვადასხვა რეგიონში მცირედით იცვლება:

  • 25 თებერვალი – სან-პაულუ
  • 28 თებერვალი – მოსკოვი, ნიუ-იორკი, ტოკიო
  • 1-ელი მარტი – ბერლინი, ლონდონი, პეკინი

საქართველოში საუკეთესო დრო იქნება 28 თებერვლის საღამო – მზის ჩასვლიდან 30-60 წუთში.

პლანეტები ცაზე დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით განლაგდება, ეკლიპტიკის გასწვრივ, მშვილდისებური რკალის ფორმით.

როგორ ამოვიცნოთ პლანეტები ცაზე

ყველაზე ადვილად შესამჩნევი იქნება:

  • ვენერა – ყველაზე კაშკაშა, დასავლეთის ჰორიზონტთან
  • იუპიტერი – სიკაშკაშით მეორე, მაღლა ცაზე
  • სატურნი – მოყვითალო, ვენერასა და იუპიტერს შორის

უფრო რთულად დასანახი:

  • მერკური – ძალიან დაბლა ჰორიზონტთან, მზის ჩასვლიდან მალევე
  • ურანი – დურბინდით
  • ნეპტუნი – ტელესკოპით

მნიშვნელოვანი ნიშანი: ვარსკვლავებისგან განსხვავებით, პლანეტები არ ციმციმებენ – ისინი თანაბარ, მშვიდ სინათლეს გამოსცემენ.

როგორ მოვემზადოთ დაკვირვებისთვის

თუ გსურთ მაქსიმალურად კარგად დანახვა:

✔ აირჩიეთ ადგილი, საიდანაც კარგად ჩანს დასავლეთის ჰორიზონტი;
✔ დაიწყეთ დაკვირვება მზის ჩასვლიდან 30-60 წუთში;
✔ წადით ქალაქის განათებისგან მოშორებით;
✔ გამოიყენეთ ბინოკლი/დურბინდი ან ტელესკოპი;
✔ ჩამოტვირთეთ ასტრონომიული აპლიკაციები, მაგალითად:

  • Star Walk 2
  • Sky Tonight
  • Stellarium

ეს პროგრამები რეალურ დროში აჩვენებენ, სად უნდა მოძებნოთ თითოეული პლანეტა.

მთავარი პირობა – ამინდი

დაკვირვებისთვის აუცილებელია ცა მოწმენდილი იყოს. თუ ამინდი ხელს შეგიშლით, კარგი შანსი შეიძლება მომდევნო დღეებშიც გქონდეთ, დროის იმავე მონაკვეთში – პლანეტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან ახლოს.

პლანეტების პარადი და ზოდიაქოს ნიშნები – რას ამბობენ ასტროლოგები

ასტროლოგების შეფასებით, რამდენიმე პლანეტის ერთ სექტორში თავმოყრა სიმბოლურად ასოცირდება ენერგიის კონცენტრაციასთან, გარდამავალ პერიოდებთან, როდესაც ადამიანები უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, სურვილებსა და ცხოვრების მიმართულებას. ისინი ხშირად ასეთ პერიოდებს „ენერგიის კონცენტრაციის ფანჯარას“ უწოდებენ – დროს, როდესაც შინაგანი მოტივაცია ძლიერდება და ცვლილებების დაწყება უფრო მარტივი ხდება. ზოგი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ 28 თებერვალი წლის ერთ-ერთ ენერგეტიკულად ძლიერ პერიოდს გახსნის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს გავლენა ზოდიაქოს იმ ნიშნებისთვის, რომლებიც ცვლილებებსა და გადაწყვეტილებებთან არიან კავშირში:

  • ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა – მნიშვნელოვანი არჩევანისა და ახალი ეტაპის დაწყების პერიოდი;
  • კურო და მორიელი – ფინანსური და პრაქტიკული საკითხების ახალი ხედვით შეფასება;
  • ტყუპი, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები – ახალი იდეები, ურთიერთობები და პერსპექტივები.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ინტერპრეტაციები სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მეცნიერულ პროგნოზს არ უკავშირდება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „პლანეტების პარადი“ მხოლოდ ვიზუალური ასტრონომიული მოვლენაა და დედამიწაზე ფიზიკურ გავლენას არ ახდენს. მიუხედავად ამისა, ცის იშვიათი სანახაობები ადამიანებში ხშირად შთაგონებას, ემოციურ ამაღლებას იწვევს და მათ სიმბოლური მნიშვნელობების ძიებისკენ უბიძგებს.

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close