აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 თებერვალს კონგრესის წინაშე ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ, მეორე დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მუქარის შემცველი პოსტი, რომელშიც დემოკრატ კონგრესმენებს – ილჰან ომარსა და რაშიდა თლაიბს, აგრეთვე, ჰოლივუდის მსახიობს რობერტ დე ნიროს მწვავედ აკრიტიკებს და მათ „ქვეყნიდან გაძევებაზე“ საუბრობს.
ტრამპი კონგრესმენებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და წერს:
„როდესაც უყურებ დაბალი IQ-ს მქონე ილჰან ომარს და რაშიდა თლაიბს, რომლებიც უკონტროლოდ ყვიროდნენ გუშინ ღამით კონგრესის წინაშე ჩემი ძალიან ელეგანტური გამოსვლის დროს… ისინი მოსყიდული და კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავგზავნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ. მათ მხოლოდ აშშ-ს დაზიანება შეუძლიათ“.
ილჰან ომარი და რაშიდა თლაიბი ტრამპის გამოსვლისას მის საწინააღმდეგო რეპლიკებს ისროდნენ. ილჰან ომარმა ტრამპს დაუყვირა, რომ „იგი ამერიკელების მკვლელია“ და „უნდა რცხვენოდეს ამის გამო“. კონგრესვუმენს მხედველობაში ჰქონდა ამერიკის მოქალაქეების, რენე ჰუდისა და ალექს პრეტის მკვლელობა, რომლებიც საიმიგრაციო პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა სროლისას მოკლეს. ამან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია ICE-ს მოქმედებების წინააღმდეგ. დემოკრატი კონგრესვუმენის მწვავე რეაქცია მოჰყვა ტრამპის განცხადებას ამერიკელების პრიორიტეტზე იმიგრანტებთან შედარებით. პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას კონგრესში ათობით დემოკრატი კონგრესმენი არ ესწრებოდა, სხვებმა კი ტრამპის სიტყვით გამოსვლისას დატოვეს დარბაზი.
რობერტ დე ნიროს შესახებ კი ტრამპი წერს:
„ისინი ერთ ნავში უნდა ჩასხდნენ ტრამპზე გადაკიდებულ რობერტ დე ნიროსთან, კიდევ ერთ ავადმყოფ და გონებადახშულ ადამიანთან ერთად… ზოგიერთი მისი გამონათქვამი ნამდვილად დანაშაულებრივია“.
რობერტ დე ნირომ, რომელიც ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია, მანამდე განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ტრამპი არასდროს დატოვებს თეთრ სახლს საკუთარი ნებით და ამერიკელებმა ის „უნდა მოიშორონ“. „ის იდიოტია. ჩვენ ის უნდა მოვიშოროთ. ის დაანგრევს ქვეყანას“, – განაცხადა 82 წლის მსახიობმა. ღონისძიებაზე, რომელიც კონგრესში ტრამპის გამოსვლის პარალელურად გაიმართა, დე ნირომ თქვა, რომ ამჟამად აშშ-ს „რამდენიმე ხარბი და სასტიკი ავტორიტარი მართავს“.
„მე ვგრძნობ, რომ ჩემმა სამშობლომ მიღალატა. ის არ არის ვალდებული იყოს იდეალური, მაგრამ აუცილებელია დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, რომლებმაც ჩვენ ძლიერება და ადამიანობა მოგვცეს“, – განაცხადა დე ნირომ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ჰოლივუდის ვარსკვლავს – ჯორჯ კლუნის დაუპირისპირდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც კლუნიმ გასული წლის დეკემბრის ბოლოს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ტრამპმა მსახიობი მკაცრად გააკრიტიკა და „საშუალო დონის“ არტისტად მოიხსენია.
„კლუნი უფრო ცნობილი გახდა პოლიტიკის წყალობით, ვიდრე თავისი ძალიან მცირერიცხოვანი და სრულიად საშუალო დონის ფილმებით. ის საერთოდ არ ყოფილა კინოვარსკვლავი – უბრალოდ, რიგითი ადამიანი იყო, რომელიც მუდმივად უჩიოდა საღ აზრს პოლიტიკაში“, – დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
პრეზიდენტმა ჯორჯ კლუნის და მისი მეუღლეს – ამალის „ყველაზე უარესი პოლიტიკური პროგნოზისტები“ უწოდა. ტრამპის თქმით, საფრანგეთში, რომელიც მათ საცხოვრებლად აირჩიეს, საშინელი სიტუაციაა დანაშაულის მხრივ მიგრაციული პოლიტიკის გამო.
ჯორჯ კლუნიმ პასუხი არ დააყოვნა და ტრამპის ცნობილ სლოგანს – „Make America Great Again“ – ირონიულად გამოეხმაურა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ეთანხმება სურვილს „ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს“, თუმცა „ნოემბრიდან“ – რაც მინიშნება იყო წარმომადგენელთა პალატის მომავალ შუალედურ არჩევნებზე და კონგრესის ქვედა პალატაში ძალთა შესაძლო გადანაწილებაზე.
ტრამპის დაპირისპირება ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და დემოკრატ პოლიტიკოსებთან კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად გამწვავებულია პოლიტიკური რიტორიკა აშშ-ში. არჩევნების მოახლოების ფონზე მსგავსი განცხადებები, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას, არამედ საკუთარი ელექტორატის მობილიზებასაც ემსახურება.
ნანა ძნელაძე



