
იტალიის ქალაქებში ქუჩაში ძარცვის, ძალადობისა და დანით თავდასხმის შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ბოლო კვირებში იტალიურმა გამოცემებმა არაერთი მძიმე დანაშაულის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია – თავდასხმები რამდენიმე ათეული ევროს, ტელეფონისა თუ პირადი ნივთების გამო, მკვლელობები. ამ ყველაფერს ემატება საკადრო დეფიციტი სამართალდამცავ სტრუქტურებში: პოლიციაში, კარაბინერებსა და ფინანსურ გვარდიაში ერთად 28 299 საშტატო ადგილია ვაკანტური.
ბოლო კრიმინალურ შემთხვევებს შორისაა თავდასხმა ტორე-დელ-გრეკოში, სადაც 17 წლის მოზარდს სათვალის წართმევის მიზნით პნევმატური იარაღიდან სახეში ესროლეს. ბოლონიაში მამაკაცი ტელეფონის გამო სცემეს და ყურზე უკბინეს. ფლორენციაში 43 წლის მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე დანით დაჭრეს მას შემდეგ, ფლორენციაში 43 წლის მამაკაცი ავტობუსის გაჩერებაზე დანით დაჭრეს მას შემდეგ, რაც მძარცველს საფულე არ დაანება.
რომში ორ მამაკაცს დანით მძიმე ჭრილობები მიაყენეს. რამდენიმე დღით ადრე კი იმავე რაიონში 44 წლის მამაკაცი მაკრატლით მოკლეს 20 ევროს გამო. მილანში 92 წლის პენსიონერი გარდაიცვალა გაძარცვის შემდეგ. თავდამსხმელები მას კარაბინერების სახელით წარუდგნენ და ვითომ შემოწმების ჩატარების საბაბით სახლში შეაღწიეს.
ეს შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი იტალიას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მოიხსენიებდა, თუმცა ცალკეული კატეგორიის დანაშაულთა სტატისტიკა განსხვავებულ სურათს აჩვენებს.
რომელი დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა?
გამოცემა Today.it-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს იტალიაში ქუჩაში ძარცვის 15 211 შემთხვევა აღირიცხა, რაც 14,3%-იანი ზრდაა 2019 წელთან შედარებით (13 307 შემთხვევა).
ამავე პერიოდში ჩანთების გატაცების შემთხვევები 4,8%-ით გაიზარდა, ჯიბის ქურდობა კი 3,5%-ით შემცირდა. ნარკოტიკებით ვაჭრობის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 18,9%-ით ნაკლები იყო.
ქუჩაში ძარცვის შემთხვევების რაოდენობა იტალიის რეგიონებსა და პროვინციებში თანაბრად არ გაზრდილა. 2019-2025 წლებში ასეთი დანაშაულების რაოდენობა 106 პროვინციიდან 56-ში გაიზარდა. განსაკუთრებით მკვეთრი მატება დაფიქსირდა ფლორენციაში – 152%, ვერონაში – 118% და ბოლონიაში – 101%.
ვენეციაში მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა, გენუაში – 42%-ით, რომში – 25%-ით, მილანში კი – 13%-ით. ნეაპოლში, პირიქით, ქუჩაში ძარცვის შემთხვევები 37%-ით შემცირდა.

რას ფიქრობენ თავად იტალიელები საკუთარ უსაფრთხოებაზე?
იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახების 27% მიიჩნევდა, რომ მათი საცხოვრებელი უბანი კრიმინალის თვალსაზრისით საკმაოდ ან ძალიან სახიფათო იყო. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 26,6%-ს შეადგენდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა კიდევ ერთი მონაცემი: იტალიის მოსახლეობის მხოლოდ 55,9% გრძნობს თავს საკმაოდ ან სრულიად უსაფრთხოდ, როდესაც სიბნელეში საკუთარ უბანში მარტო გასვლა უწევს.
პოლიციის პატრულები ყველა გამოძახებაზე რეაგირებას ვერ ასწრებენ
პრობლემას მხოლოდ დანაშაულის ცალკეულ სახეობათა ზრდა არ ქმნის. იტალიაში სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელთა რაოდენობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ყველა გამოძახებაზე დროულად მოხერხდეს რეაგირება.
2026 წლის აპრილში იტალიის სენატში წარდგენილი მონაცემების თანახმად, პოლიციაში, კარაბინერებსა და ფინანსურ გვარდიაში მთლიანობაში 294 302 საშტატო ადგილია გათვალისწინებული, თუმცა რეალურად ამ სტრუქტურებში 266 003 ადამიანი მსახურობს. შესაბამისად, შეუვსებელი რჩება 28 299 ადგილი (პოლიციაში – 12 813, კარაბინერებში – 9 727, ფინანსურ გვარდიაში კი – 5759) , რაც გათვალისწინებული საშტატო რაოდენობის დაახლოებით 9,6%-ია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები სამივე უწყების მთლიან პირად შემადგენლობას ეხება და არა მხოლოდ ქუჩაში პატრულირებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს.
პოლიციის პროფკავშირის – Silp Cgil-ის გენერალური მდივანი პიეტრო კოლაპიეტრო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ აისახება კადრების ნაკლებობა ყოველდღიურ მუშაობაზე.
მის მიერ Today.it-თან მოყვანილი მაგალითის მიხედვით, ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ღამის ცვლაში მხოლოდ ერთი ეკიპაჟი პატრულირებდა. პოლიციელები მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ, როდესაც ერთდროულად ორი გამოძახება მიიღეს: ერთ შემთხვევაში მაღაზიას ქურდავდნენ, მეორე შემთხვევაში კი ოჯახური ძალადობის შესახებ შეატყობინეს.
პოლიციელებს არჩევანის გაკეთება მოუხდათ და ოჯახური ძალადობის მისამართზე გაემართნენ. მაღაზიის გაქურდვის ადგილზე მისასვლელად სხვა რაიონიდან გამოგზავნილ ეკიპაჟს 20 წუთზე მეტი დრო დასჭირდა და ქურდებმა მიმალვა მოასწრეს.
კოლაპიეტროს თქმით, მსგავსი ვითარება გამონაკლისი აღარ არის. ზოგიერთ მცირე საპოლიციო განყოფილებაში ღამის პატრულირება საერთოდ ვერ ხერხდება და დახმარების მისაღებად ათეულობით კილომეტრით დაშორებული დანაყოფების გამოძახება უწევთ.
პრობლემას ამძიმებს სამართალდამცველთა არათანაბარი განაწილებაც. მაგალითად, ბოლო წლებში სიცილიაში სახელმწიფო პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა 1027-ით, დაახლოებით 10,2%-ით შემცირდა. ლომბარდიაში კი, პირიქით, 1560 თანამშრომლით, ანუ 16,1%-ით გაიზარდა.
პოლიციის პროფკავშირის – Sap-ის (Sindacato Autonomo di Polizia) გენერალური მდივანი სტეფანო პაოლონი ამ განსხვავებას პრიორიტეტების ცვლილებით ხსნის. მისი განმარტებით, მაფიასა და ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე დაძაბული ეტაპების დასრულების შემდეგ სამართალდამცველთა რესურსების გადანაწილება მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილოეთის მსხვილმა ქალაქებმა მეტი თანამშრომელი მიიღეს, სამხრეთის რეგიონებში კი რესურსები შეიზღუდა.
არანაკლებ პრობლემურია პოლიციელთა ასაკობრივი შემადგენლობაც. სახელმწიფო პოლიციის თანამშრომელთა 42%-ზე მეტი 50-დან 55 წლამდე ასაკისაა, დაახლოებით 20,5% კი 55 წელს გადაცილებულია.
პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღამის საათებში ჩხუბის, ძალადობრივი კონფლიქტებისა და სხვა სახიფათო შემთხვევების დროს მუშაობა თავად სამართალდამცველებისთვისაც სერიოზულ რისკს ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალების დახმარების იმედი არ აქვთ.
საკადრო დეფიციტის მოგვარების გეგმა
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა სამი ძალოვანი უწყებისთვის 2027 წლის ბოლომდე 25 ათასზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღების გეგმა დააანონსა. თუმცა პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს საკადრო დეფიციტის სრულად აღმოსაფხვრელად საკმარისი არ იქნება.
საქმე ისაა, რომ ყოველწლიურად ათასობით თანამშრომელი საპენსიო ასაკის გამო ტოვებს სამსახურს, სასწავლო ცენტრებს კი წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 4-4,5 ათასი ადამიანის მომზადება შეუძლიათ.
ამასთან, ვაკანტური ადგილების შესავსებად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც მცირდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად დაბალი ხელფასები და სამსახურის რთული პირობები სახელდება.
პროფკავშირების წარმომადგენლები კიდევ ერთ პრობლემაზე – განმეორებით დანაშაულზეც ამახვილებენ ყურადღებას: მათი თქმით, ქურდობისა და ძარცვისთვის დაკავებული პირები ზოგჯერ მალევე კვლავ ქუჩაში ხვდებიან და ისევ ჩადიან დანაშაულს.
შედეგად, იტალია ერთდროულად ორი გამოწვევის წინაშე დგას: ზოგიერთ ქალაქში ქუჩის დანაშაულის ცალკეული სახეობები მატულობს, სამართალდამცველთა რაოდენობა კი საკმარისი არ არის ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირებისთვის. ხელისუფლება ახალი კადრების მიღების გეგმებზე საუბრობს, თუმცა ზოგიერთ დასახლებაში მოსახლეობას დახმარების მოლოდინში გაცილებით დიდხანს უწევს ყოფნა, ვიდრე ეს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
ნინო ხოშტარია



