იტალიაკრიმინალი

იტალიის პოლიციის ყოფილი უფროსის იდუმალი სიკვდილი – რა საქმეში ფიგურირებდა ჯანი დე ჯენარო და რა აღმოაჩინეს მის სახლში

78 წლის ყოფილი მაღალჩინოსანი ტოსკანაში, საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს. ჯანი დე ჯენაროს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიის პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც 1992 წელს მაფიის მიერ მოკლული მოსამართლის, პაოლო ბორსელინოს საქმეს უკავშირდება. ახლა გამომძიებლები გარდაცვლილის ტელეფონებს, ხელნაწერებსა და დოკუმენტებს სწავლობენ.

იტალიის პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯანი დე ჯენაროს სიკვდილმა ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. 78 წლის ყოფილი მაღალჩინოსანი 21 ნოემბერს ტოსკანაში, საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. დე ჯენაროს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი სიცილიის პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც იტალიის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ თავს – მაფიის მიერ 1992 წელს მოწყობილ ტერაქტსა და მის შემდგომ გამოძიებაში სავარაუდო ხელის შეშლას უკავშირდება.

თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ყოფილი პოლიციელის გარდაცვალებით არ დასრულებულა. გამომძიებლებს აინტერესებთ, რა მოხდა მისი სიცოცხლის ბოლო საათებში, ვისთან ჰქონდა კონტაქტი და რა ინფორმაცია დატოვა. მის სახლში აღმოჩენილი წერილები, დოკუმენტები და რამდენიმე დალუქული კონვერტი შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ბოლო საათები ტოსკანურ აგარაკზე

ჯანი დე ჯენაროს ცხედარი 21 ნოემბრის დილას ტოსკანის რეგიონში, გროზეტოს პროვინციაში, მონტიანოს მახლობლად მდებარე აგარაკის დამხმარე შენობაში აღმოაჩინეს. ოჯახის წევრები მას ვერ დაუკავშირდნენ, რადგან ყოფილი მაღალჩინოსანი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ამიტომ მათ მამულის მომვლელს სთხოვეს, მისულიყო და შეემოწმებინა, რაში იყო საქმე.

მომვლელი ადგილზე მივიდა და დე ჯენარო სავარძელში გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, მას ნახევრადავტომატური პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

გამოძიების თანახმად, დე ჯენარო რომიდან ტოსკანაში 20 ნოემბერს, პარასკევს, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრა. მანამდე დილა ადვოკატ ფრანკო კოპის კაბინეტში გაატარა, სადაც დაცვის სტრატეგიაზე მსჯელობდნენ. საქმე ეხებოდა სწორედ იმ გამოძიებას, რომლის ფარგლებში მას 1992 წლის ვია დამელიას ტერაქტის საქმეზე გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ.

იტალიური მედიის ცნობით, დე ჯენარომ გამგზავრებამდე მეუღლეს უთხრა, რომ აგარაკზე საქმის მასალების წასაკითხად მიდიოდა. მან თან წაიღო პროკურატურის მიერ მომზადებული დოკუმენტები, მათ შორის, დაკავების მოთხოვნა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და 12 ნოემბრის ჩხრეკის განკარგულება.

საინტერესოა, რომ ტოსკანაში ჩასვლის შემდეგ მან დაცვის თანამშრომლებიც დაითხოვა და გარკვეული დროის განმავლობაში მარტო დარჩა. მეუღლესთან სატელეფონო საუბარიც ჰქონდა, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის.

დე ჯენაროს ნაცნობების თქმით, ბოლო დღეებში ის უჩვეულოდ ჩუმი და დამწუხრებული იყო. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი საერთოდ აღარ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში იცნობდნენ.

წერილები, ტელეფონები და დალუქული კონვერტები

გარდაცვლილის სახლში აღმოჩენილმა ნივთებმა გამოძიებას ახალი მიმართულებები მისცა.

გამომძიებლებმა იპოვეს ხელნაწერი, რომელიც ოჯახის წევრებისა და მამულის მომვლელისთვის იყო განკუთვნილი. წინასწარი ცნობით, მასში ძირითადად ორგანიზაციული ხასიათის მითითებები იყო მოცემული. სხვა ოთახში კი რამდენიმე დალუქული კონვერტი აღმოაჩინეს, რომლებიც ახლა ფლორენციის სასამართლო ორგანოების განკარგულებაშია.

გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს დე ჯენაროს მობილურ ტელეფონებსაც. სამართალდამცველებმა მისი ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს და ბოლო სატელეფონო ზარებს, შეტყობინებებსა და სხვა კომუნიკაციას შეისწავლიან. მათ სურთ დაადგინონ, ვის ესაუბრა იგი სიცოცხლის ბოლო საათებში და ხომ არ არსებობს ისეთი მიმოწერა, რომელიც მომხდარის გარემოებებს ნათელს მოჰფენს.

ცალკე შეისწავლიან მის მიერ მომზადებულ დოკუმენტებსაც. ცნობილია, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე მუშაობდა საკუთარი პოზიციის წერილობით ჩამოყალიბებაზე და ცდილობდა, გამოძიების ფარგლებში მისთვის წაყენებული ეჭვები დეტალურად გაებათილებინა.

გამომძიებლების ყურადღების ცენტრშია, აგრეთვე, დე ჯენაროს შვილის განკარგულებაში არსებული მყარი დისკი, რომელიც სამართალდამცველებმა მანამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას ამოიღეს.

22 ნოემბრის მდგომარეობით, აგარაკი დალუქული იყო და მას კარაბინერები იცავდნენ. კრიმინალისტებმა და კარაბინერების სპეციალიზებულმა საგამოძიებო დანაყოფმა (RIS) შემთხვევის ადგილი შეისწავლეს. მათ სისხლის კვალისა და თითის ანაბეჭდების ჩათვლით ბიოლოგიური მასალები შეაგროვეს, რათა მომხდარის სურათი აღედგინათ და სხვა პირების მონაწილეობა გამოერიცხათ.

სახლში დაახლოებით ოცი ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩინეს – პისტოლეტები და თოფები, რომლებიც კანონიერად იყო რეგისტრირებული. დე ჯენაროს ცხედარი გროზეტოს საავადმყოფოდან ფლორენციის კარეჯის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაიყვანეს ექსპერტიზის ჩასატარებლად.

გროზეტოს პროკურატურამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის შესაძლო ფაქტზე აღძრა. ეს არ ნიშნავს, რომ გამომძიებლებს უკვე ჰყავთ ეჭვმიტანილი – მათ უნდა დაადგინონ, ხომ არ მოახდინა ვინმემ გავლენა ყოფილი მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებაზე.

პაოლო ბორსელინო – მოსამართლე, რომლის მკვლელობამ იტალია შეძრა

იმის გასაგებად, რატომ აღმოჩნდა დე ჯენარო გამოძიების ცენტრში, 1992 წლის სიცილიაში უნდა დავბრუნდეთ.

იმ პერიოდში იტალიის მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას ორი ცნობილი მოსამართლე – ჯოვანი ფალკონე და პაოლო ბორსელინო ხელმძღვანელობდნენ. ისინი „კოზა ნოსტრას“ წინააღმდეგ წარმოებული მასშტაბური გამოძიებებითა და სასამართლო პროცესებით იყვნენ ცნობილი. ორივე მათგანი სიცილიური მაფიის სამიზნე გახდა.

1992 წლის 23 მაისს პალერმოს მახლობლად, კაპაჩიში, მაფიის მიერ ორგანიზებული აფეთქების შედეგად ჯოვანი ფალკონე, მისი მეუღლე და დაცვის სამი წევრი დაიღუპნენ.

თითქმის ორი თვის შემდეგ, 19 ივლისს პალერმოში, ვია დამელიას ქუჩაზე კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას პაოლო ბორსელინო და მისი დაცვის ხუთი წევრი ემსხვერპლნენ.

ეს მკვლელობები იტალიის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენებად იქცა. ამ მკვლელობების შედეგად საზოგადოებას მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მოთხოვნა გაუჩნდა, თუმცა ბორსელინოს მკვლელობის გამოძიებას წლების განმავლობაში არაერთი წინააღმდეგობრივი ჩვენება და სკანდალი ახლდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ე. წ. „წითელი დღიურის“ გაუჩინარების საკითხი. საუბარია ბორსელინოს პირად ჩანაწერებზე, რომელსაც მოსამართლე თან ატარებდა და რომელშიც, სავარაუდოდ, მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო თავმოყრილი. დღიური ტერაქტის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაქრა და დღემდე ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება, რა ბედი ეწია მას.

სწორედ ამ გარემოებების შესწავლას უკავშირდება ახალი გამოძიებაც, რომლის ფარგლებშიც დე ჯენარო ეჭვმიტანილად მიიჩნიეს.

რას ედავებოდა პროკურატურა პოლიციის ყოფილ შეფს

დე ჯენაროს წინააღმდეგ გამოძიება „„კოზა ნოსტრას“ მიერ პაოლო ბორსელინოს მკვლელობის საქმეზე გამოძიების სავარაუდო გაყალბებასა და ხელის შეშლას ეხებოდა. იტალიის პროკურატურის ვერსიით, საქმე მხოლოდ ძველი ტერაქტის გარემოებებს არ უკავშირდებოდა – სამართალდამცველებს აინტერესებდათ, რატომ არ მიაწოდა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

კერძოდ, პროკურორები იკვლევდნენ, ხომ არ ცდილობდნენ დე ჯენარო და მისი ორი ყოფილი თანამშრომელი, ფრანკო პაჩეტო და მასიმო კარნიჩელი, მაფიის ყოფილი წევრისა და მოგვიანებით სახელმწიფო მოწმის, სალვატორე კონტორნოს დარწმუნებას, რომ მას პროკურატურისთვის ჩვენება არ მიეცა.

კონტორნო „კოზა ნოსტრას“ ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა. მისი შესაძლო ჩვენება გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

იტალიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, პროკურატურამ დე ჯენაროს წინააღმდეგ დაკავებისა და შინაპატიმრობის მოთხოვნითაც მიმართა მოსამართლეს, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში, ე.წ. Riesame-ში, პირველი დეკემბრისთვის დაინიშნა.

მნიშვნელოვანია, რომ დე ჯენარო ამ საქმეში ბრალდებული არ ყოფილა – ის გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილის სტატუსით ფიგურირებდა, თუმცა ეჭვები სასამართლოს არ დაუდასტურებია. გარდაცვალების გამო კი მისი პოზიცია უცნობი დარჩა.

ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ იგი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა და დაცვისთვის აქტიურად ემზადებოდა. ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, დე ჯენარო განსაკუთრებით განიცდიდა იმას, რომ გამოძიებაში მისი თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.

ვინ იყო ჯანი დე ჯენარო

ჯანი დე ჯენარო იტალიის სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. იგი 1948 წელს რეჯო-კალაბრიაში დაიბადა და პოლიციაში ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა.

მისი პროფესიული ბიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოსამართლე ჯოვანი ფალკონესთან თანამშრომლობა იყო. დე ჯენარო წლების განმავლობაში მონაწილეობდა მაფიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საგამოძიებო საქმიანობაში. მათ შორის, 1984 წელს ჩართული იყო ბრაზილიიდან მაფიის ცნობილი წარმომადგენლის, ტომაზო ბუშეტას იტალიაში ექსტრადირების საქმეში. ბუშეტას ჩვენებებს „კოზა ნოსტრას“ წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

1990-იანი წლების დასაწყისში დე ჯენარო იტალიის ანტიმაფიურ საგამოძიებო სტრუქტურაში მუშაობდა, მოგვიანებით კი მის ხელმძღვანელობასაც ჩაუდგა სათავეში. 2000 წელს იგი იტალიის პოლიციის უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 2007 წლამდე დარჩა.

პოლიციიდან წასვლის შემდეგაც მისი კარიერა სახელმწიფო სტრუქტურებში გაგრძელდა: 2008-2012 წლებში იგი უსაფრთხოების ინფორმაციის დეპარტამენტს (DIS) ხელმძღვანელობდა, 2012-2013 წლებში კი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა; 2013 წელს იტალიური თავდაცვითი და ტექნოლოგიური კომპანიის, „ლეონარდოს“ პრეზიდენტი გახდა და ამ პოსტზე 2020 წლამდე იმუშავა.

ასე რომ, დე ჯენარო ათწლეულების განმავლობაში იტალიის სახელმწიფო აპარატის უმაღლეს დონეზე მუშაობდა და სხვადასხვა პოლიტიკური ხელისუფლების პირობებშიც გავლენიან პოზიციებს ინარჩუნებდა.

მისი სიკვდილი განსაკუთრებით მძიმე და წინააღმდეგობრივ მოვლენად იქცა: ადამიანი, რომელიც კარიერის დიდი ნაწილი მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა, სიცოცხლის ბოლო დღეებში თავად აღმოჩნდა იმ გამოძიების ცენტრში, რომელიც იტალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ დანაშაულს უკავშირდება.

გამოძიება გრძელდება – პასუხებს დოკუმენტებში ეძებენ

ამჟამად გამომძიებლების მთავარი ამოცანაა დე ჯენაროს გარდაცვალების გარემოებების სრულად გარკვევა. მათ უნდა შეისწავლონ დე ჯენაროს ტელეფონები, ხელნაწერები, დალუქული კონვერტები და სხვა დოკუმენტები, ასევე, აღადგინონ მისი ბოლო დღეების კონტაქტები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმ მასალებსაც, რომლებიც თავად დე ჯენარომ საკუთარი დაცვისთვის მოამზადა. შესაძლოა მათში ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღწერა მოვლენები, რომლებზეც პროკურატურა მისგან განმარტებებს ელოდა.

თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რას შეიცავს აღმოჩენილი წერილები და დოკუმენტები და შეიცვლება თუ არა მათი შესწავლის შედეგად 1992 წლის ტერაქტის გამოძიების მიმართულება.

პაოლო ბორსელინოს მკვლელობიდან 34 წლის შემდეგ იტალია კვლავ ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც ამ ტრაგედიის გარშემო დღემდე არსებობს. ჯანი დე ჯენაროს სიკვდილმა კი ამ ხანგრძლივ და რთულ საქმეს ახალი, მოულოდნელი ეპიზოდი შემატა.

ნინო ხოშტარია

წყარო: ansa.it

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close