ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

„მიწები დაკარგული ჰგონიათ“ – როგორ უნდა დაიკანონონ მესაკუთრეებმა საბჭოთა დროს მიღებული მიწები?

80 000-მდე მიწის ნაკვეთი და აგარაკი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს კოლექტიური მებაღეობის ფარგლებში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებზე საქართველოს მასშტაბით გაიცა, დღესაც დაურეგისტრირებელია. ამ კუთხით არსებული საარქივო მასალები მომუშავე საინიციატივო ჯგუფმა დაამუშავა და დღეს მიწის ნაკვეთების მფლობელებს მისი რეგისტრაციის პროცესში კონსულტაციებს უწევს.

როგორც ადვოკატი ბონდო ყიფიანი გადაცემაში „საქმის კურსი“ ამბობს, კონკრეტულ პირებს ეს მიწები დაკარგული ჰგონიათ. მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში დამუშავდა საარქივო მასალები, რომელთა საფუძველზეც დადგინდა, რომ ჯამში 80 000-მდე მიწის ნაკვეთია საქართველოს მასშტაბით, რომელიც წლების წინ გაიცა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათი მესაკუთრე დადგენილი არ არის.

ბონდო ყიფიანი ამბობს, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება, რომელიც ოჯახის არქივში შესაძლოა ინახებოდეს და რომელიც ერთგვარი წინაპირობაა მიწის ფართობის რეგისტრაციისას. მისი თქმით, პროცესებში ისინი კონსულტაციას უწევენ დაინტერესებულ პირებს და მათი მხრიდან პირველ ეტაპზე ისიც საკმარისია, რომ ახსოვდეთ ან შესაბამისი ორგანიზაციის დასახელება, ვისთვისაც მიწის ნაკვეთების გამოყოფა მოხდა, ან ტერიტორია, სადაც ნაკვეთია განთავსებული.

„ჩვენ დავიწყეთ ამ სერვისის შეთავაზება და ინფორმაცია, რომელიც არის მიმობნეული და ხშირად დაკარგული, ამ ინფორმაციის მოძიებაში და მათ სრულყოფაში ვეხმარებით პირებს. ამას სამართლებრივ ენაზე ჰქვია უფლების დამდგენი დოკუმენტები და ეს დოკუმენტი იძლევა რეგისტრაციის საშუალებას. აუცილებელია, რომ საწყის ეტაპზე პირს ახსოვდეს სად მუშაობდა თვითონ ან მისი ოჯახის წევრი და თუ ისიც ახსოვს სად მიიღო დაახლოებით ტერიტორია ესეც წინ წასწევს საქმეს წინ. აღნიშნულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩვენ ვიღებთ ათვლის წერტილს და აქედან იწყება უკვე კვლევა საარქივო მასალებზე დაყრდნობით. ჩვენი მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტების შედეგად ხდება პირისთვის საკუთრების უფლების გადაცემა”, – აცხადებს ადვოკატი ბონდო ყიფიანი.

როგორც ადვოკატი ამბობს, ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც მიწის მესაკუთრეები ფართების დაკანონებას თავს არიდებენ, ინფორმაციის ნაკლებობაა. მისი თქმით, ხშირად არსებული მიწის ნაკვეთები კონკრეტულ პირებს აქვთ მიტაცებული, რომლებიც კოლექტიური მებაღეობის წევრები არ არიან. თუმცა ყიფიანი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში რეგისტრაციის ბათილად ცნობა სრულიად შესაძლებელია.

„პირველი პრობლემა არის პროცესში უფლების დამდგენი დოკუმენტების არ არსებობა და მიმობნეული სახით არსებობა. მეორე პრობლემა არის ამ მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების მცდელობა. ჩემს პირად ნაკვეთზეც და მის მიმდებარედ 60 თანამშრომელზე გაცემული მიწის ნაკვეთები იყო და 60-ვე ნაკვეთზე ადამიანების ჯგუფი დამხვდა, რომლებსაც ამ ნაკვეთებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, თუმცა ჰქონდათ განცდა, რომ ამ ნაკვეთებს თუ დაიკავებდნენ, შემოღობავდნენ და ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლებას მოიპოვებდნენ.

ადამიანების უმეტესობა იმის გათვალისწინებით, რომ საკუთრების საბუთები არ გააჩნია მიდიან აღნიშნულ ნაკვეთებზე, ხედავენ, რომ კონკრეტული პირები არიან შესული, შესაბამისად, ჰგონიათ, რომ მიწის ნაკვეთებს ვერ დაიბრუნებენ. მათ შორის არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო შევიდა ტერიტორიაზე დაირეგისტრირა. ყველა მსგავსი ჩანაწერი, რომელიც განხორციელდა კოლექტიური მებაღეობის ტერიტორიაზე არამებაღეობის წევრ პირზე, ეს ჩანაწერი ექვემდებარება გაუქმებას.

ამისთვის საჭიროა შესაბამისი პირი წარდგეს მარეგისტრირებელ ორგანოში, წარადგინოს თავისი პოზიცია რომ მას ეკუთვნოდა ეს ნაკვეთი, წარადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გეგმით მებაღეობის ზონის გამოყოფა მოხდეს და ასეთ შემთხვევაში ყველა ადმინისტრაციული წარმოება ექვემდებარება გადახედვას და გაბათილებას“, – ამბობს ადვოკატი ბონდი ყიფიანი.

ადვოკატი ამბობს, რომ მომართვიანობა აღნიშნული მიწის ნაკვეთების მოძიებასა და დაკანონებაზე მზარდია. მისი თქმით, უკვე არსებობს წარმატებული პრეცედენტებიც, იმის, რომ მოქალაქეებმა მიწის ნაკვეთების მოძიება და დარეგისტრირება შეძლეს. ყიფიანი მოუწოდებს, მათ ვის ოჯახის წევრსაც კი მიწის ნაკვეთი წლების წინ კოლექტიური მებაღეობის ფარგლებში გადაეცა დაიწყოს მოკვლევა და მიწა დაირეგისტრიროს. კითხვების შემთხვევაში კი როგორც ის ამბობს, ის მათ კონსულტაციებს გაუწევს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close