ვიდეოპოლიტიკასაქართველო

ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს კირბალში გატაცებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს (ვიდეო)

6 ნოემბერს გატაცებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთში გადასცა ქართველ სამართალდამცველებს. გათავისუფლების შემდეგ ლევან დოთიაშვილმა მედიასთან დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა. „ცუდად ვარ და ხვალ გაგესაუბრებით”, – უთხრა მან ჟურნალისტებს. დოთიაშვილს სახეზე დაზიანების კვალი აღენიშნება.

ერგნეთში ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.

„გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც მან [ლევან დოთიაშვილმა] განგვიმარტა, უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება… განაცხადა ანთაძემ და დაამატა, – დაკავების შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალში, როგორც თავად განგვიცხადა, არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, ლევან დოთიაშვილი არის თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი და მას მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.

ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სუს-ი აცხადებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. „მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნავს ის.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close