მედიცინა

ჩვილს ყავისფერი თვალები გაულურჯდა მას შემდეგ, რაც კოვიდის სამკურნალო პრეპარატი მისცეს

უცნაური შემთხვევა დააფიქსირეს ექსპერტებმა, რომლის შესახებაც სამედიცინო ჟურნალ Frontiers in Pediatrics-ში გამოაქვეყნეს: ჩვილს კორონავირუსის სამკურნალო წამლის მიღების შემდეგ ყავისფერი თვალები გაულურჯდა, რამაც სპეციალისტები საგონებელში ჩააგდო.

როგორც მედიკოსთა ანგარიშშია აღწერილი, ტაილანდელ 6 თვის ბიჭუნას ცხელება და ხველა დაეწყო, კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ექიმებმა ბავშვს COVID-19-ის სტანდარტული მკურნალობა დაუნიშნეს –  ანტივირუსული პრეპარატი ფავიპირავირი მისცეს, რომელიც ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წელს დაამტკიცა კორონავირუსის სამკურნალოდ ბავშვებისთვის მსუბუქი და ზომიერი სიმპტომების შემთხვევაში.

წამლის მიღების დაწყებიდან დაახლოებით 18 საათის შემდეგ ჩვილის დედამ შეამჩნია, რომ მისი მუქი ყავისფერი თვალები ღია ლურჯი გახდა. შეშფოთებულმა დედამ ექიმებს მიმართა, რომლებმაც უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მკურნალობა.

დაახლოებით 5 დღის შემდეგ ბავშვს თავისი ბუნებრივი თვალის ფერი დაუბრუნდა. ექიმებმა ჩვილის შემოწმების შემდეგ დაადგინეს, რომ თვალის რქოვანა გაიწმინდა და აღარ აქვს ლურჯი ელფერი, ხოლო თვალის ფერადი გარსის – ირისის ზედაპირზე ლურჯი პიგმენტი აღარ შეინიშნება.

ექსპერტებმა ზუსტად არ იციან, რატომ იწვევს ფავიპირავირი ფერის შეცვლას, თუმცა ვარაუდობენ, ფლუორესცენცია (შთანთქმული სინათლის გამოყოფა) „შესაძლოა უკავშირდებოდეს პრეპარატს, მის მეტაბოლიტებს ან აბებში არსებულ დამატებით ინგრედიენტებს, როგორიცაა ტიტანის დიოქსიდი და რკინის ყვითელი ოქსიდი“. საბედნიეროდ, ბავშვის მხედველობას, ექიმების დასკვნით, ზიანი არ მისდგომია და იგი ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

ფავიპირავირის მიღების შემდეგ თვალის ფერის შეცვლის კიდევ ერთი შემთხვევაა დარეგისტრირებული:  2021 წელს ინდოეთის მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა მამაკაცმა პირველად შენიშნა და განაცხადა მკურნალობის უჩვეულო გვერდითი მოვლენის თაობაზე.  20 წლის მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა და მას ფავიპირავირით მკურნალობა დაუნიშნეს მას შემდეგ, რაც 2 დღის განმავლობაში იღებდა С ვიტამინს, თუთიას,  А და D ვიტამინებს და ივერმექტინს და მდგომარეობა არ გაუუმჯობესდა.

ფავიპირავირით მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს მამაკაცმა შეამჩნია, რომ მისი მუქი ყავისფერი თვალები ღია ლურჯი გახდა. ექიმებმა მას პრეპარატის მიღების შეწყვეტა ურჩიეს. ერთი დღის შემდეგ მამაკაცს თავისი ჩვეული თვალის ფერი დაუბრუნდა.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფავიპირავირი კორონავირუსის სამკურნალოდ შედეგიანი აღმოჩნდა

ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფავიპირავირი კორონავირუსის სამკურნალოდ შედეგიანი აღმოჩნდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close