ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ოფიცერი გარდაიცვალა
13 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს.
13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც იგი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. შემდეგ კი დაშავებული თბილისში, სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა და კრიტიკულად მძიმე დაზიანება მიიღო, რაც, სამწუხაროდ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
კომენტარები