მსოფლიოპოლიტიკა

სად და როდის შეუტევს უკრაინა: სავარაუდო სცენარები (რუკა)

კითხვაზე: როდის დასრულდება ეს საშინელი ომი და აღდგება მშვიდობა? - პასუხის გაცემის შესაძლებლობას ექსპერტებს უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევა მისცემთ

უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, რაც უკრაინაში რუსული ინტერვენცია გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ქართული საზოგადოება, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, დაძაბული უყურებს საშინელ ტრაგედიას, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება. მთავარი კითხვა, რომელიც ადამიანებს აწუხებს – როდის დასრულდება ეს საშინელი ომი და აღდგება მშვიდობა? ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევა მისცემთ.

უპირველესად, აღვნიშნოთ, რომ ფართოდ გავრცელებული ტერმინი – „უკრაინული კონტრშეტევა“ მცდარია, რადგან კონტრშეტევა შეტევის საპასუხო ქმედებაა. რუსულმა ჯარებმა კი უკვე გასული წლის შემოდგომიდან დაკარგეს საბრძოლო მოქმედებების ინიციატივა. გასული ზამთრის განმავლობაში ოკუპანტები მხოლოდ ქალაქ ბახმუტის ირგვლივ ატარებდნენ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს. უკვე რამდენიმე თვეა რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდაცვით ნაგებობებს აგებს, ხოლო უკრაინა კი, დასავლეთის დახმარებით, აქტიურად წვრთნის საკუთარ სამხედრო შენაერთებს, მიწოდებული შეიარაღების გამოყენებას ითვისებს. ბოლო დღეებში ისინი ფრონტის რამდენიმე უბანზე გააქტიურდნენ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რა მიმართულებით განვითარდება უკრაინული შეტევა. არსებობს სამი სავარაუდო მიმართულება, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

პირველი მიმართულება: ჩრდილოეთის ფრონტი, ხარკოვის ოლქიდან ლუჰანსკის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილის მიმართულებით.

აღნიშნული საკმაოდ დიდი ტერიტორია რუსებმა ომის დასაწყისში თითქმის უბრძოლველად დაიკავეს. სამხედრო თვალსაზრისით ის ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლება, თუმცა ამ მიმართულებით უკრაინულ შეტევას თავისი ლოგიკა აქვს. გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოება: რუსეთის ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების სრულად „განთავისუფლებაა“. ეს ამოცანა ნაწილობრივ შესრულდა – ლუჰანსკის ოლქი რუსების კონტროლს, ფაქტობრივად, სრულად ექვემდებარება. ამდენად, თუკი უკრაინა ამ რეგიონში  წარმატებულ სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, ამას, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი მოჰყვება. უკრაინის ჯარებს შეუძლიათ გავიდნენ მდინარე სევერსკი დონეცის ხაზზე, ანუ ამ მიმართულებით აღდგება ომის დაწყებისას არსებული სტატუს-კვო.

სამხედრო თვალსაზრისით უკრაინისთვის მომგებიანია ის გარემოება, რომ რეგიონში მცირე ზომის ურბანული დასახლებები არსებობს, შესაბამისად, უკრაინულ ჯარს არ მოუწევს სისხლისმღვრელ საქალაქო ბრძოლებში ჩართვა. თუ ფრონტის ახლოს მდებარე ქალაქ სვატოვოს აღება მოხერხდება, უკრაინულ ჯარებს შეტევის განვითარებისთვის დიდი სივრცე გაეხსნებათ ოპერირებისთვის. ამავე დროს, არსებობს დაბრკოლებებიც. კერძოდ, რელიეფი ბორცვიანია და თავდაცვა შედარებით მცირე ძალებით არის შესაძლებელი.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სვატოვოს მიმართულებით შეტევა ომის მიმდინარეობას სტრატეგიული თვალსაზრისით ვერ შეცვლის, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით საზიანო იქნება კრემლის მესვეურთათვის, ხოლო უკრაინის მოქალაქეების საბრძოლო განწყობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.

მეორე მიმართულება: ცენტრალური ფრონტიდონბასის რეგიონი, ქალაქ დონეცკის მიმართულებით.

აღნიშნული ფრონტის ხაზი 2014 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა და ორივე მხარეს კარგად მომზადებული თავდაცვითი ხაზი აქვს მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე აღნიშნულ მიმართულებაზე სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა. მართალია, სეპარატისტების ცენტრები სწორედ დონბასში მდებარეობს, მაგრამ უკრაინული შეტევა იქ ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან, ვთქვათ, ქალაქ დონეცკის აღება, რომლის მოსახლეობაც 1 მილიონზე მეტია, წარმოუდგენელ მსხვერპლს მოითხოვს და საშინელ ნგრევას გამოიწვევს. ამ მიმართულებით უკრაინელთა გააქტიურება ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი.

მესამე მიმართულება: სტრატეგიული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სამხრეთის ფრონტია.

აქ, ქალაქ ხერსონიდან უკრაინელებს, თეორიულად, მდინარე დნეპრის გადალახვის შემდეგ შეუძლიათ პირდაპირ ყირიმის ნახევარკუნძულს შეუტიონ, ხოლო ქალაქ ზაპოროჟიედან – ბერდიანსკს, მელიტოპოლს ან მარიუპოლს, რითაც გაწყვეტენ სახმელეთო კავშირს დონბასსა და ყირიმს შორის. შესაძლებელია კომბინირებული იერიშის განხორციელებაც. კახოვკის წყალსაცავის აფეთქებამ, სავარაუდოდ, რუსების მიერ, ამ მიმართულებით ფრონტის ხაზი თითქმის ორჯერ შეამცირა. მდინარე დნეპრის ნაპირები ხელოვნურად წარმოქმნილი წყალდიდობით იმდენად დასილულია, რომ უკრაინის ჯარებს იქ რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელება უკიდურესად გაუჭირდებათ. ამჟამად შეიმჩნევა მათი აქტიურობა ზაპოროჟიედან სამხრეთის მიმართულებით. ბოლო ინფორმაციით, იქ ახლა სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. ალბათ უახლოეს კვირებში გაირკვევა, მიაღწევენ თუ არა რაიმე ხელშესახებ შედეგს.

დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ეს საშინელი ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და მშვიდობა ჯერ კიდევ შორსაა.

გიორგი ჯანელიძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close