თუ ბინა გაქვს, გაგიმართლა – უძრავი ქონება ისევ ძვირდება
უძრავი ქონების ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია დარჩება და შესაძლებელია არც მაშინ შეიცვალოს, როდესაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოს დატოვებენ.
„30 ათას დოლარად ბინები ჩამიყარეთ!“ – ასეთი განცხადებები ბინების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფში იშვიათი არ არის. თუ შარშან ასეთ განცხადებას რამდენიმე კარგი შეთავაზება მოსდევდა, ახლა მხოლოდ ძალიან ძველ და დასანგრევ ბინას თუ სთავაზობენ, ან შედარებით მისაღებს, მაგრამ 10 ათასი დოლარით ძვირს.
ყიდვა-გაყიდვის საიტების მიხედვით, საბურთალოზე ოროთახიანი ბინის შეძენა დაახლოებით 160 ათასი დოლარი ჯდება. გაცილებით ძვირია ვაკეში, გარეუბნებში კი – შედარებით იაფი.
თბილისში 40 ათას დოლარზე ნაკლებად ბინები მხოლოდ მშენებარე კორპუსებში თუ იყიდება. ამ ფასად შეიძლება იშოვოთ ძალიან პატარა ფართიც – 17 ან 22 კვადრატული მეტრი. ეს ის ოთახებია, რომლებშიც ომის შემდეგ დევნილები შეასახლეს და დაუკანონეს. ახლა ასეთ ფართებს სტუდენტებზე გასაქირავებლად თუ შეიძენ.
შედარებით იაფად იყიდება ნახევარსარდაფები, სარდაფები, კომერციული ფართები, რომლებიც ვიღაცებმა ბინად გადააკეთეს. ამას განცხადებებზე დართული ფოტოებიც მოწმობს. უფანჯრო, პირდაპირ ქუჩაში გამავალ ოთახში ოჯახს საცხოვრებელი აქვს მოწყობილი, საწოლით, სამზარეულოთი, ტელევიზორით.
„რას ფიქრობთ, არის ისეთი ბინები, რომელიც საიტებზე არ დევს და იყიდება? ან მაგალითად, შეიძლება რომ მაკლერს ჰქონდეს, მაგრამ საიტზე არ იდოს? ვერ ვპოულობ ბინას ერთი წელი იქნება უკვე“, – წერს ყიდვა-გაყიდვის ჯგუფის ერთ-ერთი მომხმარებელი.
„შევიძენ ბინას 13 ათას დოლარად“, – წერს სხვა. მას მაშინვე აბუჩად იგდებენ, – „ავტოფარეხი მაქვს ვარკეთილში 14 ათასად“.
ბინის ყიდვა ბევრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო ორ წელიწადში თბილისში ქირის ფასი თითქმის გასამმაგდა, დასაგირავებელი ფართი კი საერთოდ აღარ იშოვება.
„გირით ვარ და ბინის ყიდვა მინდა“, – წერს ერთი. „სად ხარ გირით, მე ვიგირავებ, რომ გადახვალ“, – მაშინვე პასუხობს სხვა.
2022 წლის ოქტომბრისთვის უძრავი ქონების ფასების წლიური ინდექსი 10.7 პროცენტით გაიზარდა. იმ დროისთვის ახალაშენებული საცხოვრებლების კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით ასეთი იყო: მთაწმინდა 5 ათას ლარამდე, ვაკე – 4 ათასი, საბურთალო – 3 ათასი, გლდანი – 2500 და ყველაზე იაფი, სამგორი – 2400 ლარი.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი ადამიანის შემოსავალი თვეში საშუალოდ 1400 ლარამდეა. მიუხედავად ამისა, ფასები უძრავ ქონებაზე მატულობს და, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია არ შეიცვლება.
გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge
კომენტარები