დღის ფოტო: დედამიწის ხედი მთვარისკენ მიმავალი „ორიონიდან“ – რატომ არის მისია „არტემიდა 2“ განსაკუთრებული
სტატია განახლებულია 11 აპრილს
ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) დედამიწის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ხომალდ „ორიონის“ ეკიპაჟმა მთვარისკენ ფრენისას გადაიღო.
ხომალდის მეთაურმა რიდ უაიზმენმა ეს კადრები მას შემდეგ აღბეჭდა, რაც „ორიონმა“ ძრავებით მანევრირებით დედამიწის ორბიტა დატოვა და მთვარისკენ აიღო გეზი. ეკიპაჟის მიზანია, „ორიონმა“ შემოუაროს მთვარეს და უკან, დედამიწაზე დაბრუნდეს.
„ორბიტიდან გასვლის შემდეგ ეკიპაჟი ილუმინატორებს თითქოს მიეწება – თვალს ვერ ვაცილებდით პლანეტას, რომელიც თანდათან გვშორდებოდა“, – უთხრა ჰიუსტონის მართვის ცენტრის სპეციალისტებს ექსპედიციის სპეციალისტმა ჯერემი ჰანსონმა.
რას ვხედავთ ფოტოებზე?
პირველ (სტატიის მთავარ) ფოტოზე დედამიწა ატლანტის ოკეანის მხრიდან ჩანს. ჩვეულებრივი რუკებისგან განსხვავებით, პლანეტა თითქოს „თავდაყირაა“: სამხრეთ პოლუსი ზემოთაა, ჩრდილოეთი კი – ქვემოთ.
მარცხნივ, დაბლა საჰარა და იბერიის ნახევარკუნძული მოჩანს, ხოლო მარჯვნივ, ზემოთ – სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
NASA-ს განმარტებით, დედამიწის ქვემოთ, მარჯვენა მხარეს მოციმციმე ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერაა.
მეორე ფოტოზე (ქვემოთ) დედამიწის „დღის“ და „ღამის“ ნაწილების მკვეთრი გამიჯვნა ჩანს.

ისტორიული მისია: „არტემიდა 2“
პილოტირებული ფრენების ისტორიაში კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ ექსპედიციის „არტემიდა 2“-ის (Artemis 2) ფარგლებში პირველად დაშორდება დედამიწას 400 000 კილომეტრზე მეტი მანძილით და მთვარეს წრეს შემოუვლის. ეს არის ადამიანის პირველი გაფრენა მთვარისკენ 1972 წლის შემდეგ.
მართალია, ამჯერად მთვარეზე ასტრონავტები არ გადავლენ, თუმცა ეს მისია უმნიშვნელოვანესი მოსამზადებელი ეტაპია: ასტრონავტების უშუალო გადასხმა მთვარის ზედაპირზე უკვე მომდევნო ექსპედიციისას, 2028 წელს იგეგმება.
მისია „არტემიდა 2“ 10-დღიანია, ხომალდი გაუშვეს 2026 წლის პირველ აპრილს, 22:35:12 UTC (თბილისის დროით 2 აპრილს, 02:35:12 სთ-ზე).
რატომ სწორედ 1972 წელი
როდესაც ვამბობთ, რომ „არტემიდა“ არის პირველი პილოტირებული მისია მთვარისკენ 1972 წლის შემდეგ, ვგულისხმობთ ლეგენდარულ „აპოლო 17“-ს.
მთვარის ზედაპირზე ბოლო ადამიანები იყვნენ იუჯინ სერნანი და ჰარისონ შმიტი. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი მისია მთვარეზე – მათ დაახლოებით 3 დღე გაატარეს ჩვენი თანამგზავრის ზედაპირზე და დედამიწაზე ყველაზე დიდი რაოდენობით მთვარის ქანების ნიმუშები ჩამოიტანეს.
ჰარისონ შმიტი იყო პირველი და ერთადერთი პროფესიონალი გეოლოგი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა.
ხომალდზე დაბრუნებისას სერნანმა თქვა: „ჩვენ მივდივართ ისე, როგორც მოვედით და, ღვთის ნებით, დავბრუნდებით კიდეც – მშვიდობითა და იმედით მთელი კაცობრიობისთვის“.
სწორედ ამ „დაბრუნების“ დაპირებას ასრულებს ახლა NASA, ოღონდ უკვე 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით.
პირველი ადამიანი კი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, ნილ არმსტრონგი იყო. მისია „აპოლო 11“-ის ხომალდი „სატურნ V“ დედამიწის თანამგზავრზე 1969 წელს დაჯდა. ეკიპაჟიდან მთვარეზე პირველად მეთაური – ნილ არმსტრონგი გადავიდა, შემდეგ კი – ბაზ ოლდრინი. მესამე წევრი, პილოტი მაიკლ კოლინზი მთვარეზე არ გადასულა.
რაც შეეხება 1972 წელს (მისია „აპოლო 17“), ეს იყო „აპოლოს“ პროგრამის დასასრული და მთვარეზე ადამიანის ბოლო სტუმრობა. ამიტომ ახლანდელი მისია – „არტემიდა 2“ სიმბოლურია, რადგან მას შემდეგ ადამიანი ასე ახლოს დედამიწის თანამგზავრთან აღარ ყოფილა.
ვინ არიან „არტემიდა 2“-ის გმირები და რა მიაქვთ მთვარეზე?
მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ოთხ ასტრონავტს, რომლებიც 50 წლის შემდეგ პირველად შევლენ მთვარის ორბიტაზე. ესენი არიან გამორჩეული პილოტები, ინჟინრები და მეცნიერები, თუმცა, ამავდროულად – მეუღლეები და მშობლები. მათი მისია დიდი რისკია როგორც მათთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის.

ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან NASA-ს სამი ასტრონავტი: მეთაური რიდ უაიზმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჯერემი ჰანსენი.
რიდ უაიზმენი – ხომალდის მეთაური
რიდი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი პილოტია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ფრენაზეა შეყვარებული, უცნაურია, რომ დედამიწაზე ყოფნისას მას სიმაღლის ეშინია.

უაიზმენის პერსონალური ისტორია საკმაოდ დრამატულია:
50 წლის ასტრონავტი ორი თინეიჯერი გოგონას მამაა. 2020 წელს მისი მეუღლე კიბოთი გარდაიცვალა და მას შემდეგ შვილებს მარტო ზრდის. რიდი ამბობს, რომ მარტოხელა მამობა მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და, ამავდროულად, უდიდესი ბედნიერებაა.
მას შვილებისთვის არ დაუმალავს, რომ ეს მისია სახიფათოა. ერთ-ერთი სეირნობისას მან გოგონებს დეტალურად აუხსნა, სად ინახებოდა მისი ანდერძი და სხვა საბუთები იმ შემთხვევისთვის, თუ მას რამე დაემართებოდა. „ეს ცხოვრების ნაწილია“, – ამბობს იგი და მიიჩნევს, რომ ასეთი გულწრფელი საუბრები ყველა ოჯახში საჭიროა, რადგან არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
პატარა ნაბიჯი მარსისკენ
რიდ უაიზმენი იმედოვნებს, რომ ათწლეულების შემდეგ მათ გაფრენას შეაფასებენ, როგორც „პატარა ნაბიჯს“ მთვარეზე ადამიანების დასახლებისა და, საბოლოო ჯამში, მარსზე ექსპედიციისკენ მიმავალ გზაზე.
NASA-მ ასტრონავტებს ნება დართო, ბორტზე მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ნივთები წაეღოთ. მეთაურმა არჩევანი პრაქტიკულ და სიმბოლურ ნივთზე შეაჩერა – მან თან პატარა ბლოკნოტი წაიღო, რათა მისიის განმავლობაში საკუთარი ფიქრები და ემოციები ჩაენიშნა.
ნუცა ყაველაშვილი
პ. ს. /განახლება 11 აპრილს/: მას შემდეგ, რაც მთვარეს შემოუფრინა, „არტემიდა 2-ის“ ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა – კოსმოსურ ხომალდ „ორიონის“ კაფსული ასტრონავტებთან ერთად 11 აპრილს, 04:07 სთ-ზე (თბილისის დროით) წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს მახლობლად.
2027 წლის შუაში იგეგმება Artemis III, რომელიც ასევე სატესტო მისია იქნება, მთვარეზე დაშვება კი 2028 წელს იგეგმება – Artemis IV-ის მისიის ფარგლებში.
ასევე, დაგაინტერესებთ: ლეგენდარული ამერიკელი ასტრონავტი ბაზ ოლდრინი 93 წლის ასაკში დაქორწინდა



