საზოგადოებაეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში Fuel Pass-ი 6 აპრილს იწყება – ვინ მიიღებს სუბსიდიას და რამდენს

2026 წლის 6 აპრილიდან საბერძნეთი საწვავის სუბსიდირების პროგრამის, Fuel Pass-ის ახალ ეტაპს იწყებს. განაცხადების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება და მიზნად ისახავს მოსახლეობის ნაწილობრივ მხარდაჭერას საწვავის გაზრდილი ფასების ფონზე.

პროგრამა წარმოადგენს დროებით ფინანსურ დახმარებას, რომელიც სრულად ვერ ანაზღაურებს ხარჯებს, თუმცა გარკვეულწილად ამცირებს ფინანსურ წნეხს ოჯახებზე.

როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ პლატფორმა vouchers.gov.gr-ზე, TAXISnet-ის კოდების გამოყენებით.

მათთვის, ვისთვისაც ციფრული სერვისები ხელმისაწვდომი არ არის, ალტერნატიული გზაც არსებობს: განაცხადის შეტანა ΚΕΠ-ში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

დამტკიცების შემდეგ თანხა დაახლოებით 2 სამუშაო დღეში ჩაირიცხება.

პროგრამის ტექნიკურ მართვას უზრუნველყოფს Κοινωνία της Πληροφορίας Μονοπρόσωπη Α.Ε.

როგორ მუშაობს ციფრული ბარათი

დამტკიცების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს:

  • SMS შეტყობინებას ინსტრუქციებით;
  • წერილს ელფოსტაზე ბარათის აქტივაციის ბმულით.

თანხა ირიცხება სპეციალურ ციფრულ ბარათზე, რომელიც გამოიყენება მხოლოდ განსაზღვრული მიზნებისთვის:

  • ავტოგასამართ სადგურებზე;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსები, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ბორანი);
  • რკინიგზაზე;
  • ტაქსის მომსახურების გამოყენებისას.

⚠️ ნაღდი ფულის გამოტანა, გადარიცხვა ან სხვა გამოყენება აკრძალულია – ბარათით შესაძლებელია მხოლოდ უკონტაქტო გადახდა.

მოთხოვნები ტრანსპორტზე

სუბსიდიის მისაღებად ტრანსპორტი უნდა იყოს:

  • კანონიერად ექსპლუატაციაში;
  • დაზღვეული;
  • საგზაო გადასახადების დავალიანების გარეშე.

დასაშვებია მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალების დარეგისტრირება (მანქანა ან მოტოციკლი).

მონაცემები ავტომატურად მოწმდება:

  • ΑΑΔΕ
  • სადაზღვევო ბაზები
  • Ελληνική Αστυνομία (ΕΛ.ΑΣ. – საბერძნეთის პოლიცია)

ვის ეკუთვნის დახმარება

სუბსიდიის მიღება შეუძლიათ საბერძნეთის რეზიდენტ ფიზიკურ პირებს, თუ მათი ბოლო დეკლარირებული (2024 წლის) შემოსავალი არ აღემატება:

  • 25 000 ევროს – ერთწევრიანი ოჯახისთვის;
  • 35 000 ევროს – მეუღლეებს, ან წყვილს, რომელიც სამოქალაქო კავშირშია;
  • 39 000 ევროს – ერთმშობელიანი ოჯახისთვის.

დამატებით:

  • +5 000 ევრო თითოეულ მარჩენალდამოკიდებულ წევრზე;
  • ერთმშობელიან ოჯახებში – დამატებითი ბონუსი მეორე და მომდევნო ბავშვებზე.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა

სუბსიდიის ოდენობა დამოკიდებულია ტრანსპორტსა და საცხოვრებელ რეგიონზე:

🚗 ავტომობილები

  • კუნძულებზე: 60€ (ციფრული ბარათზე) / 50€ (ბანკის ანგარიშზე)
  • სხვა რეგიონებში: 50€ / 40€

🏍 მოტოციკლები

  • კუნძულებზე: 35€ (ციფრული ბარათზე) / 30€ (ბანკის ანგარიშზე)
  • სხვა რეგიონებში: 30€ / 25€

კუნძულოვან რეგიონებად ითვლება:
ეგეოსის ზღვის კუნძულები, იონიის კუნძულები, კრეტა, ატიკის კუნძულები, სპორადები, ტასოსი, სკიროსი, სამოთრაკია და ამულიანი.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში

Fuel Pass არ წარმოადგენს სრულფასოვან კომპენსაციას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამსუბუქებს საწვავის ხარჯებს და ვერ ცვლის ბაზრის საერთო სურათს.

საწვავის ფასები კვლავ დამოკიდებულია გლობალურ ეკონომიკურ ფაქტორებზე, რის გამოც პროგრამა უფრო მოკლევადიანი სოციალური დახმარების ინსტრუმენტად რჩება, ვიდრე სისტემურ გამოსავლად.

ნინო ბაჯელიძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close