საზოგადოებასაქართველო

21-22 მარტს საქართველოს რკინიგზა და თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.

„დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის… დამატებითი რეისები [უფასოდ] შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, – წერია განცხადებაში.

„აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 17 მარტს, გვიან საღამოს გარდაიცვალა, 93 წლის ასაკში.

პატრიარქი დღეს საღამოს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.

„ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close