მოგზაურობამსოფლიო

აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს 2 აპრილიდან გირაოს გადახდა დასჭირდებათ

ამერიკამ სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, მათ შორის საქართველოც არის

აშშ სავიზო გირაოს პროგრამას დამატებით 12 ქვეყნისთვის აფართოებს, რომელთა შორის საქართველოცაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აფართოებს სავიზო გირაოს პროგრამას 50 ქვეყნამდე, რომელიც 2 აპრილიდან შევა ძალაში. გირაო დაუბრუნდებათ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სავიზო გირაოს პროგრამა მოქალაქეებისთვის B1 და B2 ტურისტული და ბიზნესვიზების მისაღებად, $5000, $10 00 ან $15 000 გირაოს – ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდას ითვალისწინებს. უწყების ცნობითვე, საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, სავიზო გასაუბრების დროს საელჩოებში. სავიზო პირობების დაურღვევლობის გარანტიის თანხა მოქალაქეებს დაუბრუნდებათ მაშინ, როდესაც სამშობლოში დაბრუნდებიან ვიზისა და გირაოს პირობების დარღვევის გარეშე, აგრეთვე, იმ შემთხვევაშიც, თუ ვიზას არ გამოიყენებენ და აშშ-ში არ იმოგზაურებენ.

რაც შეეხება სავიზო აპლიკაციას ღირებულებას, ვიზის მსურველები ამ მოსაკრებელს ძველი წესებით გადაიხდიან.

თავდაპირველად სავიზო გირაოს პროგრამა მოიცავდა 38 ქვეყანას, ახლა კი მათი რიცხვი 50-მდე გაიზარდა. საქართველოს გარდა, სიას დაემატა შემდეგი ქვეყნები: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელი და ტუნისი.

38 ქვეყანა კი, რომლებიც უკვე შედის პროგრამაში, არის: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბურუნდი, ბოტსვანა, ბუტანი, გაბონი, გვინეა, გვინეა ბისაუ, გამბია, დომინიკა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია,ზიმბაბვე, თურქმენეთი, კაბო ვერდე, კოტ დ’ივუარი, კუბა, მალვია, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტანზანია, ტაჯიკეთი, ტოგო, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ფიჯი, ყირგიზეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჯიბუტი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE-ის) 2024 წლის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 833 მოქალაქე გამოაძევა.

დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ერთი მოქალაქის დეპორტაცია ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს საშუალოდ 18 000 აშშ დოლარი უჯდებათ, სავიზო გირაოს პროგრამამ კი უკვე გამოიღო დადებითი შედეგი. პროგრამის ფარგლებში ვიზა თითქმის 1000 უცხოელს მიეცა და გარანტიის ობლიგაციების მქონე მოგზაურთა 97% დროულად დაბრუნდა სამშობლოში შეერთებული შტატებიდან. სავიზო გირაოს პროგრამით სახელმწიფო დეპარტამენტი წელიწადში ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა $800 მილიონამდე თანხას ზოგავს, რაც სხვა შემთხვევაში საჭირო იქნებოდა იმ უცხოელთა გაძევებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადას აჭარბებენ.

ნანა ძნელაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close