რამდენი უცხოელი ცხოვრობს იტალიაში, რამდენია მათ შორის ქართველი და ვინ არიან „ახალი იტალიელები“?
იტალია უკვე დიდი ხანია მიგრანტების „დანიშულების“ ადგილია – უცხოელები ჩამოდიან, ნაწილი მოქალაქეობას იღებს, ნაწილი კი უკან ბრუნდება ან სხვა ქვეყნებში მიდის. Istat-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იტალიაში 5.4 მილიონი უცხოელი ცხოვრობს, რაც წინა წელთან შედარებით 169 000-ით მეტია. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა ერთია, რეალური სურათი კი მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ვინ ითვლება „უცხოელად“ და ვინ აღარ?
2004 წლიდან 2014 წლამდე ქვეყანაში უცხოელების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა – 1.8-დან 4.7 მილიონამდე, რაც 153%-იანი ზრდაა, 2015-იდან 2025 წლამდე კი ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – უცხოელთა რაოდენობა მხოლოდ 12%-ით გაიზარდა. თუმცა იმიტომ არა, რომ იმიგრანტებმა იტალიაში შესვლა შეწყვიტეს, არამედ იმიტომ, რომ ბევრმა უცხოელმა იტალიის მოქალაქეობა მიიღო და „უცხოელებში“ აღარ „ირიცხება“.
საქმე ისაა, რომ Istat-ის მეთოდოლოგიის თანახმად, როგორც კი ადამიანი იტალიის მოქალაქე ხდება, უცხოელად აღარ ითვლება – თუნდაც იტალიის და, ზოგადად, ევროკავშირის გარეთ იყოს დაბადებული და გაზრდილი. ამრიგად, სტატისტიკა მათ მიგრაციულ ისტორიას „ანულებს“, თუმცა თუ უცხოელთა რაოდენობას იმ იმიგრანტების რაოდენობასაც დავუმატებთ, რომლებმაც მოქალაქეობა მიიღეს, სტატისტიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეიცვლება.
რეალური რაოდენობაა 7,4 მილიონი და არა 5,4 მილიონი
2004-იდან 2024 წლამდე იტალიის მოქალაქეობა დაახლოებით 2,3 მლნ-მა ადამიანმა მიიღო. თუ ამასაც გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იტალიაში დაახლოებით 7,3-7,4 მლნ უცხოელი ცხოვრობს და ამ რაოდენობაში გათვალისწინებული არ არის ის 320 000 არალეგალური იმიგრანტი (ISMU-ს ფონდის შეფასებით), რომლებიც იტალიიდან წავიდნენ, მაგრამ იტალიურ რეესტრებში ისევ ირიცხებიან (CNEL-ის მონაცემებით); აგრეთვე, არც ის არასრულწლოვანები, რომლებსაც უცხოელი მშობლები ჰყავთ, მაგრამ იტალიაში დაიბადნენ და კულტურული კუთვნილების თვალსაზრისით „იტალიელები“ არიან, თუმცა იურიდიულად ჯერ კიდევ უცხოელებად ითვლებიან.
ვინ არიან „ახალი იტალიელები“?
„ახალი იტალიელები“ – ანუ ისინი, ვინც ნატურალიზაციის გზით იტალიის მოქალაქე გახდა – ძირითადად, ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიური ადამიანები არიან (მათი საშუალო ასაკი 39 წელია, რაც 9 წლით ნაკლებია იტალიაში დაბადებულ იტალიის მოქალაქეთა საშუალო ასაკზე).
მათი დიდი ნაწილი წარმოშობით ალბანეთიდან და მაროკოდანაა (2024 წელს 32 000-მდე ალბანელი და 28 000-მდე მაროკოელი გახდა იტალიის მოქალაქე, ანუ „იტალიელი“), გაცილებით ნაკლები არიან, თუმცა ასევე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ არგენტინელები, ინდოელები და ბრაზილიელები.
ისინი არიან იმიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოს საძებნელად, კარიერული წინსვლისთვის, ან ოჯახის გაერთიანების მიზნით ჩავიდნენ.
უმეტესად სად ცხოვრობენ უცხოელები იტალიაში
იმიგრანტების განაწილება ტერიტორიულად არათანაბარია:
ლომბარდია – ყველაზე მეტი უცხოელი (და „ახალი იტალიელი“) ამ რეგიონში ცხოვრობს;
ლაციოსა და ემილია-რომანიაშიც უცხოელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დამკვიდრდა;
სამხრეთი რეგიონები და კუნძულები – მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუა ზღვიდან მიგრაციის არხებთან გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა და იმიგრანტთა ნაკადები სწორედ იქ შედის, ამ რეგიონებში შედარებით ნაკლები უცხოელი ცხოვრობს, რადგან უმეტესობა თანდათან ჩრდილოეთ რეგიონებისკენ მიდის სამუშაოსა და ახალი ცხოვრების საძებნელად.
დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური გავლენა
უცხოელები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იტალიის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე:
- ისინი ავსებენ სამუშაო ძალის დეფიციტს ისეთი სექტორებში, სადაც ადგილობრივი მუშახელი არ ჰყოფნით, განსაკუთრებით სერვისსა და სამშენებლო სფეროებში.
- პრობლემა და გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ რამდენიმე რეგიონში უცხოელი ბავშვი და ახალგაზრდა საბავშვო ბაღებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.
- ასევე მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსიების საგანია ius soli-ს საკითხი – ანუ მოქალაქეობის ავტომატურად მიკუთვნება ყველა ბავშვისთვის, ვინც იტალიის ტერიტორიაზე დაიბადება (როგორც ეს ჯერ კიდევ მოქმედებს აშშ-ში).
ქართველი ემიგრანტები იტალიაში
2023 წლის ოფიციალური ანგარიშით, იტალიაში საქართველოს 29 222 მოქალაქე ცხოვრობდა – ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობენ და ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ხვდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით კი, იტალიაში დაახლოებით 50 000 ქართველი ცხოვრობს (ლეგალურად და არალეგალურად, სხვადასხვა სტატუსით). თუმცა, ცხადია, რომ ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს.
ქართველი იმიგრანტების რიცხვი იტალიაში განსაკუთრებით გაიზარდა 2015 წლიდან.
2015 წლამდე საბერძნეთი ქართველი ემიგრანტებისთვის „დანიშნულების“ ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა იყო ევროპაში, დიდი კრიზისის დროს კი (საბერძნეთის ეკონომიკური ვარდნა, სამუშაოსა და მცირე ხელფასების პრობლემა) ბევრმა ქართველმა იტალიაში არჩია გადასვლა უფრო სტაბილური სამსახურისა და მაღალი ანაზღაურების გამო. ამას ადასტურებს სტატისტიკა, თუ როგორ იცვლებოდა ფულადი გზავნილების მოცულობა – 2014 წლის შემდეგ (296 მლნ ევრო წელიწადში) იტალიიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების წლიური მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა (წინასწარი გათვლით, 2025 წელს იტალიიდან ემიგრანტებმა დაახლოებით 500-520 მლნ ევრო გადმორიცხეს). ფულადი გზავნილები კარგი ინდიკატორია ემიგრანტების რაოდენობის შესაფასებლად, თუმცა ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ის ფაქტი, რომ იტალია წლების განმავლობაში ლიდერია საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით, ცხადყოფს, რომ იქ ძლიერი, სტაბილური და სამუშაოზე ორიენტირებული ქართული დიასპორაა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო წლებში იტალია რეგულარულად ლიდერობს საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში – ხან პირველ ადგილზეა, ხან მეორეზე (აშშ-ის შემდეგ), გადმორიცხვების მოცულობაც მუდმივად იზრდება (მაგ., გასული წლის დეკემბერში იტალია მეორე პოზიციაზე იყო – 58,67 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 15,24%-იანი წლიური ზრდაა).
ბოლო წლების საშუალო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 500–600 მლნ აშშ დოლარს შორის მერყეობს.
იტალიაში დასაქმებული ქართველი ემიგრანტი, ჩვეულებრივ, გზავნის:
- თვეში დაახლოებით 600–900 ევროს;
- წელიწადში დაახლოებით 7 000–10 000 ევროს.
თუ ავიღებთ კონსერვატიულ საშუალო მაჩვენებელს, გამოდის 8 000 ევრო წელიწადში ერთ ადამიანზე.
ვთქვათ, იტალიიდან საქართველოში წელიწადში ირიცხება დაახლოებით 500 მლნ ევრო (2025 წლის წინასწარი მაჩვენებელი), ეს რომ გავყოთ 8000 ევროზე (საშუალოდ, ერთი ადამიანის წლიური გზავნილი), გამოდის, რომ ამ თანხას რიცხავს 62 500 ადამიანი.
ანუ იტალიაში დღეისათვის 55 000–70 000 ფულის აქტიური გამომგზავნი ქართველი ემიგრანტია და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ურიცხავენ თანხას თავიანთ ოჯახებსა და ახლობლებს.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგი ემიგრანტი საერთოდ არ რიცხავს თანხას (ვინც მთელი ოჯახითაა წასული, სტუდენტები, მოქალაქეები), ზოგი წელიწადში 15 000–20 000 ევროს გზავნის, ზოგჯერ ოჯახიდან მხოლოდ ერთი წევრი რიცხავს თანხას, ნაწილი ემიგრანტებისა კი ფულს არაფორმალური გზით უგზავნის საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს და ახლობლებს (რაც სტატისტიკაში არ აისახება).
ეს ცხადყოფს, რომ რეალურად იტალიაში 50 000-ზე ბევრად მეტი ქართველია და შესაძლოა მათი რიცხვი 80 000-საც აღემატებოდეს.
ნინო ხოშტარია



