„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გეოპოლიტიკა“ – ბერძენი მკვლევარის წიგნის პრეზენტაცია ათენში (ვიდეო)
იოანის კოტულასი, თსუ-ს მოწვეული ლექტორი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას პირდაპირ უკავშირებს 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმას
10 დეკემბერს ათენში გაიმართა ბერძენი მკვლევარის, პოლიტიკის ანალიტიკოსის, იოანის კოტულასის (Ioannis Kotoulas) წიგნის პრეზენტაცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ეძღვნება. აღნიშნული კვლევა, რომელშიც დეტალურად არის გაანალიზებული რუსული აგრესიის მიზეზები და მიმდინარეობა, პირველი ასეთი სახის ნაშრომია ბერძნულ სამეცნიერო წრეებში.
მკვლევარი თავის წიგნში, რომლის სახელწოდებაა „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გეოპოლიტიკა“, სიღრმისეულად წარმოაჩენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ისტორიულ და გეოპოლიტიკურ საფუძვლებს, საშუალებას აძლევს ბერძნულ საზოგადოებას, გაერკვიოს რუსული პროპაგანდის დეტალებში.
დაახლოებით 500-გვერდიანი წიგნის შესავალ ნაწილში დაწვრილებით არის განხილული რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ისტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავტორის მიერ რუსული პროპაგანდისტული ნარატივის მხილება და რევიზიონისტული მისწრაფებების ანალიზი. იოანის კოტულასი აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმას ღრმა საფუძვლები აქვს და შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ტრაგედია, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება, მხოლოდ პუტინის პირადი გადაწყვეტილების შედეგია.
ავტორის მიერ რუსული პროპაგანდისტული ნარატივის დეკონსტრუქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, სამწუხაროდ, ბერძნულ საზოგადოებაში მისი გავლენა შესამჩნევია, მათ შორის, სამეცნიერო წრეებშიც. აღნიშნულის შესახებ ჩვენი საიტი უკვე წერდა ერთი მაგალითის საფუძველზე (იხ. როგორ უქმნის საფრთხეს პრორუსული განწყობები საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებს: ერთი სამეცნიერო კვლევის მაგალითი)
მკვლევარი თავის ნაშრომში ასევე დაწვრილებით აღწერს ომის მიმდინარეობას, მის ცალკეულ ფაზებს, ხოლო კვლევის ბოლოს კონფლიქტის დასრულების შესაძლო ვარიანტების განხილვას გვთავაზობს.
პრეზენტაციამ, რომელსაც ათენის პრესის რედაქტორთა ასოციაცია მასპინძლობდა, ათენის სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენელთა ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაზე ნაშრომის შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს პირეოსის უნივერსიტეტის პროფესორებმა: ათანასიოს პლატიასმა და კონსტანტინა ბოციუმ, ასევე, საჯარო მართვის ეროვნული სკოლის მკვლევარმა სტეფანოს კავალიერაკისმა. პრეზენტაციას უძღვებოდა გამოცემა Policy Journal-ის მთავარი რედაქტორი ლუკას კაცონისი.
წიგნის შეძენა შესაძლებელია საბერძნეთის წიგნის მაღაზიებში.
ავტორის შესახებ
იოანის კოტულასი არის ისტორიის დოქტორი, კაპოდისტრიასის სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი, რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. საგულისხმოა, რომ იგი, აგრეთვე, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი. აღსანიშნავია, რომ ის უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას პირდაპირ უკავშირებს 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმას და ხაზს უსვამს, რომ ეს ორი მოვლენა, 2014 წელს ყირიმის ანექსიასთან ერთად, კრემლის აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამოვლინებას წარმოადგენს.
გიორგი ჯანელიძე
დაკავშირებულ თემაზე: როგორ უქმნის საფრთხეს პრორუსული განწყობები საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებს: ერთი სამეცნიერო კვლევის მაგალითი
კომენტარები