როგორ უქმნის საფრთხეს პრორუსული განწყობები საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებს: ერთი სამეცნიერო კვლევის მაგალითი
ცოტა ხნის წინათ ათენის პანდიოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის რუსეთის, ევრაზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა მცირე მოცულობის კვლევა სათაურით: „სამხრეთ ოსეთი: მისი ურთიერთობა საქართველოსთან და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში“. ჩემი ყურადღება თავდაპირველად კვლევის სათაურმა მიიპყრო. დიახ, მკვლევარი ეკატერინა პაპანასტასიუ სეპარატისტულ რეგიონს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით დე ფაქტი გამოეყო საქართველოს, ქვეყნად მოიხსენიებს. პირველი უარყოფითი რეაქცია სწორედ კვლევის სათაურზე მქონდა, რაც სოციალურ ქსელში გამოვხატე კიდეც. ამის შემდეგ, საბედნიეროდ, კვლევის სათაურში სიტყვა „ქვეყანა“ სხვა ტერმინმა, „რეგიონმა“ შეცვალა.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთად-ერთი პრობლემა, რომელიც აღნიშნულ პუბლიკაციას უკავშირდება და ამიტომაც გადავწყვიტე ეს წერილი დამეწერა.
წარმოდგენილი სტატია მიზნად არ ისახავს მეცნიერული დისკუსიის განმართვას კვლევის ავტორთან. ეს არის ბერძნულ საზოგადოებაში არსებული ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის ანალიზის მცდელობა. ეს პრობლემა გამოწვეულია აღნიშნული საზოგადოების ზოგიერთ წრეებში არსებული პრორუსული გრძნობებით და საკუთრივ მას უქმნის საფრთხეს. აქ, საბერძნეთში ყველასათვის კარგად არის ცნობილი კვიპროსთან დაკავშირებული ურთულესი პრობლემის თაობაზე. გარდა იმისა, რომ თურქეთმა 1959 წლის ციურიხ-ლონდონის გარანტიების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება კუნძულზე სამხედრო შეჭრის დასაბუთებისთვის გამოიყენა, აგრესორი ათწლეულების განმავლობაში აქტიურად ცდილობს, ისეთი ტერმინოლოგია დაამკვიდროს, რომელიც მისი უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციას მოახდენს ადამიანების გონებაში და ნიადაგს შეამზადებს მომავალი შესაძლო აგრესიის გასამართლებლად. ამდენად, თურქეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი არანაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე მისი სამხედრო აგრესია.
აქვე მინდა გავიხსენო ბერძნულ საზოგადოებაში არსებული დისკუსია მეზობელი ქვეყნის სახელწოდების თაობაზე. გარდა იმისა, რომ ბერძენთა უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ალექსანდრე მაკედონელის სამშობლოს სახელწოდება ახლად შექმნილმა სლავურმა სახელმწიფოებრივმა წარმონაქმნმა მიისაკუთროს, ეს პროცესი მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისითაც. კერძოდ, როდესაც არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ოფიციალური სახელწოდებით ჩრდილოთ მაკედონია და მის სამხრეთით კი არსებობს ბერძნულ პროვინცია მაკედონია, სრულიად ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე ვიღაცას დაებადოს იდეა, რომ ეს ორი, ერთნაირი სახელწოდების მქონე რეგიონი ერთ სახელმწიფოდ უნდა გაერთიანდეს. რამდენად უტოპიურადაც არ უნდა ჟღერდეს დღეს ეს, გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლოა სრულიად რეალურ საფრთხედ იქცეს. უცხო, არამეგობრული ძალა ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს.
ბერძენმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე ათეული წელი აღმოჩნდა საკმარისი, რათა ასეთი სახის საფრთხე წარმოშობილიყო და რეალიზებულიყო. საუბარი სწორედ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთზეა, რომლის შესახებაც არის საუბარი ზემოაღნიშნულ კვლევაში.
უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ტერმინი „ოსეთი“ საქართველოს ამ ნაწილის მიმართებით არასდროს გამოიყენებოდა და მისი წარმოშობა საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსული მმართველობის დამყარებას უკავშირდება. რუსი მმართველები მას დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ნაწილში კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარე რამდენიმე მთიანი სოფლის მიმართებით იყენებდნენ[1]. ტერმინების წყვილი „ჩრდილოეთ ოსეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“ პირველად 1830-იან წლებში ჩნდება[2]. მოგვიანებით, 1921 წელს, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა, კომუნისტურმა რეჟიმმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე შექმნა ადმინისტრაციულ – ტერიტორიული წარმონაქმნი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით. სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა საფუძველი იმ ტრაგედიისათვის, რომელიც ახლა საქართველოს ამ ძირძველ რეგიონში ვითარდება.
ხაზი უნდა გავუსვათ, ასევე, იმ გარემოებას, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ცენტრში მდებარეობს და დანარჩენი საქართველოსგან არ არის გამოყოფილი რაიმე ბუნებრივი ბარიერით – მაგალითად, მდინარეებით ან მთებით. რეგიონი სამი მხრიდან ღიაა და საქართველოს სხვა რეგიონებს ესაზღვრება. სამაგიეროდ, მთლიანად იზოლირებულია ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ ოსეთიდან და მათ შორის 4000 მეტრზე მეტი სიმაღლის კავკასიონის ქედია გადაჭიმული. ჩრდილოეთ ოსეთთან, რომელიც ნამდვილ ოსეთს წარმოადგენს, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება როკის გვირაბია, რომელიც მხოლოდ 1984 წელს გაიხსნა.
მკვლევარი ჭეშმარიტების დადგენის მცდელობით თავს არ იწუხებს. ამის ნაცვლად კი ფაქტებით მანიპულაციით არის დაკავებული. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ავტორი წერს რომ, „მიუხედავად იმისა, რომ XIV საუკუნეში ალანიის სამეფო აღორძინდა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რის შედეგადაც შემდგომ წლებში სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ძალაუფლება დაქუცმაცდა, სანამ ის 1801 წელს რუსეთის მიერ არ იქნა ანექსირებული“. ამ აბსურდული დებულების განსამტკიცებლად იქვე ამ ინფორმაციის წყაროც არის მითითებული. უნდა დაგვაჯეროს, რომ ამას ამტკიცებს ამერიკელი ისტორიკოსი ჯოშ უილსონი. სინამდვილეში უილსონის ორიგინალური ფრაზა ასეთია: „ალანიის სამეფო მონღოლთა შემოსევის შემდეგ გარკვეული დროით აღორძინდა… ამის შემდეგ, ოსეთის რეგიონში პოლიტიკური ძალაუფლება დიდწილად დაქუცმაცებული და სუსტი იყო, სანამ რუსეთის იმპერიამ რეგიონის ანექსია არ განახორციელა, ჯერ ჩრდილოეთ ოსეთის 1767 წელს და შემდეგ სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ერთად 1801 წელს“[3]. ცხადია, ნებისმიერი სერიოზული მკვლევრისთვის ცნობილი ფაქტია, რომ 1801 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია და არა მაშინ არარსებული სამხრეთ ოსეთისა, ხოლო ამერიკელი ისტორიკოსი უბრალოდ თანამედროვე ტერმინოლოგიას იყენებს რეგიონის იდენტიფიკაციისთვის.
კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი საზოგადოება, მათ შორის, ეთნიკური, გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცეში ვითარდება, სადაც მის წევრებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ და შექმნან ძლიერი ეკონომიკური, სოციალური და სხვა კავშირები. ბუნებრივია, ჩნდება გონივრული კითხვა: როგორ ცხოვრობდნენ ოსები საუკუნეების განმავლობაში ამ ორ, გეოგრაფიულად ერთმანეთისგან იზოლირებულ რეგიონში და ჰქონდათ ერთიანი სამშობლო?
რამდენადაც ჩვენი სტატიის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, უფრო დაწვრილებით შევეხოთ კვლევაში არსებულ შეცდომებსა და, სავარაუდოდ, შეგნებულ მანიპულაციებს, სტატიის სათაურში დასმულ საკითხს დავუბრუნდებით. როგორც გამოცდილება მკარნახობს, სწორედ პრორუსული განწყობები წარმოშობს ბერძნული საზოგადოების, მათ შორის, აკადემიურ წრეებში მოთხოვნილებას, როგორმე გაამართლონ რუსეთის ტრადიციული აგრესიული პოლიტიკა. კვლევა, რომელიც აქ განვიხილეთ, სწორედ ასეთი განწყობების გავლენით არის ჩატარებული. ავტორი, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს, რომ საბერძნეთის მეზობელი აგრესიული სახელმწიფო ამ არგუმენტებს მისივე ავტორების წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა მომავალი აგრესია გაამართლოს. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთი საფრთხე რეალურია.
გიორგი ჯანელიძე
[1] https://runivers.ru/bookreader/book9486/#page/599/mode/1up
[2] https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/191304/1/Tifliskie_Vedomosti_1830_N72.pdf#page=3
კომენტარები