საბერძნეთის კუნძულებზე სასმელი წყლის დეფიციტია – ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ სტატისტიკა აღარაა
2024 წლის ივნისი 21-ე საუკუნის ყველაზე ცხელი თვე იყო. ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ ჩანაწერების მიხედვით კი მსოფლიო ისტორიაში აღრიცხულ ყველაზე ცხელ თვეებს შორის მესამე ადგილს იკავებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი არაა…
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე მდებარე ყველაზე დიდი წყალსაცავი ამოშრა, ხოლო ზღვის წყალი ამომშრალ საირიგაციო ჭებში ხვდება, რის გამოც კუნძულზე კარტოფილის მოსავალს საფრთხე ემუქრება.
მეორე კუნძულზე – კარპატოსზე კი ხელისუფლებამ საცურაო აუზების წყლით გავსებაზე შეზღუდვა დააწესა, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ თასოსზე წყლის გაფილტვრისთვის საჭირო დანადგარს ეძებენ, რათა ზღვის წყალი დასალევად ვარგისი გახადონ.
საბერძნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე რამდენიმე თვეა წვიმა საერთოდ არ მოსულა. შექმნილ ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონია, რომელიც ადგილობრივებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
„მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნალექის მწვავე დეფიციტია, განსაკუთრებით კუნძულ ნაქსოსზე, სადაც ჩვენი წყალსაცავები დაცარიელებულია“, – განაცხადა კუნძულის მერმა დიმიტრის ლიანოსმა.
საბერძნეთს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა მისი უძველესი ღირსშესანიშნაობებით, ხელუხლებელი პლაჟებითა და ფირუზისფერი კამკამა წყლით დატკბეს.
თუმცა კლიმატის ცვლილებამ, მათ შორის, ტემპერატურის მატებამ, არარეგულარულმა ნალექმა და ტყის ხანძრებმა ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს მამოძრავებელ ინდუსტრიას საფრთხეს შეუქმნა.
ეს წელი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. ისტორიაში ყველაზე თბილი ზამთრის შემდეგ ტყის ხანძრები უჩვეულოდ ადრე დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც, როგორც წესი, თოვს ხოლმე.
ტყის ხანძრებს, სულ მცირე, ექვსი ტურისტი ემსხვერპლა, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი, რომელიც ერი თვის წინ, 9 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს 5-დღიანი ძებნის შემდეგ.
კომენტარები