ეკონომიკასაქართველო

Creative Culture – ნული ლარითა და სამოყვარულო ფოტოკამერით დაწყებული „კრეატიული კულტურა“

კრეატიული ინდუსტრია საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, მომხმარებელთან ეფექტიანი, მიზნობრივი და ლოიალობის განმსაზღვრელი კომუნიკაციის არსებობა ქართული ბრენდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა როგორც ახალ რეალობაში თავის დასამკვიდრებლად, ისე კონკურენტულ რბოლაში მოსაგებად. ეს ყველაფერი კი, დიდწილად, სწორედ კრეატიული სააგენტოების მხრებზე დგას, რომელთაც შესაძლოა სახელით არ იცნობდეთ, თუმცა მათი ოპერირების შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადევნებთ თვალს.

ამ დარგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ქართულ ბაზარზე არის სააგენტო Creative Culture, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია, სწორედ „კრეატიული კულტურის“ ამაღლებას ემსახურება და თავისი გუნდის გამოცდილებასა და ხედვებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების განვითარებას ახმარს.

დღეისათვის Creative Culture-ის გუნდი 30-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, აქვს უზარმაზარი ტექნიკური ბაზა და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, თუმცა ამ ყველაფერს მისმა მესვეურებმა დიდი შრომისა და საქმის მიმართ ერთგულების ხარჯზე მიაღწიეს, სწორედ ამგვარი მიდგომა გახდა ნული ლარითა და სამოყვარულო კამერით დაწყებული საქმიანობის წარმატების საწინდარი.

ლაშა წიკლაური, CC-ს დამფუძნებელი

„წლების განმავლობაში, სკოლის დამამთავრებელ კლასებში და შემდეგ უკვე უნივერსიტეტში სწავლის დროს, სოციალური მედიის მენეჯერი ვიყავი. მომწონდა ეს საქმე და ყველაფერს თავად ვაკეთებდი, ენთუზიაზმითა და მონდომებით. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე კრეატიული მიმართულებით მუშაობდა, მშობლების მიერ სწავლისათვის მიცემული ფულით ჩუმად ფოტოკამერა შეიძინა, მოვიდა ჩემთან და ერთობლივი ძალებით კომპანიის დაარსება შემომთავაზა. მეც ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი და ასე სამოყვარულო კამერითა და ნული ლარით დავიწყეთ საქმე, ყოველგვარი გააზრების გარეშე, თუ სად ვიქნებოდით ორი-სამი წლის შემდეგ, – გვიამბობს CC-ს დამფუძნებელი ლაშა წიკლაური, – ჩვენი პირველი და ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი ინტერნეტი იყო, საიდანაც უამრავი რამ ვისწავლეთ. ბევრი შეცდომის და გათენებული ღამეების მიუხედავად, ვსწავლობდით და ერთად ვვითარდებოდით. მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ ბათუმშიც გვიმუშავია, სადაც ხარჯი გაცილებით დიდი გვქონდა, ვიდრე შემოსავალი, თუმცა ამან მოგვცა გამოცდილება, შეგვძინა ადამიანები, რომლებიც გვეხმარებოდნენ, ცოდნას გვიზიარებდნენ და შემოქმედებითად გვზრდიდნენ“.

Creative Culture-ის გათვლა თავიდანვე HoReCa იყო. ამ სახელით სააგენტო მესამე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში უამრავ კომპანიას გაუწია მომსახურება, რომლებთანაც დღემდე სტაბილურად მუშაობს.

CC-ის კვალიფიკაციასა და მომსახურების მაღალ სტანდარტს ასაბუთებს იმ პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალიც, რომლებთანაც გუნდმა საკმაოდ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ესენია: კვების ინდუსტრიისა და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, როგორც ქართული, ისე უცხოური ბრენდები.

„ჩვენი სააგენტოს მთავარი უპირატესობაა, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კრეატიული მომსახურების სრულ პაკეტს „ერთი ქოლგის ქვეშ“” პრინციპით ვთავაზობთ. ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ ნათლად გვიჩვენა, რომ აუცილებელია სააგენტოს ჰყავდეს როგორც „პროდაქშენის“, ისე დიზაინის, სოციალური მედიის მართვის, კრეატიული და ფოტო-ვიდეოგადაღების გუნდები, რაც მთლიანობაში კომპანიებს საქმიანობას უმარტივებს და უზოგავს როგორც დროს, ისე ფინანსებს. ბოლო პერიოდში მოიმატა მობილური „პროდაქშენის“ მოთხოვნამაც, რაც Reel ფორმატის პოპულარიზებამ გამოიწვია და გაცილებით ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა, ვიდრე ძვირადღირებული სარეკლამო რგოლები, – აღნიშნავს ლაშა, – ჩვენი ძირითადი მიმართულება ჰორეკა სექტორია და თითქმის ყველა ცნობილ რესტორანთან თუ სასტუმროსთან გვაქვს ნამუშევარი. ბევრი მათგანი უკვე სისტემატურად პარტნიორობს ჩვენთან და მათი ბრენდების ყოველდღიურობაში აქტიურად ვართ ჩართულები. პირობითად, როდესაც სოციალური მედიის მიმართულებით ვეხმარებით კომპანიებს, მხოლოდ პოსტების განთავსებით არ შემოვიფარგლებით. ვართ მუდმივ კონტაქტზე მათთან, ბევრს ვსაუბრობთ, ვცვლით იდეებს და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ერთად ვზრუნავთ“.

CC მუდმივად ახალი სახეებისა და სპეციალისტების ძიებაშია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, CC-ს გუნდთან შეერთების ნებისმიერ მსურველს, პროფესიული ცოდნისა და უნარების გარდა, აუცილებელია, მკაფიო, გამოკვეთილი პიროვნული ინდივიდუალიზმი ჰქონდეს. „საქმის შემსრულებლის გარდა“, კრეატიულ სააგენტოში სამუშაოდ აუცილებელია „ქიმიის“ არსებობა გუნდის წევრებს შორის, რომელიც კრეატიული „ნაპერწკლის გაღვივების“ წინაპირობაა. Creative Culture არის შესაძლებლობების ერთგვარი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ საღ და კრეატიულ იდეას აქვს განხორციელების შანსი, არ არსებობს შეზღუდვები, ანგარიშგასაწევია თითოეული თანამშრომლის იდეა და კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ხედვა.

Creative Culture ახლო მომავალში საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას გეგმავს. CC-ს განხორციელებული აქვს რამდენიმე კომპანიის ბრენდინგის პროექტი აშშ-ის ბაზარზეც, რაც საერთაშორისო მასშტაბით გასვლას კიდევ უფრო ამარტივებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სულ მალე ისინი სტარტაპებთან სამუშაოდ დამოუკიდებელი დეპარტამენტის გახსნას გეგმავენ, რაც დამწყები ანტრეპრენერებისათვის მაღალი სტანდარტებით საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, CC-მ კომპანიების გახსნის ღონისძიების ორგანიზებას მიჰყო ხელი, სადაც ძირითადი ყურადღება შოუს შექმნასა და ფროდაქშენს ეთმობა.

„ჩემი აზრით, საქართველოს ბაზარზე განვითარების დიდი პერსპექტივაა. ბაზარი საკმაოდ სწრაფად ცვალებადი და მზარდია. ჩვენს პარტნიორებს, ისევე როგორც სხვა ბიზნესებს, ნელ-ნელა ეცვლებათ გემოვნება და სურვილები, რომელთა რეალიზებაც სულ უფრო მეტ კრეატივსა და ტექნიკურ მზაობას მოითხოვს. ეს გვზრდის ჩვენც და, ზოგადად, კრეატიულ ინდუსტრიას, – აცხადებს ლაშა წიკლაური, – დღეს ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ კარგი პროდუქტი ან სერვისი საკმარისი აღარაა. აუცილებელია სწრაფი და კრეატიული რეაგირება მომხმარებელთა ცვალებად სურვილებზე, სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად. სწორედ ამიტომ, Creative Culture არ ქმნის უბრალოდ რეკლამას − ჩვენ ვქმნით კულტურას, რომლის თანამოზიარენი ხდებიან პარტნიორი კომპანიები და მათი მომხმარებლები.

ამ მომენტისთვის კრეატიულ სააგენტოს 200-ზე მეტი აქტიური პარტნიორი ჰყავს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის არიან საერთაშორისო, გლობალური ბრენდებიც; სააგენტოს „პროდაქშენის“ გუნდის პორტფელშია წელიწადში 15 000-ზე მეტი დამუშავებული ფოტო და 1200 წუთზე მეტი დამონტაჟებული ვიდეო.

სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო მიმართულება ბრენდინგია, რაც კომპანიებისთვის ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებასა და სულის შთაბერვას გულისხმობს. ნებისმიერ კომპანიას სჭირდება წარმატებული მოღვაწეობისთვის იდეოლოგია, რომელზეც გატარდება მთელი რიგი კომუნიკაციები.

ავტორი: არჩილ გელაშვილი

წყარო:  Entrepreneur Georgia

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close