ვიდეოსაქართველოსპორტი

ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს წარმომადგენლების – ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა (ვიდეო)

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულით პირველ ადგილზეა და სატურნირო ცხრილში 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის ლიდერობს.

ანასტასიასა და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც პირველი შემთხვევაა, როცა წყვილი საქართველოდან მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ პოზიციაზეა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ამასთან, ჩვენი წყვილი თავისუფალი პროგრამის წინ 10 ქულით უსწრებს 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს, იტალიელ სპორტსმენებს – სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის.

ქორეოგრაფიულად და კომპოზიციურად სრულყოფილი მოკლე პროგრამის ტექნიკურად უშეცდომოდ, დამაჯერებლად წარმოდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი დამსახურებულად იკავებს პირველ პოზიციას, რითაც სერიოზულ განაცხადს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

მეორე პოზიციაზე გერმანელების, მინერვა ფაბიენ ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის (69.63) წყვილია, მესამეზე კი – იტალიელები, ლუკრეცია ბეკარი და მატეო გუარიზე (67.05).

ჩემპიონატის პირველ დღეს კაცთა შორის მოკლე პროგრამით ქართველმა მოციგურავე ნიკა ეგაძემაც იასპარეზა. ნიკამ მოკლე პროგრამაში 77.00 ქულა დააგროვა და მეათე ადგილი დაიკავა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close