მსოფლიოკულტურასაზოგადოება

ჩინელი დიასახლისების საახალწლო რიტუალები ფინანსების, წარმატების და ბედნიერების მოსაზიდად

მოგვიახლოვდა წლის ყველაზე მთავარი საერო დღესასწაული – ახალი წელი და, შესაბამისად, საახალწლო განწყობაც  ნელ-ნელა იზრდება. ყველა ერს ახალი წლის შეხვედრის საკუთარი ტრადიციები აქვს. მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, ყველა მათგანი ერთი აზრით და სულისკვეთებითაა გამსჭვალული: ძველ წელში დარჩეს ყველა პრობლემა და წარუმატებლობა და ახალმა წელმა უკეთესი, ყოველმხრივ უფრო წარმატებული, სასიამოვნო ამბებით დატვირთული ცხოვრება მოგვიტანოს. ამ მიზნით სხვადასხვა რიტუალსაც მივმართავთ ხოლმე, რომ დამდეგი წელი ჩვენს სასიკეთოდ „მოვმართოთ“ და „დავმუხტოთ“. 

ბოლო ხანებში ძალიან გაიზარდა ინტერესი აღმოსავლური ჰოროსკოპებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების მიმართ. აღმოსავლური ჰოროსკოპებისა და ფენ შუის ტრადიციების თანახმადაც, ახალი წლის შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში. ჩინელი დიასახლისები (და ისინი, ცხადია, გამონაკლისს არ წარმოადგენენ) უდიდეს ყურადღებას უთმობენ ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას.

მაინც რით იწყება ჩინეთში ახალი წლის შეხვედრა? უპირველეს ყოვლისა, ჩინელებს სახლიდან გააქვთ ყველა ძველი, გამოუსადეგარი ნივთი, დიასახლისი კი ცდილობს, რომ მისი „ბრინჯის საცავი“ სავსე იყოს. „ბრინჯის საცავი“  ბრინჯის შესანახ დიდ ყუთს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ეს მარცვლეული კულტურა ჩინელებისთვის, ტრადიციულად, ძირითადი საკვებია, ამიტომ სავსე „საცავი“ მათთვის ოჯახში ბარაქის სიმბოლოს წარმოადგენს.

ახალი წლის პირველ დღეს, იმისთვის, რომ ოჯახს მთელი წლის მანძილზე ხვავი და ბარაქა დაებედოს, დიასახლისი „ბრინჯის საცავის“ ფსკერზე წითელ ტომსიკას დებს, რომელშიც ლითონის მონეტებია მოთავსებული და ყოველი ახალი წლის პირველ დღეს ეს ტომსიკა ახალი მსგავსი ტომსიკით იცვლება. ფულით სავსე წითელი ტომსიკები იმ წარმატებების გაგრძელების საწინდარია, რომლებიც ოჯახს წლიდან წლამდე მიჰყვება. სხვათა შორის, ჩვენს სახლებში ასეთი „ბრინჯის საცავის“ მაგივრობა შეიძლება მაცივარმაც გასწიოს. ასე რომ, მონეტებიანი წითელი ტომსიკა შეგიძლიათ მაცივრის ქვედა თაროზე მოათავსოთ. ჩინელებს, ისევე როგორც სხვა ერების წარმომადგენლებს, ახალ წელს ახლობლების დასაჩუქრებაც უყვართ. ტრადიციულ საჩუქრად წითელი კონვერტი ან პაკეტი ითვლება, რომელშიც ფულია მოთავსებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში ახალი წლის შეხვედრისას წითელი ფერი ყველგან ფიგურირებს, ბინებისა და ოფისების მორთულობაშიც, რადგან ფენ შუის თანახმად, ამ ფერს წარმატება მოაქვს. ჩინელი დიასახლისი დიდ ყურადღებას უთმობს ბინის მორთულობას ახალი წლის დღეებში. ჰოლში შემოსასვლელი კარების პირდაპირ წითელ ან ოქროსფერ გობელენს კიდებენ. ჩინელების რწმენით, ამ ფერების შეხამება სიკეთისა და წარმატების მომტანად ითვლება. წითელი და ოქროსფერი სიმდიდრისა და წინსვლის სიმბოლოებია და თუკი ბინაში და დაწესებულებაში შესასვლელ კარებთან ეს ფერები ფიგურირებს, მის მობინადრეებსა თუ თანამშრომლებს მომავალ წელს ახალი შესაძლებლობები, „ბედნიერი გაელვებები“ უჩნდებათ“.

ახალი წლის შესახვედრად სახლი გირლანდებითა და თაიგულებით ირთვება. ყვავილები შეიძლება იყოს როგორც ცოცხალი, ისე ხელოვნური. მთავარ საახალწლო ყვავილებად ჩინეთში პეონები და ქრიზანთემებია აღიარებული. ამ ხალხის აზრით, პეონი სიმდიდრის სიმბოლოა, მას მფლობელისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მდგომარეობა და ბედნიერი სიყვარულიც მოაქვს. ქრიზანთემა კი ოჯახში ბედნიერებას და მხიარულებას იზიდავს. ის კომფორტული ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ბინის ცენტრში ყვითელ ქრიზანთემებს ათავსებენ ხოლმე. ასე რომ, ჩინური ახალი წლის დღეებში ამ ყვავილებს ყველგან შეხვდებით.

ჩინეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ახალ წელს განსაკუთრებულად გაშლილი სუფრით ეგებებიან ხოლმე. საახალწლო სუფრაზე მთავარ და აუცილებელ კერძს თევზი წარმოადგენს, რომელიც ასევე სიმდიდრისა და ფულის სიმბოლოდ არის მიჩნეული. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ფორთოხალიც, რადგან აღმოსავლური ტრადიციების თანახმად, დიდი ნარინჯისფერი ფორთოხლები ოჯახში სიმდიდრესა და მატერიალურ კეთილდღეობას იზიდავენ. ჩინელი დიასახლისი ახალ წელს ფორთოხლებით სავსე ლარნაკებს მთელ სახლში განათავსებს ხოლმე. ფორთოხლები შესანიშნავ საახალწლო საჩუქრადაც ითვლება. ჩინურად სიტყვა „ფორთოხალი“ გამოითქმის, როგორც „კუმი“, რაც ოქროსაც ნიშნავს.

აი, ასეთია ჩინელი დიასახლისების ზოგიერთი „საიდუმლო“ დამდეგ ახალ წელს წარმატების, მატერიალური კეთილდღეობისა და ბედნიერების მოსაზიდად. ამ საახალწლო რიტუალების შესრულება ძნელი ნამდვილად არ არის და შეიძლება თქვენც მოგეწონოთ და გაითვალისწინოთ.

მთავარი კი ის არის, რომ ყველაფრის მიუხედავად ახალ წელს კარგი განწყობით შევხვდეთ, რათა მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიხარული და ბედნიერება სუფევდეს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close