ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთში საპროტესტო აქციები და შეტაკებებია – რა გახდა მორიგი მღელვარების მიზეზი (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ხშირად შეტაკებებიც ხდება პოლიციასთან. 100-ობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა „ამნისტიის კანონისა“ და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პედრო სანჩესის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც სანჩესის სოციალისტურ პარტიასა და კატალონიელ სეპარატისტთა დიდ ნაწილს შორის შეთანხმება გაფორმდა, მადრიდში, ესპანეთის სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინასთან ძალადობის შემთხვევებიც გამოვლინდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და სხვა ნივთები ესროლეს, პოლიციამ კი აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის რამდენიმე პირი დააკავეს. მსგავსი აქციები გაიმართა ესპანეთის სხვა ქალაქებშიც.

ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სოციალისტური პარტიიდან, პედრო სანჩესი, სეპარატისტულ პარტიას Junts Per Catalunya („ერთად კატალონიისთვის“)  საბოლოოდ შეეკრა და „ამნისტიის კანონის“ მიღებას დათანხმდა.

მანამდე დადებული პირობის მიუხედავად, სანჩესი, პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებაში დახმარების სანაცვლოდ, სეპარატისტებს 2017 წელს კატალონიაში უკანონოდ ჩატარებულ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს აპატიებს. ესპანელები შიშობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საფრთხე ექმნება. მოსახლეობის ნაწილს სეპარატისტების კიდევ უფრო გაძლიერებისა ეშინია.

ესპანეთის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს (ესპ. Alberto Núñez Feijóo) მიაჩნია, რომ ეს შანტაჟი და სამარცხვინო შეთანხმებაა, რომელიც პრობლემებს კი არ მოაგვარებს, პირიქით, გააღრმავებს. იგი მადრიდში გამართულ დემონსტრაციაზე განსაკუთრებით კრიტიკულად გამოვიდა პედრო სანჩესის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მომავალ ხუთშაბათს პრემიერ-მინისტრი გახდება – მას კენჭი უნდა უყარონ პარლამენტში. ხმების საკმარისი რაოდენობის მოსაგროვებლად სანჩესს კატალონიური პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

ულტრამემარჯვენე ნაციონალურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია „ვოქსის“ (ესპ. Vox – „ხმა“) ლიდერი სანტიაგო აბასკალი განვითარებულ მოვლენებს აფასებს გადატრიალებად, რომელიც ერის, დემოკრატიისა და კანონის წინაშე აჯანყებას ნიშნავს. მისი თქმით, ესპანეთის ისტორიაში ბნელი პერიოდი იწყება.

სავარაუდოდ, ესპანეთის საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ ამ კვირაში მიიღებს და მომავალ ხუთშაბათს დაკანონდება პედრო სანჩესის ხელახალი პრემიერობაც. სეპარატისტების შეწყალების რა მასშტაბებზეა საუბარი, ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ არის,  ეს კი საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევს, რაც პედრო სანჩესის გაკრიტიკების კიდევ ერთი მიზეზია.

„ამნისტიის კანონით“ კმაყოფილი არც ევროკავშირია. მან უკვე გამოხატა „სერიოზული წუხილი“ კანონპროექტის შესახებ და ესპანეთისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.

მანანა ბანძელაძე

მსგავს თემაზე: კატალონიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებმა გაიმარჯვეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close