ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ოქროს ბურთის“ ფინალში გავიდა და მე-17 ადგილი დაიკავა, პარიზში, შატლეს თეატრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე 30 ოქტომბერს ახალშერთულ მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა. კვარამ თავისი და ნიცას ფოტო ინსტაგრამში გააზიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
View this post on Instagram
გავრცელდა ვიდეოც, როგორ გაიარა ქართველმა წყვილმა წითელ ხალიჩაზე მედიის უამრავი წარმომადგენლისა და ფოტორეპორტიორის, მოწვეული საპატიო სტუმრების წინაშე.
ნიცას ღონისძიებაზე ავსტრალიელი დიზაინერის, Alex Perry-ს ელეგანტური შავი კაბა ეცვა, რომლის ღირებულება, თუ მისი მეუღლის შემოსავალს და ღონისძიების პომპეზურობას გავითვალისწინებთ, საკმაოდ „მოკრძალებულია“, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
„გუშინ ეკრანთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, არადა უნდა დამეწერა – ჩვენი ყველას ჯობდა!
#კვარა ❤ აი, ხომ თითქოს არაფერი, ავიდა სცენაზე, დადგა მესის, მბაპეს გვერდით, გაიარა, ჩამოვიდა და ამასობაში საქართველოსთვის ისტორიის ფურცელი დაწერა!“ – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფეისბუქში გამოქვეყნებული ამ პოსტით უამრავი ადამიანის სათქმელი თქვა.
ოქროს ბურთის მფლობელი მამაკაცთა შორის ამჯერადაც, უკვე მერვედ, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გახდა.
გვჯერა, მალე მოვა დრო, „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებულ ამ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს ჩვენებურიც მიიღებს და სულაც არ გაგვიკვირდება, თუ პირველი ქართველი „ბალონდორელი“ (ფრ. Ballon d’or – ბალონ დ’ოღ – ოქროს ბურთი) სწორედ კვარა იქნება!
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები