ნოემბრის მძიმე დღეები – მოსალოდნელია რამდენიმე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი
როგორ უნდა მოემზადონ მეტეოდამოკიდებული ადამიანები, რომ რთული პერიოდები ადვილად გადალახონ
სპეციალისტების თქმით, შემოდგომის ბოლო თვეში რამდენიმე ისეთი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანის გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი
მაგნიტური ანუ მზის ქარიშხალი არის ენერგიის გამოფრქვევა, რომელიც მზისგან მოდის. სხვადასხვა სიმძლავრის აფეთქებები მზის მასის ამოფრქვევისა და აფეთქების სახით ხდება, რის შედეგადაც ენერგია ყველა მიმართულებით იფანტება, მათ შორის, დედამიწამდეც აღწევს.
გამოტყორცნები ენერგიის სახით დამუხტული ნაწილაკებისგან (პროტონები და ელექტრონები) წარმოიქმნება, რომლებიც სივრცეში ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და როდესაც დედამიწის მაგნიტოსფეროს ეჯახებიან, გეომაგნიტურ აქტივობას იწვევენ.
ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან მათი შეჯახების შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს – პოლარული ნათება, თანამგზავრების, რადიოკავშირების, ელექტროქსელების, GPS-ის, მობილური კომუნიკაციების მუშაობის დარღვევა და მრავალი ადამიანის გუნება-განწყობილების გაუარესება.
გეომაგნიტური ქარიშხლების პირველი ტალღა უკვე თვის პირველივე დღიდან აღინიშნება. პირველ ნოემბერს 3-ბალიანი ქარიშხალია ნავარაუდევი, თუმცა საღამოსკენ მისი სიმძლავრე ორ ბალამდე შემცირდება.
2-დან 8 ნოემბრამდე 2-ბალიანი მაგნიტური შტორმებია მოსალოდნელი. ყველაზე ძლიერი შტორმს კი 8 ნოემბერს პროგნოზირებენ: ოთხბალიანი მაგნიტური ქარიშხალი გვიან საღამოს დაიწყება და 9 ნოემბრამდე გაგრძელდება – ამ დროისთვის მისი სიმძლავრე სამ ბალამდე შემცირდება, მაგრამ ამინდზე დამოკიდებული ადამიანები მის გავლენას მაინც იგრძნობენ.
შედარებით მშვიდი პერიოდია მოსალოდნელი 10-დან 12 ნოემბრამდე – ამ დღეებში მაგნიტური შტორმების სიმძლავრე 2 ბალს არ გადააჭარბებს.
13 ნოემბრიდან კი ისევ ძლიერი, 4-ბალიანი შტორმი დაიწყება და 14 ნოემბრის საღამომდე გაგრძელდება.
15 ნოემბერი ყველაზე მშვიდი იქნება, ერთბალიანი შტორმს მეტეოდამოკიდებული ადამიანებიც კი ვერ გრძნობენ.
კლასიფიკაციისთვის და ადვილად ორიენტირებისათვის მეცნიერები იყენებენ G ინდექსს, რომელიც გეომაგნიტური ქარიშხლის საშიშროების ცალკეულ დონეს და მისი გავლენის ხარისხს აღნიშნავს.
ამ სკალის მიხედვით, მაგნიტური ქარიშხალი 5 დონედ იყოფა:
G1 – მცირე მაგნიტური შტორმები. შეიძლება ადამიანებმა ვერც იგრძნონ, ისინი რამე განსაკუთრებულ ზეგავლენას არ ახდენენ ელექტროქსელებსა და ელექტრონული მოწყობილობების მუშაობაზე.
G2 – ზომიერი მაგნიტური შტორმები. ისინი გავლენას ახდენენ კოსმოსური ხომალდებსა და პოლარულ ნათებაზე, რომელიც პოლუსებიდან უფრო შორს წარმოიქმნება. ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი ძაბვის ცვლილებას იწვევენ.
G3 – ძლიერი. მათი ზეგავლენით პოლარული ნათება ეკვატორთან უფრო ახლოს ჩნდება. ასეთი გეომაგნიტური შტორმები პირდაპირ გავლენას ახდენენ ენერგეტიკულ სისტემებზე და სატელიტურ ნავიგაციასა და რადიოკავშირში შეფერხებებს იწვევენ.
G4 – მძიმე მაგნიტური ქარიშხლები. ასეთი შტორმების დროს ძაბვის კონტროლის პრობლემები და დამცავი მოწყობილობების არასწორი მუშაობა შეინიშნება. უარესდება სატელიტური ნავიგაცია და რადიოკავშირი.
G5 – ექსტრემალურად ძლიერი. პოლარული ნათება შეიძლება სუბტროპიკებში წარმოიქმნას. ამ დონის მაგნიტური შტორმი იწვევს ფართომასშტაბიან პრობლემებს ელექტროქსელში, რასაც შესაძლოა სრული გამორთვა მოჰყვეს და, აგრეთვე, სერიოზულ გაუმართაობას თანამგზავრებისა და რადიოკავშირის მუშაობაში.
ვინ შედის მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენის რისკ-ჯგუფში
მეცნიერები, მათ შორის, ექიმები კვლავ კამათობენ იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე და მათ განწყობაზე, ხასიათზე და ჯანმრთელობაზე. ამ თეორიას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.
ამიტომ, როდესაც საქმე არასრულად შესწავლილ ფენომენებს ეხება, ექიმები მხოლოდ ზოგადი რჩევებით შემოიფარგლებიან ხოლმე.
ითვლება, რომ მაგნიტური ქარიშხლის გავლენის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, ექცევიან ხანდაზმულები, დასუსტებული იმუნური სისტემის და ქრონიკული დარღვევების, თირკმელების დაავადებების, ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დისტონიის პრობლემების და ჭარბი წონის მქონე ადამიანები.
მაგნიტურმა შტორმმა, ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსული ქალებისა და ჩვილების გუნება-განწყობაზე.
მაგნიტური ქარიშხლის დღეებში მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს შესაძლოა არტერიული წნევასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები.
ბევრი ადამიანის შემთხვევაში მათი ზეგავლენა შესაძლოა გამოვლინდეს ენერგიისა და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებით, შაკიკის, თავის ტკივილის შეტევებით, ძილად მივარდნითა და სისუსტით, ზოგი ადამიანი კი უფრო გაღიზიანებული ხდება.
ზოგიერთს აღენიშნება სახსრების ტკივილი. ადამიანები ხდებიან უყურადღებოები, კონფლიქტურები და მშფოთვარეები.
მძიმე დღეებისთვის მომზადება და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი ეფექტების შემცირებაში დაგეხმარებათ.
რას გვირჩევენ ექიმები, ჩვეულებრივ:
დაიცავით ძილის გრაფიკი (მინიმუმ 7-9 საათი დღეში);
დაიცავით დღის ნორმალური რეჟიმი;
სრულფასოვნად იკვებეთ, რაციონში ჩართეთ უფრო მეტი ხილი და ბოსტნეული, დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
გამორიცხეთ ალკოჰოლი, შეამცირეთ ყავის მიღება (მაქსიმუმ ერთი-ორი ფინჯანი დღეში);
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
მოერიდეთ ფიზიკურ და ფსიქოემოციური დატვირთვას;
თუ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდება ან ქრონიკული დაავადებები გამწვავდება, მიმართეთ ოჯახის ექიმს.
რაც მთავარია, არ აჰყვეთ პანიკას და შეინარჩუნეთ სიმშვიდე – ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობა.
მოამზადა თამთა გურულმა
p. s. აქვე შეგახსენებთ, რომ სპეციალისტების თქმით, მზის აქტიურობამ პიკს შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე მიაღწიოს – უფრო ადრე, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
მზე აქტიურობის 11-წლიან ციკლს მიჰყვება: დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში მზის მაგნიტური ველები ერთმანეთში „იხლართება“, როგორც მჭიდროდ დახვეული ლენტების გორგალი, შემდეგ კი მეტისმეტი ძაბვისგან სკდება და პოლუსების ცვლილება ხდება. ამ გადატრიალების წინ მზის აქტიურობა იზრდება, იგი პლაზმის ნაკადებს გამოტყორცნის, გიგანტური ლაქებით იფარება და გამოსხივების ნაკადებს გამოსცემს.
აქტიურობის ზრდის ამ პერიოდს `მზის მაქსიმუმს~ უწოდებენ. ეს რთული პერიოდია დედამიწისთვისაც, რომელსაც მაგნიტური ქარიშხლები უფრო ხშირად ფარავს.
თავიდან მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ მზის ამჟამინდელი მაქსიმუმი პიკს 2025 წელს მიაღწევდა, თუმცა მზის ლაქების, მზის ქარიშხლების სიუხვის და სხვა მოვლენების გამო დაასკვნეს, რომ მზის მაქსიმუმი შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში დადგეს.
კომენტარები