ჯანმრთელობარჩევები

მაგნიტური ქარიშხლები აგვისტოში: პოტენციურად სახიფათო დღეების პროგნოზი – 1-31 აგვისტო

პირველი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწას უკვე 1-ელ აგვისტოს დაატყდა თავს

მეცნიერებმა აგვისტოში მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი გამოაქვეყნეს. აშშ-ის ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული კვლევების ნაციონალური სააგენტოს კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის მონაცემებით, აგვისტოს განმავლობაში მოსალოდნელია G1 ან G2 კატეგორიის მაგნიტური ქარიშხლები.

პირველმა მაგნიტურმა ქარიშხალმა დედამიწა უკვე ამ თვის პირველივე დღეებში – 1-2 აგვისტოს დაფარა.

საიტ Meteoagent-ის მონაცემები, აგრეთვე, აჩვენებს, რომ მაგნიტური ქარიშხალი დედამიწას ფარავს პირველ და 2 აგვისტოს.

სამწუხაროდ, მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია გრძელვადიანი და ზუსტი პროგნოზების გაკეთება გეოშტორმების შესახებ, რადგან ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი ხშირად და სწრაფად იცვლება, თუმცა მიახლოებით პროგნოზებს ექსპერტები მაინც გვაწვდიან.

  • 1-ლი აგვისტოდან 2 აგვისტომდე ატმოსფერული შეტევები ორბალიანი სიძლიერის იქნება, 2 აგვისტოდან 4 აგვისტომდე კი მათი სიმძლავრე სამ ბალამდე გაიზრდება.
  • 4 აგვისტოდან 13 აგვისტომდე ზომიერ ფონს უნდა ველოდოთ ორი ბალის სიძლიერის გეოშტორმის დონეზე.
  • გახანგრძლივებული G1 მაგნიტური ქარიშხალი ჩვენს პლანეტაზე 13 და 14 აგვისტოს იფეთქებს, შემდეგ გეომაგნიტური ფონი მცირედით კვლავ გაიზრდება 15 აგვისტოს.
  • 18 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით შედარებით სიმშვიდე იქნება, გეომაგნიტური გავლენის სიძლიერეს ექსპერტები ამ პერიოდში ერთი ბალით აფასებენ.
  • 29 აგვისტოდან 30 აგვისტომდე კი შესამჩნევი, სამბალიანი სიძლიერის აღშფოთებაა მოსალოდნელი. ამის შემდეგ მზის აქტივობა თანდათან შემცირდება; 31 აგვისტოს ორბალიანი ქარიშხალია მოსალოდნელი, საღამოსთვის კი ორგანიზმზე მზის გავლენა ერთ ბალამდე დაიკლებს.

მაგნიტური ქარიშხლები – ეს არის დედამიწის გეომაგნიტური ველის სხვადასხვა ხანგრძლივობის და ინტენსივობის აღშფოთებები. ისინი უკავშირდება დამუხტული ნაწილაკების ნაკადებს, რომლებსაც მზე გამოტყორცნის. მაგნიტურმა ქარიშხლებმა შეიძლება კავშირგაბმულობის მუშაობაში ხარვეზები შექმნას ან გავლენა მოახდინოს ხანდაზმული და მეტეოდამოკიდებული ადამიანების გუნება-განწყობილებაზე. კერძოდ, შესაძლოა მათ დაეწყოთ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, სახსრების ტკივილი, დაღლილობა, უძილობა.

ყველა ადამიანს თავისი მგრძნობელობის ზღვარი აქვს, სწორედ ამიტომ მაგნიტური ქარიშხლების გავლენას საკუთარ თავზე ყველა სხვადასხვანაირად გრძნობს: ზოგი საერთოდ აზრზე არაა, რა არის გეომაგნიტური შტორმები, ზოგს კი დედამიწის მაგნიტური ველის მცირე რხევაც კი აწუხებს. და თუმცა ყველა ადამიანი ამ გავლენას სხვადასხვანაირად განიცდის, არის ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც სხვებზე ხშირად ვლინდება გეომაგნიტური აღშფოთებების დროს, ესენია:

  • თავის ტკივილი;
  • არტერიული წნევის მკვეთრი მერყეობა;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისცემის აჩქარება;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ძილის დარღვევა, უძილობა;
  • ყურადღების გაფანტვა, გაღიზიანება, შფოთვა;
  • დაღლილობა;
  • სახსრების ტკივილი, ძვლებში მტვრევის შეგრძნება;
  • ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში დაავადების გამწვავება.

ზოგიერთი კარდიოლოგის თქმით, მაგნიტური ქარიშხალი ორგანიზმისთვის სტრესია, ამიტომ ჰიპერტონიული კრიზების, ინფარქტების და ინსულტების 70%-მდე სწორედ გეომაგნიტური შტორმების დროს ხდება.

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლების დროს – ექიმების რჩევები

მაგნიტური ქარიშხლებისთვის მომზადება შესაძლებელია: ასე შევძლებთ, დავიცვათ თავი მათგან ან თუნდაც უფრო მსუბუქად გადავიტანოთ მძიმე დღეები.

ამისათვის ექსპერტები გვირჩევენ ფიზიკური აქტივობის შემცირებას, კონტრასტული შხაპის უფრო ხშირად მიღებას (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აკრძალული არ გაქვთ), ნაკლები მავნე საკვების ჭამას, ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას, მეტი წყლის და ახლად გამოწურული წვენის დალევას. ასევე, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არ აჰყვეთ ნერვებს და სტრესს მოერიდოთ. აგრეთვე, მოერიდეთ ტემპერატურული რეჟიმების მკვეთრ ცვლილებას – ძალიან გახურებას მზეზე, პლაჟზე ან საუნაში და შემდეგ უცბად ცივ გარემოში მოხვედრას, ან პირიქით.

მაგნიტური ქარიშხლის დროს ადამიანის ორგანიზმის დატვირთვა იზრდება, რაც უპირველესად გავლენას ახდენს წნევაზე. ზოგიერთი დიეტოლოგის რჩევით, ასეთ დღეებში უმჯობესია, შემწვარ-მოხრაკულ საკვებს მოერიდოთ და კვების რაციონში მოხარშული, გამომცხვარი, ორთქლზე მომზადებული ან საერთოდ უმი საკვები ჩართოთ: ბოსტნეული, მწვანე სალათები, ხილი, კენკრა და განსაკუთრებით ბანანი, რომელიც მდიდარია კალიუმით და აქტიური ნივთიერებებით და ორგანიზმს სტრესისგან იცავს.

ეს რეკომენდაციები, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, დაგეხმარებათ, მოემზადოთ გეომაგნიტური ქარიშხლებისთვის და მათი ზემოქმედება ბევრად უფრო მარტივად და ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანით გადაიტანოთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ სპეციალისტების თქმით, მზის აქტიურობამ პიკს შესაძლოა 2023 წლის ბოლომდე მიაღწიოს – უფრო ადრე, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

მზე აქტიურობის 11-წლიან ციკლს მიჰყვება: დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში მზის მაგნიტური ველები ერთმანეთში „იხლართება“, როგორც მჭიდროდ დახვეული ლენტების გორგალი, შემდეგ კი მეტისმეტი ძაბვისგან სკდება და პოლუსების ცვლილება ხდება. ამ გადატრიალების წინ მზის აქტიურობა იზრდება, იგი პლაზმის ნაკადებს გამოტყორცნის, გიგანტური ლაქებით იფარება და გამოსხივების ნაკადებს გამოსცემს.

აქტიურობის ზრდის ამ პერიოდს მზის მაქსიმუმს უწოდებენ. ეს რთული პერიოდია დედამიწისთვისაც, რომელსაც მაგნიტური ქარიშხლები უფრო ხშირად ფარავს.

თავიდან მეცნიერები პროგნოზირებდნენ, რომ მზის ამჟამინდელი მაქსიმუმი პიკს 2025 წელს მიაღწევდა, თუმცა მზის ლაქების, მზის ქარიშხლების სიუხვემ და სხვა მოვლენებმა მათ აფიქრებინა, რომ მზის მაქსიმუმი შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის დადგეს.

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close