კრიმინალისაბერძნეთი

ათენში მოკლეს ცნობილი ბერძენი ადვოკატი, რომელიც 11 წლის ალექს მესხიშვილის საქმეში ბრალდებულ არასრულწლოვანს იცავდა

„სასწაულებრივად გადავრჩი“ – ადვოკატმა ადრინდელ თავდასხმაზე სიკვდილამდე 19 დღით ადრე ისაუბრა

ცნობილი ბერძენი სისხლის სამართლის ადვოკატი სტავროს გეორგიუ ათენის ცენტრში, საკუთარ ოფისში მოკლული იპოვეს. გარდაცვალებამდე 19 დღით ადრე ადვოკატმა სატელევიზიო ეთერში გაიხსენა მასზე წარსულში განხორციელებული თავდასხმა და თქვა, რომ მაშინ „სასწაულით გადარჩა“.

ატიკის პოლიციის მკვლელობების განყოფილება 73 წლის ადვოკატის გარდაცვალების გარემოებებს იძიებს. გეორგიუს ცხედარი 21 ივლისის გვიან საღამოს, ათენის ცენტრში, 3 სექტემბრის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საადვოკატო ოფისში იპოვეს, სადაც იგი ზოგჯერ ღამითაც რჩებოდა ხოლმე.

პირველადი მონაცემებით, ადვოკატი ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა. საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენელმა კონსტანტია დიმოგლიდუმ დაადასტურა, რომ გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე თავიდანვე აღმოაჩინეს დანაშაულის ნიშნები, რაც მოგვიანებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის წინასწარმა დასკვნამაც დაადასტურა.

ბერძნული მედიის ცნობით, პირველადი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გეორგიუს სიკვდილი თავის არეში მიყენებულმა მრავლობითმა დარტყმამ გამოიწვია. გარდაცვლილს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობების კვალი არ აღენიშნებოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის ფრჩხილებიდან აღებული მასალის დნმ შესაძლოა გამოძიებას თავდამსხმელის იდენტიფიცირებაში დაეხმაროს.

როგორ აღმოაჩინეს ადვოკატის ცხედარი

სტავროს გეორგიუსთან მისი ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ დაკავშირებას. საბოლოოდ, ადვოკატის 16 წლის ტყუპი ქალიშვილები ათენის ცენტრში მდებარე შენობაში მივიდნენ და ოფისის კარზე დარეკეს, თუმცა კარი არავინ გაუღო. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გეორგიუს ძმაც დღის მეორე ნახევრიდან ცდილობდა მასთან დაკავშირებას.

ერთ-ერთმა მეზობელმა გოგონების ხმა გაიგო. მოგვიანებით თანამშრომელმა, რომელსაც ოფისის გასაღები ჰქონდა, კარი გააღო და ოთახში ადვოკატის ცხედარი აღმოაჩინა. გოგონები შენობიდან გაიყვანეს და ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები გამოიძახეს.

გამოძიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ოფისში ძალადობრივი შეღწევის კვალი არსად აღმოჩნდა. შესაბამისად, გამომძიებლები ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ გეორგიუმ შესაძლოა თავად გაუღო კარი მისულ ადამიანს ან თავდამსხმელმა შენობაში სხვა გზით შეაღწია. თუმცა ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მსხვერპლი და თავდამსხმელი ერთმანეთს აუცილებლად იცნობდნენ.

პოლიცია სწავლობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, ადვოკატის ბოლო სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს, ასევე მის შეხვედრებსა და კონტაქტებს მკვლელობის დღეს.

ბერძნული მედიის ცნობით, გეორგიუ სასტიკად იყო ნაცემი. წინასწარი მონაცემებით, სასიკვდილო აღმოჩნდა სახისა და თავის არეში მიყენებული მრავლობითი დარტყმა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი დანა ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მკვლელობის იარაღი სწორედ ის იყო.

„სასწაულით გადავრჩი“ – 2009 წლის თავდასხმა

გეორგიუს მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა სატელევიზიო ინტერვიუმ, რომელიც გარდაცვალებამდე 19 დღით ადრე, 2 ივლისს, გადაიცა.

გადაცემაში „Αλήθειες με τη Ζήνα“ ადვოკატმა 2009 წლის თებერვალში მის ოფისზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა. მისი თქმით, უცნობ პირებს ოფისის კართან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდათ დატოვებული, რომელიც ოთხი გაზის ბალონის, ბენზინის კანისტრისა და გრძელი ფითილისგან შედგებოდა.

„სასწაულით გადავრჩი“, – ამბობდა გეორგიუ და იხსენებდა, რომ ოფისი აფეთქებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე დატოვა. ის საგადასახადო სამსახურში წავიდა და ოფისიდან არც ისე შორს იყო, როდესაც მოწყობილობა ამოქმედდა. ხანძარი შენობის რამდენიმე სართულზე გავრცელდა და მის ჩასაქრობად ოთხი სახანძრო მანქანისა და 14 მეხანძრის გამოძახება გახდა საჭირო.

თავად ადვოკატი მიიჩნევდა, რომ ეს უბრალო გაფრთხილება არ ყოფილა და თავდასხმელებს შესაძლოა მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული.

ამ ეტაპზე 2009 წლის თავდასხმასა და გეორგიუს მკვლელობას შორის კავშირი დადგენილი არ არის. ასევე უცნობია მკვლელობის მოტივი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. პოლიცია ამოწმებს ყველა ვერსიას, მათ შორის, პირად კონფლიქტსა და ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო მოტივებს.

გამოძიება გრძელდება.

ვინ იყო სტავროს გეორგიუ და რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირდებოდა მისი საადვოკატო საქმიანობა?

სტავროს გეორგიუ საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისხლის სამართლის ადვოკატი იყო. იგი არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა და წლების განმავლობაში ხშირად ჩნდებოდა ბერძნულ ტელევიზიებში, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების იურიდიულ ასპექტებზე საუბრობდა.

ქართველი მკითხველისთვის მისი სახელი განსაკუთრებით საინტერესოა 11 წლის ალექს მესხიშვილის საქმესთან კავშირის გამო. საქართველოში დაბადებული 11 წლის ალექს მესხიშვილი, რომელიც საბერძნეთში დედასთან ერთად ჩავიდა, 2006 წლის 3 თებერვალს გაუჩინარდა ქალაქ ვერიაში. ამ საქმემ მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი რეზონანსი გამოიწვია. სტავროს გეორგიუ ემიგრანტი ქართველი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს იცავდა.

გეორგიუს კარიერაში ასევე იყო არაერთი სხვა გახმაურებული საქმე, მათ შორის, საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის – „17 ნოემბრის“ საქმის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.

ალექს მესხიშვილის საქმე, რომელმაც საბერძნეთი შეძრა

11 წლის ალექსი 2006 წლის 3 თებერვალს საბერძნეთის ქალაქ ვერიაში გაუჩინარდა. იმ დღეს ბიჭი კალათბურთის ვარჯიშის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, თუმცა სახლში აღარ მისულა.

თავდაპირველად გამოძიება სხვადასხვა ვერსიას განიხილავდა, მათ შორის გატაცებას. ერთ-ერთი ვერსია იყო მამის მიერ შვილის მოტაცება, თუმცა დანაშაულის გახსნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცნობილმა ბერძენმა ჟურნალისტმა ანგელიკი ნიკოლულიმ, რომელმაც ალექსის გაუჩინარებიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ არასრულწლოვანი ბიჭების ჯგუფის შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია მოიპოვა.

გამოძიების შედეგად საქმეში 11-დან 13 წლამდე ასაკის ხუთი არასრულწლოვანი აღმოჩნდა: ორი ბერძენი, ერთი ალბანელი, ერთი ალბანეთში მცხოვრები ეთნიკური ბერძენი და ერთი რუმინელი. მათი ჩვენებები თავიდან ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ მოგვიანებით რამდენიმე მათგანმა თავდაპირველი აღიარება უარყო და განაცხადა, რომ ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცეს.

საქმის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ალექსი ბიჭების ჯგუფთან კონფლიქტის დროს მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით არასრულწლოვანებმა მისი ცხედრის დამალვა სცადეს. ალექსის ცხედარი დღემდე არ არის ნაპოვნი.

საბერძნეთის არასრულწლოვანთა სასამართლომ ხუთივე მოზარდი დამნაშავედ ცნო სიკვდილის გამომწვევი სხეულის მძიმე დაზიანებისა და გარდაცვლილის შეურაცხყოფისთვის და მათ არასრულწლოვანთა კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ღონისძიებები დააკისრა.

საქმეში მსჯავრდებული იყო ასევე ერთ-ერთი არასრულწლოვნის პაპა, რომელსაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და გამოძიებას ხელი შეუშალა. რამდენიმე მოზარდის მშობლები კი გაასამართლეს იმისთვის, რომ არასრულწლოვანებზე სათანადო ზედამხედველობას არ ახორციელებდნენ.

ალექსის დედა ნათელა იჩუაიძე წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა შვილის კვალს. „აღარ მაქვს იმედი, რომ ჩემს შვილს ცოცხალს ვიპოვი. სიმართლის პოვნა მინდა, რომ მის სულს სანთელი დავუნთო და გავიგო, რა გაუკეთეს“, – ამბობდა ის წლების შემდეგ.

2014 წელს სასამართლომ ალექსის დედას შვილის დაკარგვით მიყენებული მორალური ზიანისთვის 150 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია მიაკუთვნა.

ალექს მესხიშვილის საქმე საბერძნეთში ერთ-ერთ პირველ გახმაურებულ შემთხვევად მიიჩნევა, როდესაც არასრულწლოვანთა ჯგუფური ძალადობისა და ბულინგის საკითხებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. სწორედ ამ საქმეში იცავდა 2 დღის წინ მოკლული ადვოკატი სტავროს გეორგიუ ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close