პოლიტიკასაქართველო

საქართველოში ჩამოსასვლელად ჩინეთის მოქალაქეებს დღეიდან ვიზა აღარ სჭირდებათ

ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 30 დღის განმავლობაში დარჩენა შეუძლიათ. 

საგარეო უწყების შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა შეღავათიანი სავიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის. ახალი რეგულაციების თანახმად, ჩინეთის მოქალაქეებს და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირებს უფლება აქვთ, უვიზოდ შემოვიდნენ ქვეყანაში და 30 დღის განმავლობაში დარჩნენ.

როგორც აღინიშნა, ცვლილებები უკვე შევიდა მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში იმ ქვეყნების სიის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

მანამდე, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2023 წლის 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, ეს  ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის გასაზრდელად და ამ ქვეყნიდან მეტი ინვესტიციის მოსაზიდად კეთდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან.

მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისების დღეში ერთიდან 10-მდე გაზრდასაც გეგმავს.

მთავრობის სხდომაზე და შემდეგაც არაფერი თქმულა იმის თაობაზე, შეამსუბუქებს თუ არა სავიზო რეჟიმს ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთს ივლისის ბოლოს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close