იტალიაკრიმინალისპორტი

„ნაპოლის“ ჩემპიონობის აღნიშვნისგან თავი ვერ შეიკავა და „ჩავარდა“ – პოლიციამ ძებნილი იტალიელი მაფიოზი საბერძნეთში დააკავა

ძებნილმა იტალიელმა მაფიოზიმ „ნაპოლის“ ჩემპიონობის აღნიშვნისას თავი გასცა. ვინჩენცო ლა პორტა საბერძნეთში დააკავეს მას შემდეგ, რაც 11 წელი ემალებოდა მართლმსაჯულებას. პოლიციამ მის კვალზე გასვლა საყვარელი საფეხბურთო კლუბის მიმართ მაფიოზის ერთგულების წყალობით შეძლო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს

ვინჩენცო ლა პორტა, „თეთრი საყელო“ კონტინის ძლევამოსილი მაფიოზური კლანიდან, იტალიელმა და ბერძენმა სამართალდამცველებმა საბერძნეთის კუნძულ კორფუზე დააკავეს 11-წლიანი ძებნის შემდეგ.

60 წლის ლა პორტას, რომელიც იტალიის 100 ყველაზე საშიშ ძებნილ დამნაშავეთა შორის იყო, სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წელი და 4 თვე გადასახადებისგან თავის არიდებისა და საგადასახადო თაღლითობის  გამო. მაფიოზი დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ იგი „ნაპოლის“ ტიფოზების ჯგუფის ფოტოზე შეამჩნია – ლა პორტა იტალიის ჩემპიონატში საყვარელი საფეხბურთო გუნდის, „ნაპოლის“ გამარჯვებას ზეიმობდა.

იტალიის პოლიციის მტკიცებით, ლა პორტა ნეაპოლური მაფიოზური სინდიკატის – კამორასთვის ფულს ათეთრებდა. სამართალდამცველებმა, აგრეთვე, განაცხადეს, რომ არასდროს შეუწყვეტიათ დამნაშავის ძებნა, მრავალი წლის განმავლობაში მიჰყვებოდნენ ინტერნეტში მისი ფინანსური საქმიანობის კვალს და ელოდნენ, როდის დაუშვებდა შეცდომას, რომლითაც საკუთარ ადგილსამყოფელს გასცემდა.

და 11 წლის შემდეგ ასეც მოხდა – იტალიელმა სამართალდამცველებმა შეძლეს, ამოეცნოთ ლა პორტა „ნაპოლის“ გულშემატკივართა ფოტოზე, რომლებიც საყვარელი გუნდის მიერ სკუდეტოს მოგებას კორფუს რესტორნის აივანზე ზეიმობდნენ. ვინჩენცო ლა პორტას ფოტოზე თავზე ბეისბოლის ქუდი ახურავს და ხელში „ნაპოლის“ ღია ცისფერი დროშა უჭირავს.

კარაბინერების თქმით, მისი ადგილსამყოფლის დასადგენად გამოძიების ტრადიციული მეთოდები გამოიყენეს და სწრაფად მიავლინეს აგენტების ჯგუფი დამნაშავის დასაკავებლად. იგი პარასკევს დააკავეს: პოლიციამ და სამხედროებმა ბლოკპოსტი მოაწყვეს და ლა პორტა ხაფანგში შეიტყუეს, როდესაც იგი მოპედით მიდიოდა საკუთარი სახლის სიახლოვეს.

იტალიური გამოცემის, „კორიერე დელა სერას“ ცნობით, ლა პორტამ საბერძნეთში ახალი ცხოვრება მოიწყო, რომელსაც კამორა აფინანსებდა, მეორე ოჯახი გაიჩინა და ფიქციურ საქმიანობას ეწეოდა.

იტალიელმა სამართალდამცველებმა შაბათს, 5 აგვისტოს განაცხადეს, რომ ვინჩენცო ლა პორტა „ფეხბურთისა და „ნაპოლის“ სიყვარულმა გასცა, რადგან მან ნაპოლის“ გამარჯვების აღნიშვნისგან თავი ვერ შეიკავა.

ამ დროისთვის მაფიოზი საბერძნეთის ციხეში იმყოფება, სადაც იტალიაში ექსტრადიციას ელოდება, რის შემდეგაც ციხეში 14 წელი და 4 თვე მოუწევს ჯდომა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close