ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტები დილას მოგვიკითხეთ მაინც, რა ვიცი, ზანზარებს ქალაქი“ – ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩის ჩასატარებლად 4 მაისს „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდათ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

უდინეს „დაჩია არენაზე“ სტუმრებს 10 ათასამდე ნეაპოლელი გულშემატკივრობდა. „ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.

ხვიჩა 86-ე წუთზე აპლოდისმენტების ფონზე შეცვალეს, მატჩი კი 1:1 დასრულდა. 33 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 80 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან „ლაციოსთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა და ოფიციალურად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.

სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ორი სკუდეტო „ნაპოლიმ“ მარადონას დროს მოიგო. 2017–18 წლების სეზონში გუნდმა სერია A-ში მეორე ადგილის დაკავება შეძლო.

„ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტები დილას მოგვიკითხეთ მაინც, რა ვიცი, ზანზარებს ქალაქი“, – წერს ხუმრობით ჯგუფ „ემიგრანტები იტალიაში“ ადმინისტრატორი Mari Ka.

ეს ხუმრობა მთლად საფუძველს მოკლებული არ აღმოჩნდა. ნეაპოლელები იტალიაშიც კი გამორჩეულად ემოციური ხალხია და ფეხბურთის ტიფოზები არიან, „ნაპოლის“ მიერ სკუდეტოს მოგებამ ისტორიაში მესამედ და ბოლო 33 წლის შემდეგ პირველად ქალაქში დიდი ეიფორია გამოიწვია.

საყვარელი გუნდის ჩემპიონობის ზეიმს გუშინ ღამით, სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია – ერთი 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა და 3 დაშავდა, სავარაუდოდ, შემთხვევით მოხვედრილი ტყვიის, ხოლო ორი მამაკაცი დაშავდა ხელში პეტარდის აფეთქების შედეგად.

„ანსას“ მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლის პრეფექტმა კლაუდიო პალომბამ SkyTg24-ს უთხრა, რომ ტრაგიკულ ინციდენტს – ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა საფეხბურთო კლუბის გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმთან.

ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ რადიო Anch’io su Radiouno-ს ეთერში მოუწოდა მედიას, ინფორმაციის გავრცელებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. მისივე თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს კრიმინალური წარსული ჰქონდა და სავარაუდო ანგარიშსწორების ფაქტი „ნაპოლის“ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმს დაემთხვა.

ვოლტურნოს მოედანზე, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, კიდევ სამი ადამიანი დაიჭრა – ერთი 26 წლის ქალი და  24 და 20 წლის 2 მამაკაცი. მათ, სავარაუდოდ, შემთხვევით მოხვდათ ტყვია ფეხში. სამივე მათგანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

ნინო ხოშტარია

მატჩის საუკეთესო მომენტები:

ემოციური კადრები:

ნეაპოლი ზეიმობს:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close