ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთი: კუნძულ ლა პალმაზე ძლიერი ტყის ხანძრის გამო მოსახლეობა საკუთარ სახლებს ტოვებს (ვიდეო)

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კანარის კუნძულების პრეზიდენტმა ფერნანდო კლავიზომ განაცხადა, რომ ლა პალმაზე, პუნტაგორდის მუნიციპალიტეტში, სადაც 2300 კაცი ცხოვრობს, ხანძარმა დღეს დილით უცებ იფეთქა ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ფონზე  და ძლიერი ქარის გამო სწრაფად ვრცელდება. მან მედიასთან თქვა, რომ ცეცხლი კონტროლს აღარ ექვემდებარება, მისი ჩაქრობა შეუძლებელია, ამიტომ მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ცეცხლმა დაახლოებით 4500 ჰექტარი მოიცვა, 12 სახლი დაიწვა, 2020 ადამიანი ევაკუირებულია პუნტაგორდიდან, ტიხარაფედან, ელ პასოდან და სხვა დასახლებებიდან.

ადგილზე მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაციები. ცეცხლის ქრობაში დღის განმავლობაში ათამდე საჰაერო საფრენი აპარატი მონაწილეობდა: კანარის კუნძულების საავარიო-სამაშველო ჯგუფის (GES) 3 შვეულმფრენი, ეკოლოგიისა და დემოგრაფიის სამინისტროს 3 შვეულმფრენი, აგრეთვე, სატვირთო თვითმფრინავი და კაბილდო დე ტენერიფეს, გრან კანარიის და სამოქალაქო გვარდიის კიდევ 3 შვეულმფრენი.

გასულ კვირაში კუნძულზე ანომალიური სიცხე იყო, ისევე როგორც მთელ ესპანეთში – ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ხუთშაბათს, ზოგან სიცხემ 41,8 და 40,6 გრადუსს მიაღწია. ლა პალმაზე, პუნტაგორდის მუნიციპალიტეტში ვერცხლისწყლის სვეტის მაჩვენებელი 40,3 გრადუსამდე ავიდა. ლა პალმას გარდა შაბათს ხანძარმა იფეთქა გრან კანარიის სამხრეთში და ტენერიფეზეც.

კუნძული ლა პალმა, რომლის მოსახლეობაც 75 000-ზე ოდნავ მეტია, არქიპელაგის კუნძულებს შორის ყველაზე ხშირტყიანია. ბოლოს დიდი ხანძარი აქ 2020 წლის აგვისტოში მოხდა ელ პასოს მუნიციპალიტეტში, ვულკანის ამოფრქვევამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე. ამ ხანძარმა დაახლოებით 1200 ჰექტარი მოიცვა, მთლიანად დაიწვა 800 ჰექტარზე კანარის ფიჭვები, საძოვრები, ბუჩქნარები და ზოგან ვენახებიც, აგრეთვე, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: ესპანეთი: ვულკანის ამოფრქვევა პალმაზე, ლავამ საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close