fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთი: ვულკანის ამოფრქვევა პალმაზე, ლავამ საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია

განადგურებულია 100-მდე სახლი, ევაკუირებულია 5000-მდე ადამიანი

კანარის არქიპელაგში შემავალ კუნძულ პალმის 5000-მდე მცხოვრები ვულკანის ამოფრქვევის გამო იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ესპანურ კუნძულზე ვულკან კუმბრე ვიეხას ამოფრქვევა გრძელდება.

ვულკანი კვირას, 19 სექტემბერს ამოიფრქვა, ორშაბათს, 20 სექტემბერს კი გავარვარებული ლავის ნაკადმა, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს, საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, განადგურებულია 100-მდე სახლი.

გუშინ კუნძულ პალმაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩაფრინდა. მან მედიას განუცხადა, რომ ხელისუფლება ხანძრების პრევენციას მოახდენს. ოპერაციაში სამხედროები და ესპანეთის სამოქალაქო გვარდია მონაწილეობს.

„ლავა თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს“, – უთხრა ჟურნალისტებს პატარა ქალაქ ელ პასოს მერმა სერხიო როდრიგესმა. მისი თქმით, ევაკუირებულები მალე  ვერ შეძლებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას.

EUROPA PRESS NEWS

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მთავრობის განკარგულებით ევაკუირებულია 4 პატარა დასახლება. მათთვის უსაფრთხო რაიონებში დროებითი თავშესაფარია მოწყობილი.

კანარის კუნძულების პრეზიდენტის, ანხელ ვიკტორ ტორესის თქმით, მეტი ადამიანის ევაკუაცია, დიდი ალბათობით, აღარ გახდება საჭირო.

ადგილობრივმა ავიაკომპანია Binter-მა კუნძულზე ფრენა შეაჩერა, თუმცა ესპანეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  აცხადებს, რომ კუნძულის თავზე საჰაერო სივრცე არ ჩაკეტილა.

პალმადან ევაკუირებულია, აგრეთვე, 500-მდე ტურისტი, თუმცა ესპანეთის ტურიზმის მინისრტმა, ქალბატონმა რეიეს მაროტომ მოუწოდა ტურისტებს, არ დატოვონ კუნძული.

„კუნძული ღიაა. თუ თქვენს სასტუმროებამდე მოაღწევს [ლავა], სხვა სასტუმროებში გადაგიყვანთ. ისარგებლეთ ბუნებით ტკბობის შესაძლებლობით“, – მოუწოდა მან ტურისტებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დროდადრო ისევ გრძნობენ მიწის ვიბრაციას, ხანდახან კი ვულკანი მაღალ ხმას გამოსცემს. „თითქოს 20 გამანადგურებელი ერთდროულად აფრინდა“, – ასე აღწერს ამ ხმას გიდი ჯონას პერესი.

ადგილობრივი მაცხორებლების თქმით, ამოფრქვევას ახლა არ ელოდნენ და შეშინდნენ.

ისინი ამბობენ, რომ სანახაობა თვალწარმტაცია, მაგრამ მათთვის ეს ტრაგედიაა, რადგან ბევრი სახლი განადგურდა და ლავა კიდევ ემუქრება სხვა სახლებს.  ზოგიერთი მათგანი კიდევ ერთ ძლიერ ამოფრქვევას ელოდება.

კუნძული პალმა ვულკანური წარმოშობისაა, მის ცენტრალურ ნაწილში ვულკანების მწკრივია. ბოლოს აქ მასშტაბური  ამოფრქვევა 1971 წელს მოხდა, როდესაც ვულკანმა ტენეგიამ გაიღვიძა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close