მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

17 წლის ბიჭის მკვლელი პოლიციელი დააკავეს, პარიზის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა (ვიდეო)

„გუშინ არეულობების 917 მონაწილე დავაკავეთ. მათი საშუალო ასაკი 17 წელია, მესამედი - არასრულწლოვანია. 13 წლის ბავშვებიც კი დავაკავეთ“, - განაცხადა შს მინისტრმა დარმანენმა

საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ამასთან, პარიზში შეზღუდულად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა რეგიონების პრეფექტებს დაავალა, 21:00 საათიდან ავტობუსების და ტრამვაის მოძრაობა შეწყდეს.

პარიზის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბან კლამარში კომენდანტის საათი 21:00-დან 6:00 საათამდე 3 ივლისამდე იმოქმედებს.

„კლამარი უსაფრთხო და მშვიდი დასახლებაა. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ის ასეთად შევინარჩუნოთ“, – ნათქვამია დასახლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენდანტის საათი 22:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს სავინი-ლე-ტამპლში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის შემოგარენში, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში დღეს 19:00 საათიდან მუშაობა შეწყვიტა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

„ლე პარიზიენი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას ავრცელებს, რომ გასული ღამის არეულობების დროს საფრანგეთის მასშტაბით დაკავებულია 917 ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ წესრიგის დასამყარებლად 40 ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. მარტო გასულ ღამეს 249 პოლიციელი და ჟანდარმი დაიჭრა.

ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ პარასკევიდან შაბათ ღამეს წესრიგს 45 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი დაიცავს, 5000-ით მეტი, ვიდრე გასულ ღამეს.

პარასკევს შუადღისას არეულობების მონაწილეები დააკავეს მარსელში, სტრასბურგში, კრეტეილში (ვალ-დე-მარნი) და როსნიში (სენ-სენ-დენი) მაღაზიების დაზიანებისა და ძარცვის შემდეგ.

42 ადამიანი დააკავეს მარსელში, სადაც მაღაზიები დაარბიეს და გაძარცვეს.

„ბევრი ძალადობრივი ჯგუფი კვლავ იმყოფება მარსელის ცენტრში, – აცხადებენ პოლიციის შტაბში. – მათ რეგულარულად შლის პოლიცია“. მათივე ცნობით, 42 ადამიანი დაკავებულია.

France Bleu Provence-ის ცნობით, არეულობების მონაწილეები შემნახველ ბანკს უმიზნებდნენ, რომელიც Cannebière-ზე მდებარეობს. მათ Rue Saint-Ferréol-ზე მდებარე Sephora-ს მაღაზია გაძარცვეს. მარსელის ცნობილ გამზირზე პოლიციამ არეულობების მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ლიონში შეტაკებები გრძელდება. როგორც Actu.fr იუწყება, შეტაკებები მიმდინარეობს ტეროს (Place de Terreaux) მოედანთან, სადაც ცოტა ხნით ადრე პოლიციამ აკრძალული დემონსტრაცია დაშალა.

დაძაბულობა გრძელდება პარიზში, კონკორდის მოედანზეც, სადაც პოლიციამ აკრძალული მიტინგი დაშალა. „კონკორდის მოედანზე დაშლის მანევრი მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან მითითებას, შემოწმდებიან და დაჯარიმდებიან პრეფექტურის ბრძანების საფუძველზე, რომელიც Place de la Concorde-ზე არადეკლარირებულ შეკრებას კრძალავს“, – აღნიშნულია პრეფექტურის განცხადებაში.

რუანთან ახლოს მაღაზიის სახურავიდან ჩამოვარდნის შედეგად ახალგაზრდა, 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი გასულ ღამეს მომხდარი არეულობების დროს ჩამოვარდა Petit-Quevilly-ს (Seine-Maritime) მაღაზიის სახურავიდან და მძიმედ დაშავდა, პარასკევს ნაშუადღევს კი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„დღეს ჩვენ განსაკუთრებული საშუალებები გვაქვს“, – ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი. „50 წლის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა 4-ჯერ შემოვიღეთ. პრეზიდენტმა შირაკმა გამოიყენა 10-დღიანი არეულობების შემდეგ. იმიტომ კი არ შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა, რომ საშუალებები არ გვაქვს. ამ საღამოს ჩვენ განსაკუთრებული საშუალებები გვაქვს“, – ამტკიცებს დარმანენი.

მისივე თქმით, არეულობების მონაწილეთა საშუალო ასაკია 17 წელია. „გუშინ ჩვენ არეულობების 917 მონაწილე დავაკავეთ. მათი საშუალო ასაკი 17 წელია, მესამედი – არასრულწლოვანია. 13 წლის ბავშვებიც კი დავაკავეთ“, – განაცხადა დარმანენმა.

საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციელმა 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მედიის ინფორმაციით, წარმოშობით ალჟირელი თინეიჯერი, სახელად ნაელი, რომელიც ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინა მანქანა. მას პარიზის გარეუბან ნანტერში საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა, რომლის ერთ-ერთმა პოლიციელმა ბიჭს ესროლა. გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა და 17 წლის ნაელი გარდაიცვალა.

დაკავებული პოლიციელის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბიჭის მოკვლის მიზანი არ ჰქონია, მას მხოლოდ მძღოლის შეჩერება და ქუჩაში შექმნილი საფრთხის აღკვეთა სურდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close