კრიმინალიმიგრაცია

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ემიგრაციის ორგანიზებისთვის 3 ადამიანი დააკავეს

საქართველოს მოქალაქეების აშშ-ში არალეგალურად დარჩენის ორგანიზებისთვის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, რომლებიც ემიგრაციაში წასვლის მსურველ პირებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით მიჰყავდათ ისინი აშშ-ის საზღვართან.

ბრალდებულები ქალაქ თბილისსა და ქუთაისში დააკავეს. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი პოლიციელები აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობდნენ.

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 1984 წელს დაბადებულმა ნ. ვ.-მ დააარსა ტურისტული კომპანია, რომელიც აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებასა და მათ იქ დარჩენას უწევდა ორგანიზებას. ამავე კომპანიის თანამშრომლები იყვნენ 1991 წელს დაბადებული ნ. დ. და 1990 წელს დაბადებული ნ. ბ.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას ეხება. დანაშაული 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close