ლიტერატურა/წიგნებისაბერძნეთი

გენიალური ბერძენი მწერლის – ნიკოს კაზანძაკისის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა

18 თებერვალს მეოცე საუკუნის ბერძნული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ბერძენი მწერლის, ჟურნალისტის, პოეტის, პოლიტიკოსის, მუსიკოსის და ფილოსოფოსის, გენიალური ნიკოს კაზანძაკისის (Νίκος Καζαντζάκης) დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ნიკოს კაზანძაკისი 1883 წელს დაიბადა ჰერაკლიონში (კუნძულ კრეტაზე), რომელიც იმ დროისათვის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.

ნიკოს კაზანძაკისის დამსახურება დიდია XX საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში. იგი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული რომანების – „ალექსის ზორბასის ცხოვრება“ (1946), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948), „კაპიტანი მიხალისი“ (1950), „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1955), „აღსარება გრეკოსთან“ (1957 წ. ავტობიოგრაფიული რომანი, რომელიც ქართველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მასში მოთხრობილია მწერლის სიყვარულის ამბავი – მას ბათუმში სტუმრობისას ულამაზესი ქართველი ქალი შეუყვარდა).

კაზანძაკისი პირველად ბათუმში 1919 წელს ჩამოვიდა საგანგებო მისიით – იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ბერძენი დევნილების საკითხზე. ბათუმში პირველი ვიზიტისას გატარებული 2 კვირა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მაშინ გაიცნო მან  ბათუმელი ულამაზესი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული…  ამ ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს იგი თავის ბოლო წიგნში „აღსარება გრეკოსთან“, რომელიც 74 წლის ასაკში, 1957 წელს დაწერა. თავს, რომელიც ბათუმელ ქალთან შეხვედრას მიუძღვნა, „კავკასია“ ჰქვია. 1927 და 1928 წლებში მწერალი ბათუმში უკვე ტურისტად ჩამოვიდა და ამ მოგზაურობების ამბებიც აღწერა წიგნებში „რუსული დღიური“ და „აღსარება გრეკოსთან“.

კაზანძაკისს ეკუთვნის, აგრეთვე,  მნიშვნელოვანი თარგმანები ახალბერძნულ ენაზე – მათ შორის,  დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ (1932 წ.) და გოეთეს „ფაუსტის“ (1936 წ.).

ნიკოს კაზანძაკისის რამდენიმე რომანის მიხედვით ფილმებიც გადაიღეს. „ალექსის ზორბასი“ („ბერძენი ზორბა“, 1964; რეჟისორი – მიხალის კაკოიანისი) და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1988 წ.; რეჟისორი – მარტინ სკორსეზე) მათგან ალბათ ყველაზე უფრო ცნობილია.

სასიამოვნოა, რომ ნიკოს კაზანძაკისის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულად უკვე არის თარგმნილი. ამ საქმეს სათავე დაუდო ქალბატონმა თამარ მესხმა, რომლის მიერ ბრწყინვალედ ნათარგმნი კაზანძაკისის პირველი რომანი – „გველი და შროშანი“ 1988 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „საუნჯის“ მე-4 ნომერში. ასევე, ბრწყინვალედ თარგმნა ქალბატონმა თამარმა „აღსარება გრეკოსთან“. ელინისტების ახალმა თაობამ ქალბატონი თამარის მიერ დაწყებული საქმე ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმით გააგრძელა: თათია მთვარელიძემ თარგმნა „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, ხოლო მაია კაკაშვილმა – „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, „ალექსის ზორბასი“ და „ღვთის გლახა“.

აღსანიშნავია, რომ ნიკოს კაზანძაკისი 3-ჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, თუმცა არასდროს მიუღია. 1957 წელს მან ერთი ხმით „წააგო“ ფრანგ მწერალ ალბერ კამიუსთან, რომელმაც გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ კაზანძაკისი მასზე „100-ჯერ ღირსეულია“.

ნიკოს კაზანძაკისი ლეიკემიით გარდაიცვალა 1957 წლის 26 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში. ბერძნულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი განაცხადა ქრისტიანულ სასაფლაოზე მის დაკრძალვაზე, მაგრამ ხალხი მას აღმერთებდა და მწერალი კრეტაზე, მშობლიურ ჰერაკლიონში, ძველი ქალაქის კედელთან დაკრძალეს. მისი საფლავის მოკრძალებულ ფილაზე წარწერაა: „არაფრის იმედი მაქვს, არაფრის მეშინია. თავისუფალი ვარ“ (Δεν ελπίζω τίποτα. Δε φοβούμαι τίποτα. Είμαι λέφτερος).

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ აკრძალული წიგნების ნუსხაში შეიტანა.

ბერძნებმა ნიკოს კაზანძაკისის სიკვდილის შემდეგ, ფაქტობრივად, ბოდიში მოიხადეს დიდი მწერლის დევნის გამო. დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია.

თუ ჰერაკლიონში მოხვდებით, მირტიაში (Μυρτιά ) ესტუმრეთ ამ გენიოსი მწერლის მუზეუმს.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close