ზღვა შეცდომებს არ პატიობს: რატომ იხრჩობიან ყველაზე ხშირად 60 წელს გადაცილებული მამაკაცები – ბერძენი სპეციალისტების გაფრთხილება
EODY რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას აქვეყნებს, რომელთა დაცვამ შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს
ზაფხულში ზღვა მილიონობით ადამიანის საყვარელი დასასვენებელი ადგილია, თუმცა სწორედ ამ სეზონზე წყალში უბედური შემთხვევების რისკიც მკვეთრად იზრდება. საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია (EODY) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ცურვის გამოცდილებაზე არ არის დამოკიდებული – ხშირად გადამწყვეტი სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობა და რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა.
ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში ყოველწლიურად საშუალოდ 378 ადამიანი იღუპება წყალში, მათგან თითქმის 99% ზღვაში იხრჩობა. სტატისტიკა კიდევ ერთ საგანგაშო ტენდენციას აჩვენებს – წყალში დაღუპულთა 67% მამაკაცია, ხოლო 81% – 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანი.
სპეციალისტების შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ ასაკოვანი ადამიანები ცუდად ცურავენ, პირიქით, ბევრი მათგანი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად ცურავდა ზღვაში. პრობლემას ხშირად სხვა ფაქტორები იწვევს, როგორიცაა:
- საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- არტერიული წნევის დარღვევები;
- ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
- მარტო ცურვა;
- დაგვიანებული დახმარება, როდესაც ადამიანს წყალში პრობლემა ექმნება.
ექიმები აღნიშნავენ, რომ სიცხის, ცივი წყლისა და ფიზიკური დატვირთვის ერთობლიობამ შესაძლოა ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება გამოიწვიოს, რაც რამდენიმე წამშიც კი შეიძლება ტრაგედიად იქცეს.
რატომ ხდება წყალში უბედური შემთხვევები?
ბერძენი სპეციალისტები რამდენიმე ძირითად რისკფაქტორს ასახელებენ, მათ შორის:
- ცურვის არასაკმარისად კარგად ცოდნა;
- ბავშვების არასათანადო მეთვალყურეობა;
- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ წყალში შესვლა;
- ამინდის პროგნოზისა და მაშველების გაფრთხილებების იგნორირება;
- უცნობ ადგილებში ან არაკონტროლირებად სანაპიროებთან ბანაობა;
- სამაშველო ჟილეტის არასწორი გამოყენება.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, დემენცია და სხვა ნევროლოგიური პრობლემები. სპეციალისტები მათ ურჩევენ, ზღვის სეზონის დაწყებამდე აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან და მხოლოდ საკუთარი გამოცდილების იმედად არ დარჩნენ.
ჯანმოს გაფრთხილება
პრობლემა მხოლოდ საბერძნეთს არ ეხება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 300 000 ადამიანი იხრჩობა წყალში. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები წყალში დაღუპულთა თითქმის მეოთხედს შეადგენენ.
ჯანმოს შეფასებით, დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ წყალში უსაფრთხოების ელემენტარული წესები იქნება დაცული.
EODY რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას აქვეყნებს, რომელთა დაცვამ შესაძლოა სიცოცხლე გადაარჩინოს.
უსაფრთხოების მთავარი წესები
✅ ნუ იცურავებთ მარტო – გამოცდილ მოცურავესაც შეიძლება უეცრად დაეწყოს სისუსტე ან კუნთის სპაზმი.
✅ წყალში ერთბაშად ნუ ჩახტებით, ნელა და თანდათანობით შედით, განსაკუთრებით ძლიერი სიცხის, გულის დაავადებების ან არტერიული წნევის პრობლემების შემთხვევაში.
✅ ზღვაში შორს გასვლის ნაცვლად, სანაპიროს პარალელურად იცურავეთ.
✅ ნუ შეხვალთ წყალში ალკოჰოლის მიღების ან უხვად კვების შემდეგ (კვებიდან 2 საათი მაინც უნდა იყოს გასული).
✅ თუ ცუდად იგრძენით თავი, დაუყოვნებლივ გამოდით წყლიდან და დახმარება ითხოვეთ.
✅ მოერიდეთ უცნობ ადგილებში ბანაობას, თუ არ იცით სიღრმე, დინება ან ფსკერის თავისებურებები.
✅ ბავშვები წყლის პირას წამითაც არ დატოვოთ უყურადღებოდ გასაბერი რგოლის ან სამკლაურების იმედად, ისინი ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობას ვერ ცვლიან.
✅ ყურადღებით დააკვირდით ამინდის პროგნოზსა და მაშველების გაფრთხილებებს – ძლიერი დინება ნაპირიდან თვალით ყოველთვის არ ჩანს.
✅ ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. ხშირად სწორედ საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება ხდება ტრაგედიის მიზეზი.
სპეციალისტები, ასევე, ურჩევენ დამსვენებლებს, უპირატესობა მიანიჭონ კეთილმოწყობილ პლაჟებს, აკონტროლონ წყლის ხარისხი და თავი შეიკავონ ბანაობისგან ძლიერი შტორმის ან წყლის აშკარა დაბინძურების შემდეგ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანი რეალისტურად აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს. გამოცდილება, ასაკი ან წლების განმავლობაში ცურვის პრაქტიკა უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირე ცვლილებამაც კი შეიძლება წყალში სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია შექმნას.
ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ ზღვა დასვენებისა და სიამოვნების ადგილია, თუმცა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ შესაძლოა ტრაგიკული შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ სანაპიროზე გატარებული დღე სასიამოვნო მოგონებად რომ დარჩეს, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველთვის ობიექტურად შეაფასეთ და ელემენტარული სიფრთხილის წესები არასოდეს დაივიწყოთ.
ზაფხულის არდადეგებზე მთავარი წესი მარტივია: ზღვა ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ დაუდევრობას არ პატიობს, ამიტომ არასდროს დაივიწყოთ, რომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“!
ნინო ხოშტარია



