საქართველოსპორტი

ექვსი ოქრო და ერთი ვერცხლი – 76 წლის ლეგენდარულმა მოცურავემ ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კვლავ გააოცა (ვიდეო)

სლოვენიაში, ზამთრის ცურვის მე-13 მსოფლიო ჩემპიონატზე 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა 6 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მასშტაბურ ტურნირში 31 ქვეყნის სხვადასხვა ასაკის მოცურავე მონაწილეობდა, წყლის ტემპერატურა კი 5 გრადუსს შეადგენდა.

ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიოს ცურვის ისტორიაში და რეკორდების წიგნში „დარდანელის სრუტის გმირის“ სახელით შევიდა – 2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად მან, ოთხგან ხელფეხშეკრულმა, კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. ამ საოცარმა მოვლენამ მსოფლიო მედია შემოიარა და  მას უწოდებდნენ „დარდანელის გმირი“, „ადამიანი დელფინი“, „წყლის პრომეთე“.

ჰენრი კუპრაშვილი 6-გზის მსოფლიო ჩემპიონია ცურვაში, იგი ყველაზე ტიტულიანი მოცურავეა დამოუკიდებელ საქართველოში.

ჰენრი კუპრაშვილი არის:

პირველი ქართველი საერთაშორისო მარათონელი მოცურავე;
პირველი ქართველი მოცურავე „ოუშენმენი“ (OCEANMAN);
პირველი ქართველი ზამთრის (Winter Swimming) მოცურავე;
პირველი ქართველი პარაცურვის მწვრთნელი.

ცნობილია, ასევე, რომ ჰენრი კუპრაშვილი არის:

ფუძემდებელი მსოფლიოში სრუტეთა ახალი წესით გადაცურვისა;
ფუძემდებელი ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვისა;
ფუძემდებელი საქართველოში პარაცურვის სწავლებისა.
იგი არის პირველი ქართველი მწვრთნელი, რომლის აღზრდილი პარამოცურავე ნიკა თვაური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გახდა ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (2011, თურქეთი). 2012 წელს კი ასევე მისმა აღზრდილმა 17 წლის ანა ლომინაძემ დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“ გადაცურა.

ქართველი მოცურავის დიდ აღიარებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მას 2019 წელს გადაეცა მსოფლიოს ოლიმპიური დედაქალაქის – ლოზანის მერიის სპეციალური თასი წარწერით: „ჰენრი კუპრაშვილი – უნიკალური მოცურავე ადამიანი დელფინი“.

წერილში, რომელიც ჩემპიონმა გამოაქვეყნა, იგი მადლობას უხდის გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა სპორტსმენის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა. მათ შორისაა კახა კალაძე, რომელსაც ებოდიშება, რომ შეპირებული 7 ოქროს მედლის ნაცვლად მხოლოდ 6 ოქრო მოიპოვა: „ცოტა კახი კალაძესთან კი გავტეხე სიტყვა. წამოსვლისას ვუთხარი, 7 დღით მიშვებ და 7 ოქროს მედალს ჩამოვიტან-მეთქი, სამწუხაროდ, 100 მეტრზე ბრასში ტაქტიკური შეცდომა დავუშვი და პოლონელმა ფინიშზე გადამისწრო, შესაბამისად, ვერცხლი ავიღე და 6 ოქროს მედლის მეტი ვერ წამოვიღე. ბატონი კახი შანს თუ კიდევ მომცემს, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვასწორებ“, – წერს ჰენრი კუპრაშვილი.

როგორ ვარჯიშობს „დარდანელის გმირი“ და „ადამიანი დელფინი“, როგორ ინარჩუნებს სპორტულ ფორმას და ემზადება ახალი შეჯიბრებებისთვის… ნახეთ მისი ერთი ჩვეული, თუმცა გასაოცარი სავარჯიშო დღე. ვიდეო  2017 წელსაა გადაღებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი მეცნიერი, 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 100-ზე მეტი მოხსენების ავტორი, რომლის ხელმძღვანელობითაც ასევე დაცულია მრავალი სადოქტორო დისერტაცია, კვლავ ჩვეულ ფორმაშია და უკვე იწყებს მზადებას მსოფლიო ასპარეზზე ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close