საზოგადოებასაბერძნეთი

გარდაიცვალა საბერძნეთის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე II

ათენში 82 წლის ასაკში საბერძნეთის უკანასკნელი მეფე კონსტანტინე II გარდაიცვალა.

CNN Greece-ის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში კონსტანტინე II-ს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის, მეორედ ჰქონდა კოვიდ-19. პორტალ Newsbomb-ის ცნობით, ყოფილმა მეფემ ცოტა ხნით წინ ინსულტიც გადაიტანა.

გაზეთის Proto Tema-ს ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა, რომლის განვითარების დროსაც სხეულის რამდენიმე სისტემა ერთდროულად ზიანდება.

საავადმყოფოში კონსტანტინე II-ის გვერდით მისი მეუღლე – ანა-მარია და შვილები იყვნენ. სამეფო წყვილმა ძალაუფლების დაკარგვის, დევნილობის და სხვა დრამატული მოვლენებით სავსე  თითქმის 60 წელი ერთად გაატარა.

მამამისის სიკვდილის შემდეგ,1964 წელს ტახტზე ასული კონსტანტინე II, რომელიც მაშინ 23 წლის იყო, მწვავე პოლიტიკური კრიზისის ცენტრში აღმოჩნდა. იმავე წელს მან დანიის პრინცესა ანა-მარიაზე იქორწინა. მათ ხუთი შვილი ეყოლათ.

საბერძნეთის მეფე კონსტანტინე II და მისი მეუღლე ანა მარია მათი ქორწილის დღეს, 1964 წ

კონსტანტინეს ტახტზე ასვლიდან სამი წლის შემდეგ, 1967 წელს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება ე. წ. „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმმა ჩაიგდო ხელში. მეფეს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. მან და მისმა ოჯახმა რომს შეაფარეს თავი. მის ნაცვლად სამხედრო რეჟიმმა ტახტზე რეგენტი დასვა.

1973 წელს სამხედრო რეჟიმმა მონარქია გააუქმა. ერთი წლის შემდეგ, როცა საბერძნეთში დემოკრატია აღდგა, მოქალაქეთა უმრავლესობამ რეფერენდუმში რესპუბლიკას დაუჭირა მხარი. კონსტანტინე II-მ განაცხადა, რომ ხალხის ნებას ემორჩილებოდა.

ამის შემდეგ საბერძნეთის უკანასკნელი მეფე ინგლისში გადასახლდა და 2013 წლამდე ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან საბერძნეთს ხშირად სტუმრობდა ხანმოკლე ვიზიტებით.

1992 წელს კონსტანტინე II-ს ქონება და საბერძნეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ყოფილმა მეფემ სახელმწიფოს წინააღმდეგ  ქონებრივი დავა წამოიწყო, რომელიც ათ წელს გრძელდებოდა. საბოლოოდ ევროპულმა სასამართლომ საბერძნეთს კონსტანტინე II-ის სასარგებლოდ 13,7 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, თითქმის 12-ჯერ ნაკლების, ვიდრე იგი ითხოვდა (161 მლნ ევრო).

საბერძნეთის უკანასკნელი მონარქი მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში  დაბრუნდა სამშობლოში და პელოპონესსა და ათენში ცხოვრობდა.

კონსტანტინე II განეკუთვნებოდა გერმანულ-დანიური წარმომავლობის გლიუკსბურგების დინასტიას, რომელიც საბერძნეთში XIX საუკუნეში გამეფდა. იგი იყო მეფე პავლე პირველის და დედოფალ ფრედერიკა ჰანოვერელის ვაჟი, ესპანეთის დედოფალ სოფიას (ყოფილი მეფის, ხუან კარლოსის მეუღლე) ძმა და დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მეფის, ჩარლზ III-ის ბიძაშვილი.

Reuters-ის ინფორმაციით, კონსტანტინეს დაკრძალვის ცერემონია ათენთან ახლოს, ყოფილ სამეფო რეზიდენციაში გაიმართება.

მანანა  ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close