შემზარავი დანაშაული საბერძნეთში: 29 წლის დედამ ახალი წლის ღამეს ჩვილი კაშხალში ჩააგდო და თვითონ სასტუმროში წავიდა
ახალი წლის ღამეს საბერძნეთის ჩრდილოეთით, ცენტრალურ მაკედონიაში, ვერიაში საზარელი დანაშაული მოხდა – 11 თვის გოგონა საკუთარმა დედამ კაშხალში ჩააგდო, როს შედეგადაც ჩვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ქალი ახალი წლის წინა ღამეს თავის 11 თვის გოგონასთან ერთად წავიდა სოფელ ალექსანდრიასიდან (იმათია), სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და მეორე დილით სახლში ბავშვის გარეშე დაბრუნდა.
verianet-ის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა ბავშვი წყალსატევში ჩააგდო და თვითონ ქალაქში წავიდა, სადაც ახალი წლის ღამე სასტუმროში გაატარა. მეორე დილით სახლში დაბრუნებული, მშობლების კითხვაზე, სად იყო ბავშვი, მკაფიო პასუხებს ვერ იძლეოდა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა, რომელმაც გამოძიება დაიწყო. მოკლე ხანში მათ ბავშვი ალაკმონასის კაშხალში აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა პატარა გოგონას გარდაცვალება დაადასტურეს.
ვერიის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს დედა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ადრე საკმაოდ ბევრჯერ (10-ჯერ) გადიოდა მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში. იმავე წყაროს ცნობით, მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ცოტა ხნის წინ წამლების სმა შეწყვიტა.
გამოცემა inveria-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ოფიციალურად არ ყოფილა დაქორწინებული და არც მუდმივი პარტნიორი ჰყავს.
ახალგაზრდა ქალმა დაპატიმრებისას პოლიციელებს უთხრა, რომ ბავშვი არავის უყვარდა, მის მშობლებსაც კი, რომლებიც მას ზრდიდნენ.
ბერძნული ტელეარხის, Open-ის ცნობით, ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ქალი კაშხლის ტერიტორიიდან წამოიყვანა, პოლიციას ჩვენება მისცა და თქვა, რომ იგი ცოტა შეწუხებული ჩანდა, თუმცა მთელი გზა არაფერი უთქვამს და ნორმალურად იქცეოდა, როგორც სხვა ადამიანები, ამიტომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასეთი საშინელი რამე ჩაიდინა.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაადასტურა ბავშვის გარდაცვალება წყალში დახრჩობის გამო.
29 წლის ქალის ადვოკატის, ანტონის ბიდერის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ბრალი ედება მშვიდად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ფაქტებს არ აღიარებს. იგი „გამუდმებით გვეკითხება პოლიციას და მე, ცოცხალია თუ არა მისი შვილი. ის ტრაგიკულ მდგომარეობაშია და შოკშია. როგორც ჩანს, ვერ გააცნობიერა ინციდენტის შედეგი“, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი აღიარებს, რომ კაშხალზე წაიყვანა შვილი, თუმცა უარყოფს, რომ მოკლა. „ბავშვი არ მომიკლავს, მითხრეს გარდაიცვალაო. არ ვიცი, რა მოხდა“, – უთხრა მან გამომძიებელს ოთხშაბათს დილით.
მოგვიანებით გავრცელდა ბავშვის მამის ჩვენებაც, რომელმაც განაცხადა, რომ ცდილობდა ბავშვთან კონტაქტის შენარჩუნებას და 2 დეკემბერს პედიატრთანაც კი ჰყავდა იგი. ბოლოს კი ახალი წლის წინა დღეს ნახა გოგონა, რომელიც სამზარეულოში თამაშობდა. მისი თქმით, ბავშვი 5 იანვარს ერთი წლის გახდებოდა.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალი ბავშვის მამას წაეჩხუბა, რომელსაც უნდოდა, რომ ბავშვზე მეურვეობა მიეღო და სასამართლოში აპირებდა სარჩელის შეტანას.
39 წლის მამაკაცი ამბობს, რომ რამდენჯერაც დააპირა ბავშვი შვილად ეღიარებინა, იმდენჯერ წინააღმდეგობას წააწყდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის დედასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდა, გოგონას აღზრდაში მონაწილეობდა და ხშირად ხედავდა მას. „მას ყოველთვის სუფთად ეცვა და კარგად მოვლილი იყო და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. რამე ნიშანი რომ დამენახა, სხვაგვარად მოვიქცეოდი“, – განაცხადა მან.
მიმდინარეობს გამოძიება. პატარა გოგონა უკვე დაკრძალეს – დაკრძალვას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, პაპა, ბებია და ბიძა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები